ზაალ უდუმაშვილი – „ხელისუფლება ანაკლიის პროექტის ჩაშლას მაქსიმალურად ცდილობს“

ზაალ უდუმაშვილი - „ხელისუფლება ანაკლიის პროექტის ჩაშლას მაქსიმალურად ცდილობს“განხორციელდება თუ არა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი? ეს კითხვა რეზონანსული კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა. მოგვიანებით ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია, ხოლო თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.

რა ხდება ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, რა ეჭვები ჩნდება და ვის ინტერესებშია პროექტის ჩაშლა? – ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი საუბრობს.

_ ანაკლიის პორტის თემაზე არაერთგვაროვანი განცხადებები გაკეთდა. თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ, ხომ არ აქვს ხელისუფლებას ფარული მიზანი, რომ რეალურად ანაკლიის პროექტი ჩაიშალოს?

_ თუ გავითვალისწინებთ მოვლენებს, რაც ზოგადად ხდება ანაკლიის პორტის გარშემო, რა თქმა უნდა, ყველანაირი ნიშანი არსებობს იმისა, რომ ხელისუფლების მიზანი არის ის, რომ ეს პროექტი არ განხორციელდეს. დაწყებული იმით, რა პროცესები განხორციელდა მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ.

სანამ არ გასაჯაროვდა ეს დოკუმენტი, იქამდე ხელისუფლება ჩუმად იყო. როგორც კი გასაჯაროვდა, მერე დაიწყო მის გაუქმებაზე ფიქრი და შედეგად რაღაცებზე მოუწიათ უკან დახევა. ეს არის მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო. იმიტომ, რომ ანაკლიის პორტი არ არის პიროვნებებზე აგებული თემა, რომელსაც ვიღაცის მიმართ რაღაც პიროვნული ინტერესი შეიძლება ჰქონდეს. ეს არის სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ასე, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც იქნება განხორციელებული ანაკლიის პორტის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ.

_ თქვენ გჯერათ იმის, რასაც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ არც მან და არც მთავრობის სხვა წევრებმა არ იცოდნენ, რომ ეს ხელშეკრულება გაფორმდა?

_ ეს ზღაპრები ერთმანეთს მოუყვნენ, მთავრობის სხდომაზე რომ დასხდებიან. ჯერ ერთი, ეკონომიკის მინისტრმა თუ არ იცოდა, ეს ერთი დანაშაულია. როგორ შეიძლება მინისტრი იყო და ასეთ მნიშვნელოვან თემაზე ინფორმირებული არ იყო და ეს არ იყოს შენთან შეთანხმებული. მეორე საკითხია ის, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი, უბრალოდ, მალავდნენ და ეშინოდათ, რომ ეს დოკუმენტი არ გასაჯაროებულიყო, სანამ მამუკა ხაზარაძემ არ ატეხა ერთი ამბავი სოციალურ ქსელში. ამის შემდეგ გახდა ეს დოკუმენტი საჯარო და ახლა მოუწიათ უკვე უკან დახევა.

_ პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით და ელოდებით თუ არა, რომ მორიგ ჯერზე ახალ-ახალ სქემებს წარმოადგენენ?

_ რა თქმა უნდა. ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ახლა, რომ ეს პროექტი რამენაირად ჩააგდოს და რამენაირად შეცვალოს. მაგრამ, იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაა ჩართული, ძალიან წონიანი ორგანიზაციები და ეს შეიძლება გახდეს ბერკეტი ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. თუმცა, ასევე მინდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში რასაც ვუყურებ ხელისუფლება იგნორს უკეთებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ამ შემთხვევაში თუ პროცესი აქეთ წავიდა, ქვეყანა აღმოჩნდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში და არა მხოლოდ ანაკლიის პორტი.

_ რას გულისხმობთ იგნორში?

_ მათ აქვთ კონკრეტული მოთხოვნები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. ანაკლიის პორტი არ არის მხოლოდ ეკონომიკური გათვლებით შექმნილი პროექტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წყალგამყოფი დასავლეთსა და რუსეთს შორის, ასე რომ, მას პოლიტიკური მნიშვნელობაც გააჩნია და არა მხოლოდ ეკონომიკური. ჩვენი დასავლელი პარტნიორები მკაცრად და აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროექტის განხორციელებაში.

_ ეკონომიკის მინისტრმა ანაკლიის პროექტის კონსორციუმის წევრებს მოსთხოვა, რომ პროექტის განხორციელებაზე იზრუნონ, შეასრულონ ვალდებულებები და ნუ ცდილობენ აქცენტის სხვა მიმართულებით გადატანას. ეს გზავნილი როგორ გაიგეთ?

