დავით ბერძენიშვილი – “ივანიშვილი კრემლს არ მოუყვანია, მაგრამ მას და გახარიას წკიპურტით გავაგდებთ”

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ბერძენიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, როგორ აფასებთ შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლას, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
– ძალიან გაბრაზებული რიგითი ქართველი ვარ. ჩვენ მოვისმინეთ დანაშაულებრივი ტყუილების კორიანტელი. ტყუილების კასკადი, რომელიც არის უპატიებელი. რომ უბერავს, აშკარაა, მაგრამ არც იმდენად, რომ სასამართლოს მკაცრ განაჩენს ფსიქიატრმა გადაარჩინოს.
მოვისმინეთ, რომ მან გასცა ბრძანება და ამით პასუხისმგებლობა ოფიციალურად აიღო. ვფიქრობ, ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი. ასევე, ვერ დაასაბუთა პოლიტიკოსების, ნიკა მელიასა და სხვების ეპიზოდში სიმართლე. წარმოდგენილ უწყვეტ ვიდეომასალაზე თქვა, მონტაჟიაო.
ეს იცით, როგორი სიბრიყვეა? როგორ არის მონტაჟი, როდესაც იგივე ვიდეო-მასალა პროკურატურას აქვს წარდგენილი სასამართლოში და მასზე შინაგან საქმეთა მინისტრმა მონტაჟიაო, თქვას. ეს არის გასაჭირის ბრალი და ინტელექტუალური გასაჭირის დადასტურებაც. ფაქტი ერთია, რომ ეს ადამიანები მოსალაპარაკებლად მიდიოდნენ ბახტაძესთან და გახარიასთან, მათ დაიბარეს და რატომ არ გაიმართა მოლაპარაკება, ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა.
ისე უსირცხვილოდ საუბრობდა, კი დავთხარეთ თვალი, მაგრამ მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ გაიღოო. მე კარგად ვიცნობ კობა ლეთოდიანის ოჯახს. რესპუბლიკელები არიან. კობა ლეთოდიანმა ერთი თვალი აფხაზეთის ომში, რუსეთთან ბრძოლაში დაკარგა და მეორე თვალი ახლა.
აქ ტყვიები ვერ ამოუღეს და ისრაელში ებრაელი ექიმები იბრძვიან, რომ როგორმე თვალის ბადურა გადაურჩინონ. დაინახავს თუ ვერ დაინახავს, არავინ იცის, წინ ოპერაციების კასკადია და ამაზე კაცმა ცინიკურად უპასუხა – ხომ ვაფინანსებთ მკურნალობასო. ამან გალაქტიონის სიტყვები გამახსენა: “წინათ სიკვდილის დასჯის წინააღმდეგი ვიყავი”. ბუნებრივია, სიკვდილის დასჯას კი არ ვითხოვ, მაგრამ კანონის სიმკაცრეს გახარია ვერ გაექცევა!
– თქვენ აღნიშნეთ, რომ მან აიღო თავის თავზე ბრძანების გაცემა. აიღო თუ ააღებინეს?
– მართლა მან გასცა თუ არა ბრძანება, დღემდე არ ვიცით. იქნებ ბიძინა ივანიშვილმა იფიქრა, ახლა გახარიამ და ბახტაძემ მე არ მომიწყონ აქეთ გადატრიალება ოპოზიციასთან მოლაპარაკებითო და ანზორ ჩუბინიძეს უბრძანა, შენ გაეცი ბრძანებაო!
ამ ვერსიის საკმაოდ მაღალი ალბათობა გაჩნდა. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გახარიამ ხმა ვერ ამოიღო და პასუხისმგებლობა არ აიღო. თუმცა, ახლა თქვა, რომ მან გასცა ბრძანება.
– რა მოხდა, როგორ ფიქრობთ?
– როგორც ჩანს, ჩათვალა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ გასცა ბრძანება, თუ მე გავეცი მაინც დამნაშავე ვარ, თუ არ გავეცი, მაგრამ დავმალე და მოვიტყუე, მაინც დამნაშავე ვარ.
