ბათუმში ქეთა თოფურიასა და A-Studio-ს კონცერტი გაუქმდა

ბათუმში ქეთა თოფურიასა და ჯგუფ A-Studio-ს კონცერტი აღარ ჩატარდება. როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლუბ UP2U-ს მფლობელმა ირაკლი ფირანიშვილმა განუცხადა, 27 ივლისს ჩანიშნული კონცერტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ვითარებას უკავშირდება.

მისივე ინფორმაციით, რუსული ჯგუფის კონცერტზე დასასწრებად 1.000-ზე მეტი ბილეთი იყო გაყიდული.

„ორშაბათს დავდებთ ალტერნატიულ ვარიანტს. Bob Sinclar-ს ან Moloko-ს, ზუსტად არ ვიცით, ჯერ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იმ ხალხს, ვისაც A-Studio-ს  კონცერტზე დასასწრებად ბილეთები  ჰქონდათ შეძენილი, შეეძლებათ იმ ბილეთით აღნიშნულ საღამოზე დასწრება. იმ შემთხვევაში თუ სხვა კონცერტით ჩანაცვლების სურვილი არ აქვთ, მიმართონ tkt.ge-ს და ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ“, – აცხადებს კლუბის მფლობელი.

ჯგუფი A-Studio და მისი სოლისტი ქეთა თოფურია წლებია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ კონცერტებში მონაწილეობენ. 2018 წელს მომღერალი წინასაარჩევნოდ გავრცელებულ მხარდამჭერ კლიპშიც მონაწილეობდა.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი