დიდი სკანდალი – გახარია ექსპერტიზის ბიუროს უფროსზე ზეწოლას ახორციელებს 

დიდი სკანდალი - გახარია ექსპერტიზის ბიუროს უფროსზე ზეწოლას ახორციელებს ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წარდგენილ დოკუმენტზე ექსპერტიზა ამ დრომდე მიმდინარეობს. ექსპერტების წინაშე დასმულია ერთი კითხვა: არის თუ არა, ნამდვილი დოკუმენტზე არსებული ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა?

დოკუმენტის შინაარსის მიხედვით, მხარეები: ირაკლი ოქრუაშვილი და ქიბარ ხალვაში ადასტურებენ რომ რუსთავი 2-ის რეალური მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილია, ხოლო ქიბარ ხალვაში მისი ნომინალური წარმომადგენელი.

ოქრუაშვილმა, ეს დოკუმენტი ევროსასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგ გაასაჯაროვა და განაცხადა რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 არა ხალვაშსს, არამედ, მას ეკუთვნის.

რამდენიმე დღის წინ, ხალვაში ექსპერტიზის ბიუროში საკუთარი პასტით მივიდა და ხელმოწერის ნიმუში დატოვა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ხმაური და სკანდალი ივანიშვილის კარზე…

რა მოახსენეს ივანიშვილს? 

ხალვაშის ბიუროში მისვლიდან რამდენიმე საათში, ივანიშვილს მოახსენეს რომ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა ნამდვილია.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ხალვაში თავისივე ხელმოწერით ადასტურებს რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 ირაკლი ოქრუაშვილის საკუთრებაა.

ოქრუაშვილმა სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით მიმართა სასამართლოს და საკუთარი უფლებების აღდგენა და ტელეკომპანიის წილების დაყადაღება მოითხოვა.

მას შემდეგ კი, რაც ივანიშვილმა გაიგო რომ მას ხალვაში ატყუებდა და ხელმოწერა ნამდვილია, ჯერ ოქრუაშვილის დაკავება, შემდეგ კი, ხელმოწერის ან გაყალბება ან ისეთი დასკვნის დაწერა დაავალა ექსპერტებს, რომლითაც ცალსახად ვერ დადგინდება არის თუ არა, ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილი.

მეტიც, ივანიშვილის დავალებით სისხლიან ჯალათად წოდებული გახარია, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უფროსს, გიორგი თვაურს რამდენჯერმე ესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი დასკვნა უნდა მოამზადონ.

გახარიამ პირდაპირი დავალება მისცა თვაურს რომ ექსპერტიზის ბიურომ ჯერ დრო გაწელოს, შემდეგ კი, ყალბი დასკვნა გასცეს. ამ საქმეში ჩართულია შს ყოფილი მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელსაც თვაურთან ახლო ურთიერთობები აკავშირებს.

„გიორგი თვაურმა თათბირი ჩაატარა მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად და თქვა რომ საციხოდ საქმეს ვერ გაიხდის. თქვა რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

ერთი მხრივ, მასზე ზეწოლა ხორციელდება, მეორე მხრივ კი, შიშობს რომ თუ უკანონო დავალებას შეასრულებს და ყალბ დასკვნას გასცემს, ამას არავინ შეარჩენს და ადრე თუ გვიან პასუხს აგებს“, – გვითხრა ექსპერტიზის ბიუროს მოქმედმა თანამშრომელმა.

გიორგი თვაური, ექსპერტიზის ბიუროს უფროსობამდე, ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში შს სამინისტროს გენინსპექციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. მანამდე კი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში პრობაციის სააგენტოს დირექტორი იყო.

პრესა.ჯი