დავით ჭიჭინაძე – “ოცნებას” აღარც ვადამდელი არჩევნები უშველის”

დავით ჭიჭინაძე - "ოცნებას" აღარც ვადამდელი არჩევნები უშველის"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას, ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას რას უკავშირებთ? ამ ყველაფერს რამდენად განიხილავთ ერთიან კონტექსტში?
– ძალიან მძიმე და რთული პროცესის მოწმენი ვართ. სიმართლე გითხრათ, არც იმის თქმა არ მინდა, რომ ერთ მხარეს არის სინათლე და მეორე მხარეს წყვდიადი. ფაქტია, ადამიანებს დაპატიმრებით ემუქრებიან. ასევე ფაქტია, რომ ვიღაცეები დააკავეს. ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რომელიც გარკვეული დანაშაულის ელემენტებს შეიცავს.
ასევე, ძალიან რთული მოსასმენია ის, რასაც ვისმენთ. თურმე, სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ამ ქვეყნის სამსახურში უნდა იყვნენ, რაღაც წილების გადაფორმება-გადმოფორმებით ყოფილან დაკავებული.
ბოლოს და ბოლოს რა გამოდის, რომ მთელი ეს ჩვენი უახლესი ისტორია, ეს 30 წელი სახელმწიფოს ხარჯზე ჩინოვნიკების გამდიდრების ისტორიაა?! ეს არის სრული კატასტროფა. ამას ვამბობ ყველა ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებაზე. გაქცეულზე, დაპატიმრებულზე თუ მოქმედ ჩინოვნიკზე, რომელიც სავარძელშია და რომელსაც საერთოდ არ ადარდებს ამ ქვეყნის მოქალაქეების ბედი.
სახელმწიფოს ხაეჯზე გამდიდრებული ჩინოვნიკების ისტორიაა ჩვენი უახლესი ისტორია. ეს თუ არ შეიცვალა, ეს მიდგომა თუ არ შეიცვალა, ასე შორს ვერ წავალთ. ამ ყველაფრის შემხედვარეს ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ ეს სიბინძურე ასე მარტივად შეიცვალოს.
– თქვენ ამბობთ, რომ პოლიტიკური კლასია შესაცვლელი?
– ერთმნიშვნელოვნად! დიახ, პოლიტიკური კლასი თუ არ შეიცვალა თუ არ მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც ამ ქვეყნის მომავალი ადარდებთ და რომლებიც ამ პასუხისმგებლობის ასაღებად იქნებიან მზად, არაფერი არ გამოვა.
ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური კლასი, რომელსაც არ შესწევს ვითარების შემობრუნების ძალა. ხალხი დაიღალა უკვე იმ ჩინოვნიკებით, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებთ, საკუთარი მომავალი და საკუთარი კეთილდღეობა.
– ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური ველის მოსუფთავება დაიწყო. ეთანხმებით?
– პოლიტიკური ველი ისედაც მოსუფთავებულია. მეტნაკლებად რაციონალური, ოდნავ ძლიერი, ახალი პოლიტიკური ძალა თუ გამოჩნდა, ხელისუფლებას ეს არჩევნები წაგებული აქვს. “ქართულმა ოცნებამ” საკუთარ თავს ხარაკირი გაუკეთა. სხვა შეფასება უბრალოდ შეუძლებელია.
– როგორ შეიძლება 2020 წლის არჩევნებამდე მივიდეს ქვეყანა?
– ეს იქნება დამოკიდებული ძალიან ბევრ ფაქტორზე. მათ შორის ეს იქნება დამოკიდებული გარე და შიდა ფაქტორებზე.
– რას გულისხმობთ გარე ფაქტორებში?
– ძალიან ბევრ რამეს. ეკონომიკურ ფაქტორებსაც არ გამოვრიცხავ. ერთი სიტყვით, ძალიან დიდი გამოწვევბის წინაშე დგას მხოლოდ ხელისუფლება არა, მაშინ ბევრად უფრო ნაკლები პრობლემა იქნებოდა, სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო.
– ბატონო დავით, თქვენ მუდამ ვადამდელი არჩევნების საჭიროებაზე საუბრობდით. შეიძლება ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს?
– ამ ვითარებაში არაფერს გამოვრიცხავ. თუმცა, მე როდესაც ვადამდელ არჩევნებზე ვსაუბრობდი, მაშინ “ქართულ ოცნებას” მართლაც რომ დაენიშნა ვადამდელი არჩევნები, თვითონაც მოგებული იქნებოდა და ქვეყანაც. ამდენი შეცდომაც არ ექნებოდათ დაშვებული.
ახლა შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ქვეყანას ეს ყველაფერი ასცდებოდა, მაგრამ მე ვინ მისმენდა. თქვენ გახსოვთ, მაშინ როგორ განვითარდა მოვლენები, გახსენებაც კი არ მინდა. მე ვხედავდი შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, მას რეალურად ვაფასებდი. ეჭვგარეშე იყო, რომ ეს კრიზისები გარდაუვალი იყო, კრიზისების პრევენცია კი არჩევნებია. ამიტომ ვამბობდი, რომ ვადამდელი არჩევნები იყო ერთადერთი გამოსავალი და სხვა არაფერი.
– უკვე გვიანაა?
– ახლა გნებავთ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს “ქართულმა ოცნებამ” და გნებავთ არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარდეს, როგორც ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული. ხელისუფლებას მაინც არაფერი ეშველება.