16 წლის გიორგი ბეშკენაძის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ შიშუ პალ ბურდაკს პატიმრობა შეეფარდა

16 წლის გიორგი ბეშკენაძის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ შიშუ პალ ბურდაკს პატიმრობა შეეფარდადოლაბაურის ქუჩაზე 16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ სამშენებლო კომპანია “ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორ შიშუ პალ ბურდაკს აღკვეთის ღონისშიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის 30 ათას ლარიანი გირაოს გამოყენების თაობაზე. ბურდაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა.

თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს და აცხადებს, რომ

მისთვის უცნობია, როგორ მოხვდნენ მუშები ობიექტზე, როცა მას არავითარი შეთანხმება არ ჰქონია სამუშაოების წარმოებაზე.

“მე არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია. არ ვიცი, როგორ შევიდნენ ისინი ობიექტზე. მე არავითარი ნებართვა არ მიმიცია დემონტაჟის”, – განაცხადა ბრალდებულმა.

მისი ადვოკატის ბაჩუკი ქირიას განცხადებით, ლიფტის დემონტაჟისას უსაფრთხოების წესების დარღვევა დამქირავებელი კომპანიის ბრალი არ არის. ამასთან, როგორც ქირია ამბობს, დემონტაჟს უკანონოდ აწარმოებდა ერთ-ერთი კომპანია, რომელთანაც შესაბამისი სამუშაოების საწარმოებლად ბურდაკი მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

“მას მიაჩნია, რომ ადგილი აქვს დისკრიმინაციას, დაკავებულია მხოლოდ მისი წარმომავლობის და ინვესტირების გათვალისწინებით. მართალია, უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავებიან, თუმცა უსაფრთხოების წესების დარღვევაში დამკვეთ კომპანიას არ მიუძღვის ბრალი. დემონტაჟის სამუშაოებს ნებართვის გარეშე აწარმოებდა კომპანია. ეს კომპანია ცნობილია გამოძიებისთვის, გამოკითხულია მისი წარმომადგენლები, თუმცა დაკავებული არ არიან”, – განაცხადა ქირიამ.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, შიშუ პალ ბურდაკი აწარმოებდა ამ კომპანიასთან მოლაპარაკებებს, რათა მათ დემონტაჟი განეხორციელებინათ, თუმცა იმ დღეს, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა, კომპანიის წარმომადგენლები ობიექტზე მოტყუებით შევიდნენ.

ქირიას თქმით, მათ დარაჯს უთხრეს, რომ ბურდაკთან სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდათ სამუშაოების წარმოებაზე.

ამასთან, ადვოკატის მტკიცებით ბრალდებული არ მიმალვია გამოძიებას, ის ნებაყოფლობით გამოცხადდა გამოძიებაში, მისცა ჩვენება, რის შემდეგაც ის დააკავეს. რაც შეეხება გარდაცვლილის ოჯახის პოზიციას, ადვოკატის თქმით, ის დაცვის პოზიციას ემთხვევა.

“გარდაცვლილის ოჯახთან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ მათ. არაერთხელ იყვნენ მათთან ჩვენი წარმომადგენლები, ჩვენთვის როგორც ცნობილია, ოჯახის პოზიცია სრულად ემთხვევა ჩვენს პოზიციას. უფრო მეტიც, დედამ ნოტარიული ხელწერილით განაცხადა, რომ ის თანახმაა და მას მიაჩნია, რომ შიშუ პალ ბურდაკის მიმართ არ უნდა იყოს გამოყენებული არანაირი აღკვეთის ღონისძიება”, – განაცხადა ბაჩუკი ქირიამ.

იპნ