_ ეს არის ანგარიშსწორება მამუკა ხაზარაძის მიმართ. ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობენ ამ ადამიანის განეიტრალებას. ეს არის ივანიშვილის პირადი ბოღმა ხაზარაძის მიმართ, სხვა არაფერი არ ფიგურირებს აქ. ცდილობს, რომ ბოლომდე გასრისოს ბიზნესმენი. თუმცა, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო გზა საჯაროობაა. რაც უფრო მეტი საჯაროობა ექნება ამ პროცესს, მით უკეთესი იქნება თავად ამ პროექტში მონაწილე მხარეებისთვის.

როგორც კი გადადიხარ კულუარულ ბრძოლაში ივანიშვილთან, მას ამ ბრძოლაში ბადალი არ ჰყავს, ამიტომ ივანიშვილთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტიანი გზა საჯაროობაა.

_ ხომ არ ეჭვობთ, რომ პროცესებმა კულუარებში გადაინაცვლა ან ამის რისკს, რომ არ ხედავთ, რომ გადაინაცვლებს?

_ ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ხანი იყო პაუზა, მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ კულუარებში გაგრძელდა პროცესი, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ წამგებიანი იქნება მამუკა ხაზარაძისთვის, იმიტომ, რომ კულუარებში ივანიშვილი გაცილებით ძლიერია.

_ ეს არის მხოლოდ თქვენი ეჭვი თუ გარკვეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებთ ამ განცხადებას?

_ არა. ამ შემთხვევაში ეს არის ჩემი ვარაუდი, იმ პროცესებიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებთ.

_ პარალელი გაავლეთ ზუგდიდში ჩატარებულ არჩევნებთან. გარდა იმისა, რომ იმ არჩევნებში იყო სანდრა რულოვსის ფაქტორი, ეს კავშირში ანაკლიის პორტთანაც ხომ არ იყო?

_ რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტთანაც კავშირშია. იმიტომ, რომ სანდრა რულოვსის მთავარი დაპირება სწორედ ანაკლიის პორტის დროულად განხორციელება და ლაზიკის პროექტის განხორციელება იყო, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო ჩაფიქრებული.

ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია არამხოლოდ ზუგდიდისა და სამეგრელოსთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. შესაბამისად, როდესაც არჩეული მერი ამ პროექტზე დაიწყებს მუშაობას, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნებოდა ივანიშვილისთვის. რა თქმა უნდა, ესეც იქნებოდა. შესაბამისად, ჩვენ ვნახეთ, რა მეთოდებით იბრძოლეს სანდრა რულოვსის წინააღმდეგ და როგორ იყო ჩართული მთელი სახელმწიფო მანქანა ჩვენი კანდიდატის წინააღმდეგ.

ასე რომ, ამ არჩევნებთან დაკავშირებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ ანაკლიის პროექტს უკავშირდებოდა.

_ პრემიერმა თქვა, წლების განმავლობაში გატარებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ პრობლემებით სავსე სტრუქტურა დაგვიტოვაო. ეკონომიკური კოლაფსის ამით ახსნა როგორ უნდა გავიგოთ, როცა 7 წელია, „ოცნება“ ხელისუფლებაშია?

_ ეს არის სრული აბსურდი. მართლა რამდენი წელი უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, რომ პრობლემები საკუთარ თავში ეძებონ და ყველაფერი არ დააბრალონ იმ 9 წელიწადს. როგორ შეიძლება 9 წლით ახსნა შენი უუნარობა და ის, რომ საერთოდ არ გაგაჩნია ეკონომიკური ხედვა. ლარის კურსი თითქმის გაორმაგებული რომ არის, ესეც წინა ხელისუფლების ბრალია?! თუ ეკონომიკური ზრდა საერთოდ რომ აღარ აქვს ქვეყანას და სოციალურ-ეკონომიკური სრული კოლაფსი რომ არის ქვეყანაში, ესეც წინა ხელისუფლების ბრალია?!

დააკვირდით, როგორც კი ამ ხელისუფლებას რაიმე პრობლემა ექმნება, იმას კი არ ამბობს, როგორ გამოასწოროს ეს ყველაფერი, რადგან ხედვა საერთოდ არ აქვს, არამედ ყველაფერს აბრალებს წინა ხელისუფლებას.

უკვე სასაცილოა ეს ყველაფერი, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვეღარ ვაკეთებ, იმიტომ, რომ მერვე წელი იწყება, რაც ხელისუფლებაში არიან და ჯერჯერობით ამ პერიოდში ვერ ვნახე თუნდაც ერთი ისეთი განხორციელებული პროექტი, რომლითაც ეს ხელისუფლება იამაყებს. ფიზიკურად არ გააჩნიათ ასეთი პროექტი, გარდა იმისა, რომ მუდმივად წარსულზე ლაპარაკი გვესმის.

ეს არის ამ ხელისუფლების მთავარი მინუსი, ეს არის წარსულზე ორიენტირებული ხელისუფლება და ის უნდა შეიცვალოს. უნდა მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც ხვალინდელ დღეზე იქნება ორიენტირებული და არა _ გუშინდელზე.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა