ბეჟან ლორთქიფანიძისადმი სოლიდარობის გამო სამეცნიერო კვლევითი ცენტრი “ნაკრესი” საქმიანობას წყვეტს

ბეჟან ლორთქიფანიძისადმი სოლიდარობის გამო სამეცნიერო კვლევითი ცენტრი "ნაკრესი" საქმიანობას წყვეტსსოლიდარობა ივანიშვილის მიერ დაპატიმრებულ ბეჟან ლორთქიფანიძეს, – ამ მოტივით სამეცნიერო კვლევითი ცენტრი “ნაკრესი” საქმიანობას წყვეტს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ ფორმით პროტესტს უცხადებს.

ბეჟან ლორთქიფანძეს, რომელიც ცენტრის თანამშრომელი და National Geographic-ის მკვლევარია, საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა გუშინ შეუფარდა. ლორთქიფანიძის მხარდამჭერები თვლიან, რომ პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა და სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო.

პირდაპირ ვეტყვი ჩვენს დონორებს, რომ ახლა არ გვაქვს იმის დრო, რომ ბეჟანის შემცვლელი ვიპოვოთ, ვერც ვიპოვით. პროექტი შეწყდება. ამის ფონზე ამ ორგანიზაციებს მოვთხოვთ ხმა აიმაღლონ. ჩვენ არაფერს მეტს არ გავაკეთებთ, რომ ბეჟანი დავიხსნათ ციხიდან. ეს ქვეყანა ძალიან სერიოზულად არის გადასაკეთებელი და ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ეს ქვეყანა გადავაკეთოთ.

ჩვენ გვქონდა ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ჩვენს საქმეს ვერ ვაკეთებთ, გავაკეთებთ, იმ საქმეს რაც უფრო საჭიროა ქვეყნისთვის. უფრო საჭიროა ქვეყნისთვის, რომ ბეჟანი გამოვიდეს ციხიდან,“ – აცხადებს სახეობათა კონდერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ ”ნაკრესის” გამგეობის თავმჯდომარე, ირაკლი შავგულიძე.

ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივის” კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ირაკლი მაჭარაშვილი საჯარო სამსახურებში დასაქმებულ მათ კოლეგებს მოუწოდებენ, გააპროტესტონ ის უსამართლობა, რაც ქვეყანაში ხდება. მისი თქმით, ბეჟან ლორთქიფანიძის მეგობარი საჯარო მოხელეები, “ფეისბუქზეც” კი ვერ ბედავენ მეგობრის დაცვას.

„საჯარო მოხელეები, რომლებიც მეგობრულად იყვნენ ბეჟან ლორთქიფანიძესთან ფეისბუქზეც კი ვერ ბედავენ, რომ უკმაყოფილება გამოხატონ. პირველ რიგში მათ უნდა მოითხოვონ ბეჟან ლორთქიფანიძის გათავისუფლება და გახარიას პასუხისმგებლობის დასმა და როგორც მინიმუმ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. რადგან ეს აქლემი ერთხელ იქნება მათ კარზეც ჩაიჩოქებს და დასჭირდება ჩვენი დახმარება. ჩემმა კოლეგამ ისიც კი თქვა, ვისთვის უნდა დავიცვათ ბუნებაო, ამათთვისო?“-ამბობს ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივის” კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ირაკლი მაჭარაშვილი.

ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციები და ის პირები, ვინც თვლიან, რომ ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო, ბეჟან ლორთქიფანიძისა და ყველა უსამართლოდ დაკავებული პირის სოლიდარობის ნიშნად ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობას აანონსებენ.

„ხვალ დიდ ოდენობის არასამთავრობო ორგანიზაცია, რიგითი მხარდამჭერები ვიკრიბებით და შევიმუშავებთ გარკვეულ სტრატეგიასა და ტაქტიკას ბეჟან ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად. ოღონდ ბეჟან ლორთქიფანიძე გვინდა იყოს სიმბოლო ყველა იმ სინდისის პატიმრისა, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში გაჩნდა და პრინციპში ისინი პოლიტპატიმრები არიან. ბეჟანს როცა ვახსენებთ, ვლაპარაკობთ ყველა იმ ადამიანზე, რომელიც, არ მეშინია ამ სიტყვის, რეპრესირებულია,“ – ამბობს ბეჟან ლორთქიფანიძის მეგობარი ლევან ბუთხუზი.

ნიუპოსტი