ბაჩუკი ქარდავა – “ივანიშვილმა დასავლეთს საბოლოოდ შეაქცია ზურგი”

ბაჩუკი ქარდავა - "ივანიშვილმა დასავლეთს საბოლოოდ შეაქცია ზურგი"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ბაჩუკი ქარდავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ბაჩუკი, ხაზარაძე-ჯაფარიძის საკითხს ხელისუფლება სამართლებრივ სივრცეს უკავშირებს, ოპოზიცია – პოლიტიკას. რამდენად აწყობს ხელისუფლებას, რომ ასე ღიად დაუკავშირდეს ეს საკითხი ან პოლიტიკას ან ანაკლიის პროექტს?
– ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ შეაქცია ზურგი დასავლეთს. ეს უკვე ძალიან ღიად და აშკარად ჩანს. ჩვენ პირდაპირ ვხედავთ, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდებით ანაკლიის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერსეებისთვის, არათუ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, საერთოდ პროექტი იძირება, იშლება.
ასევე აშკარად და ღიად ვიცით, რომ ანაკლიის პროექტი არ აწყობს რუსეთს. ეს ხომ არ არის დაფარული და დამალული ინფორმაცია?! ამის შესახებ რუსეთის მაღალჩინოსნებმა პირდაპირ გვითხრეს.
ანაკლიის პროექტი დიდი თავის ტკივილია პირადად პუტინისთვის. ამიტომ, ის, რასაც ვხედავთ, საერთოდ არ უნდა იწვევდეს ეჭვებს და დამატებით კითხვებს. რუსეთმა არაერთგზის ამის შესახებ ღიად გვითხრა. ჩვენ კი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ვერ ვიცავთ. ეს ყველაფერი გაშლილ ხელისგულზე დევს და აქ ზედმეტი ექსპერტული ცოდნა არ არის საჭირო.
– ხელისუფლების მხრიდან ითქვა, რომ მამუკა ხაზარაძის გარეშეც განხორციელდება ანაკლიის პროექტი. არ გჯერათ?
– და როგორ? როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მერე რაიმის გჯეროდეს?! არავითარ შემთხვევაში, ანაკლიის პროექტი განწირულია. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს არც ის არ მოუვიდა თვალში, რომ მამუკა ხაზარძეს და ბადრი ჯაფარიძეს ლონდონში აქციონერებმა ხელახლა გამოუცხადეს ნდობა და კვლავ დაბრუნდნენ თიბისიში. არც ის არ მოუვიდა თვალში, რომ ანაკლიის პროექტისთვის ინვესტიციების მოზიდვა დაიწყო და პროცესში ფრანგული კომპანია ჩაერთო.
მე არ გამოვრიცხავ, რომ ხაზარაძისადმი ნდობის აღდგენამ აქციონერებში, ახალი კომპანიების გამოჩენამ და ახალი ინვესტიციების მოზიდვამ ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად ხაზარაძე-ჯაფარიძის დევნის ოპერაცია დააჩქარა და პროკურატურამ დაიწყო ის, რაც დაიწყო.
ახლა კი გამოდიან ერთმანეთის მიყოლებით მთავრობის წევრები თუ “ქართული ოცნების” დეპუტატები და გვეუბნებიან, ანაკლიის პროექტს არაფერი ემუქრებაო, მაგრამ განცხადება ერთია და საქმე – მეორე. დიახ, სამწუხაროდ, ანაკლიის პროექტი განწირულია, სწორედ ანაკლიას დაარტყა ივანიშვილმა სრულიად გასაგები მიზეზებით.
– ამერიკის შეერთებულ შტატებში პრემიერ ბახტაძეს სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ღიად უთხრა ანაკლიის პროექტის მნიშვნელობაზე და ინტერესებზე. ამერიკის საწინააღმდეგო ნაბიჯზე წავა ხელისუფლება?
– ახლა ივანიშვილი უკვე აღარც მანევრირებს დასავლეთსა და რუსეთს შორის. ის ადრე რაღაც ბალანსს იცავდა, დღეს კი ბიძინა ივანიშვილმა თავისი ინტერესები ღიად დააფიქსირა და რუსეთისკენ აშკარად გადაიხარა.
საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებში შედის ანაკლიის პროექტის განხორციელება, ეს გვითხრა ჩვენმა ყველაზე მნიშვნელოვანმა პარტნიორმა და მეგობარმა სახელმწიფომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. მიუხედავად ამ განცხადებისა, რა ხდება?! ეს ხომ უკვე სრულიად ღია გზავნილებია.
– შეერთებული შტატებისადმი?
– რასაკვირველია.
– თქვენ ამ მოვლენებს ხაზარაძის პოლიტიკურ გააქტიურებას არ უკავშირებთ და უფრო აქცენტს ანაკლიის პროექტისკენ აკეთებთ?
– რა თქმა უნდა, გარკვეული დოზით ხაზარაძის პოლიტიკურ გააქტიურებასაც უკავშირდება, თუმცა, მე მაინც წამყვანი ამ პროცესში ანაკლიის პროექტის ჩაშლა მგონია.
– ბევრი მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა ხაზარაძეში პოლიტიკური კონკურენტი დაინახა.
– რა თქმა უნდა, ხაზარაძის, ახალი პოლიტიკური მოთამაშის, გამოჩენა შიდა პოლიტიკურ ლანდშაფტს ცვლის, ამაში ორი აზრი არ არის. არც იმაში, რომ “ქართულმა ოცნებამ” და პირადად ბიძინა ივანიშვილმა კონკურენტი დაინახე და პოლიტიკური ველის მოსუფთავება დაიწყეს.
ერთი სიტყვით, ბევრი მიზეზი აქვს ივანიშვილს, რომ ასეთი არაადეკვატური ნაბიჯები გადადგას.
– მივალთ 2020 წლის არჩევნებამდე? თუ შეიძლება ვადამდელი არჩევნებიც დაინიშნოს?
– სანამ ვადამდელ არჩევნებზე დასვამდით კითხვას, სწორედ ის უნდა მეთქვა, რომ ამ რეჟიმში მიიტანს კი თავს ეს ხელისუფლება 2020 წლის არჩევნებამდე?! ვადამდელ არჩევნებს ნამდვილად არ გამოვრიცხავ.
– ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ვადამდელი არჩევნები ხელისუფლებას უფრო აწყობს.
– შეუძლებელია, რა პირობებშიც დღეს “ქართული ოცნებაა”, ვადამდელი არჩევნები აწყობდეს.
დღეს ყველაზე მეტად ვადამდელი არჩევნები და არჩევნების გზით ამ ხელისუფლების შეცვლა შედის ეროვნულ ინტერესებში. ჩვენ, ოპოზიცია, შემოდგომამდე მწყობრი გზით უნდა მივიდეთ და სწორედ არჩევნებით უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება.
– ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავთ?
– ნამდვილად არ გამოვრიცხავ, მაგრამ ოპოზიციაში შეიძლება ერთიანი პოზიცია არ იყოს ვადამდელ არჩევნებზე. შეიძლება კონსენსუსი არ იყოს მიღწეული, რადგან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და სხვა ფაქტორებიც არის გასათვალისწინებელი. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ დღეს ყველაზე მეტად ვადამდელი არჩევნები შედის სახელმწიფოს ინტერესებში, რომ ეს ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად შევცვალოთ.