აშშ-ში მოქალაქეობის მისაღები ტესტი ჩასწორდება

აშშ-ში მოქალაქეობის მისაღები ტესტი ჩასწორდებაამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური მოქალაქეობის მიღების ტესტს ჩაასწორებს. ამის შესახებ განცხადება იმიგრაციის სამსახურის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. ცვლილებები აშშ-ს ხელისუფლებას მოქალაქეობის მსურველის ცოდნის უკეთ შეფასების საშუალებას მისცემს.

იმიგრაციის შესახებ კანონის 312 მუხლის თანახმად, მოქალაქეობის მაძიებლებს ევალებათ „ინგლისურად წერა-კითხვის ცოდნა“, „აშშ-ს ისტორიის, პრინციპებისა და სახელმწიფო წყობის საფუძვლების ცოდნა“.

ცვლილებები ძირითადად ტესტის სალაპარაკო ნაწილს შეეხება და შედეგად მოქალაქეობის მაძიებლის მიერ საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების ცოდნას აშშ-ს შესაბამისი სამსახურები უკეთ შეაფასებენ.

ამ ტესტის საპილოტე ვერსიას მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოცდიან, 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში კი ოფიციალურად დაამკვიდრებენ პრაქტიკაში.

2018 წლის განმავლობაში აშშ-მა დაახლოებით 757.000 ადამიანს მიანიჭა მოქალაქეობა. მოქალაქეობის მიღების ტესტის გადახედვა კი მნიშვნელოვანი ნაწილია ლეგალური იმიგრანტების მოსამზადებლად, რათა მათ კარგად იცოდნენ თავიანთი უფლებები და პასუხისმგებლობები აშშ-ში.

იპნ