ეს არის უხეში, უტვინო, გაუმართლებელი გადაწყობა საზოგადოების წინააღმდეგ ივანიშვილის და გახარიას მხრიდან, რაც არის უპატიებელი. პასუხი ძალიან მძიმე იქნება, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი. მათ მოუწევთ საზოგადოებრივ სამსჯავროზე წარდგომა და, როგორც ჩანს, არა მხოლოდ საზოგადოებრივ სამსჯავროზე.
– როგორი ფინალი შეიძლება ჰქონდეს ამ კრიზისს? ალბათ მნიშვნელოვანია თუ როგორ მივალთ 2020 წლის არჩევნებამდე.
– რაც უფრო დიდხანს ეყოლებათ გახარია გრუშად, მაშინ მით უფრო ბევრი მოხვდება პოლიტიკურად მათ გრუშას, შესაბამისად, ივანიშვილს და მის ხელისუფლებას. ხელისუფლებას დიდი არჩევანი არ აქვს: გახარიას გაუშვებს, მაინც მოხვდება, დატოვებს, მაინც მოხვდება.
– “ქართული ოცნება” როგორ შეიძლება იყოს წარმოდგენილი 2020 წლის არჩევნებზე?
– მრავალპარტიულ არჩევნებში “ქართული ოცნება” პოლიტიკურად განადგურდება. თუ ისინი გაჯიქდებიან და არჩევნებამდე ქვეყანას არ მიიყვანენ, მაშინ ისინი მოისპობიან. სხვა არჩევანი არ აქვთ. ან შევარდნაძის “მოქალაქეთა კავშირივით” აორთქლდებიან ან “ასლან აბაშიძის “აღორძინებასავით”.
ბიძინა ივანიშვილის ხვედრი რომლისას დაემსგავსება, აბაშიძისას თუ შევარდნაძისას, ვნახოთ, უარესებიც არსებობს უახლეს ისტორიაში, ჩვენს სამეზობლოში. ივანიშვილი უკვე უკადრებელს და უპატიებელს კადრულობს.
საქართველოში სულ იყო შეთქმულების თეორია, რომ ყველა ხელისუფლება, რომელიც გვყავდა, კრემლის მიერ იყო დასმული: მაგალითად, ზვიად გამსახურდია, რომლის ოპონენტიც ვიყავი და არ მიყვარდა, მისი სხვა მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ კრემლის აგენტი იყო, რისი მე არასდროს მჯეროდა. ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ ის კრემლმა დაგვისვა. მე ვიცოდი, რომ ის ქართველმა ხალხმა მოიყვანა.
ასევე, იყო თეორია, რომ 1992 წელს შევარდნაძე რუსეთის მიერ იყო ჩამოყვანილი და კრემლმა დაგვისვა. ესეც ტყუილი იყო. ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის შესახებ ხმები, მაგრამ სააკაშვილი კრემლს არ მოუყვანია სათავეში.
– ამით რისი თქმა გინდათ?
– რომ არც ივანიშვილი მოუყვანია კრემლს, მაგრამ ბევრი ხელისუფალი, როდესაც გაუჭირდებოდა, კრემლს მიმართავდა. შევარდნაძის პროდასავლური პოლიტიკა, როდესაც გაუჭირდებოდა, ჩრდილოდასავლური ხდებოდა. ახლაც ასე ემართება ივანიშვილს. როგორც ჩანს, მას უკვე საქართველო ნატოში არ ეგულება. როდესაც გამოეცალა საყრდენი, ანდიდემოკრატიული მმართველობა მომძლავრდა.
პუტინმა გაბედა და თქვა, რომ რუსეთი კი არ არის ოკუპანტი და გენოციდის მომწყობი, პირიქით საქართველოა. ამის შემდეგ ქალიან-კაციანა დაეწყო ხელისუფლება და მადლობა უხადა, რომ გვიწყალობე და სანქციები არ შემოიღეო. აქამდე მიიყვანა ივანიშვილმა მისი ხელისუფლება.
ამჟამად ის არის რუსეთის ხელისუფლების მძევალი, ის მთლიანად მოწყდა ქართველი საზოგადოების ნდობას. ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ არჩევნებზე ივანიშვილი თავის გახარიასთან ერთად წკიპურტით გავაგდოთ.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი