გედევან ფოფხაძე: – “გახარიას ლოგიკით 26 მაისიც გამართლდება, 7 ნოემბერიც და 9 აპრილიც”

გედევან ფოფხაძე: - "გახარიას ლოგიკით 26 მაისიც გამართლდება, 7 ნოემბერიც და 9 აპრილიც"პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო გედევან, დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო სისტემას ეხება, რეალურად განხორციელდება? პოლიტოლოგები ამბობენ, თუ ეს ივანიშვილის პოლიტიკური ნებაა, მაშინ ცვლილება მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში – არა.
– ეს არის პოლიტიკური ვალდებულება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავზე აიღო. თუ ეს ვალდებულება არ შესრულდება და მას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდებიან, მაშინ “ქართული ოცნების” შიდა პარტიული დისციპლინის საკითხი მთლიანად ინგრევა.
რა გამოდის, რომ ჩემთვის არ შეიძლებოდა განსხვავებული აზრის დაფიქსირება და ამიტომ უნდა წამოვსულვიყავი, მაგრამ თუ ამ საკანონმდებლო ინიციატივას ხმას არ მისცემს უმრავლესობის წევრი, ის უნდა დარჩეს და არ უნდა გაირიცხოს? თუ ეს ყველაფერი გათამაშდება, მაშინ “ქართული ოცნება” ვიზუალურად ჩამოიშლება. ამ ფონზე უკვე ხელისუფლება ქვეყანას აღარ ეყოლება. ასე იქნება აღქმული: თუ ლიდერი ვერ ასრულებს პოლიტიკურ დაპირებებს, მაშინ ყველაფერი ჩამოიშლება.
ამის იქით უკვე ისეთი უმართავი პოლიტიკური პროცესებია, რომლებიც არავის არ უნდა, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილს.
ბევრად მნიშვნელოვანია არა საარჩევნო სისტემის ცვლილება, არამედ მთლიანად არჩევნებისადმი დამოკიდებულება და ამომრჩევლის მოსყიდვის პრობლემა. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სისტემის ცვლილებას ვგულისხმობ, სრული კონსენსუსია და მე, როგორც ერთი დეპუტატი, პოლიტიკურ კონიუნქტურას ვემორჩილები და პროპორციულ არჩევნებს ვაძლევ ხმას, მაგრამ, იმედი მაქვს, ამაზე არ გავჩერდებით.
თუ ადმინისტრაციულ რესურსს და მოსყიდვას არ მოევლო, მაშინ მაინც არ გვექნება ხალხის ადეკვატური განწყობების ასახვა.
– გახარია ამბობს, რომ მან გასცა ბრძანება. რა მოხდა, როგორ ფიქრობთ?
– ჩვენი კანონმდებლობით, ეს ბრძანება უნდა გაეცა შინაგან საქმეთა მინისტრს. თუ მის მაგივრად სხვამ გასცა და მის საქმიანობაში ჩაერია, ესეც პრობლემაა. ეს წინააღმდეგობა პასუხებს შორის იძლევა საფუძველს, რომ ამ კუთხითაც ჩატარდეს გამოძიება. მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ გამოძიების დროს თავად მინისტრი არ უნდა იყოს.
– არადა თქვა, იმიტომ არ გადავდგები, რომ პასუხისმგებლობას ვიღებო.
– სამართლებრივად ეს დამოკიდებულება სწორი არ არის. შეიძლება მას ასე მიაჩნია და უნდა, რომ თავად გაერკვეს სიმართლეში და სხვებიც გაარკვიოს, მაგრამ ეს სიმართლე მას ეხება. მე ხშირად დავდიოდი ციხეში და არ მინახავს ადამიანი, რომელსაც უკვე მისჯილიც აქვს და პატიმრობაშია, რომ არ ჰქონოდა თავის გამართლების არგუმენტი.
თუ გახარიას ლოგიკით წავალთ, მაშინ 26 მაისიც გამართლდება, 7 ნოემბერიც და რა ვიცი, იქნებ 9 აპრილიც გაამართლოს მაშინ ამ ლოგიკის ავტორმა?! თუ 26 მაისის აქციის დარბევა იყო დარბევა და 20 ივნისი – მოგერიება, მაშინ რა გითხრათ?!
თუ ვინმე სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდა, იპოვონ და დასაჯონ, მაგრამ იმის იქით ვინც დააშავა, იმანაც უნდა აგოს პასუხი. ამ სისასტიკისთვის ვიღაცამ ხომ უნდა აგოს პასუხი?! სამართლებრივი შეფასება ხომ არის საჭირო.
– რატომ არ, ან ვერ ელევა ივანიშვილი გახარიას? რატომ არ უშვებს, რომ შეიძლება პროცესები კიდევ უფრო ჩიხში შევიდეს?
– მე მაინც მიმაჩნია, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა ხელისუფლების კრიზისია. ეს ყველაფერს გადაედო. გადააყენეს პარლამენტის თავმჯდომარე, თან ისე, რომ თვითონ არ გადადგა. ისე გადააყენეს, თითქოს პოლიტიკურ კლასს არც წარმოადგენდა. გვერდით ედგა კალაძეს კობახიძე და კალაძემ გვითხრა, გადადგაო. ეს ხომ იმის მაჩვენებელია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გვეგონა, მაგრამ არ ყოფილა.
– ანუ გვითხრეს, ეს მსხვერპლი ჩვენ გავიღეთ, ჩვენ გადავაყენეთო?
– დიახ, თვითონ კი არ გადადგა, გუნდმა დაიბრალა მისი წასვლა, ჩვენ გადავაყენეთო! თუ ახლა გახარიასაც გადააყენებენ აშკარა ხდება, რომ არანაირი ინსტიტუტი, არანაირი სახელმწიფო სტრუქტურა არ მუშაობს, არ არსებობს.
ეს ისედაც ასეა, მაგრამ ამის ოფიციალური დადასტურება მოხდება ხელისუფლების მხრიდან. მერე უკვე სახელისუფლო გუნდის რღვევა ძალიან დინამიური იქნება. ხომ წარმოგიდგენიათ, მერე როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს თვითონ გუნდის შიგნით. არჩევნებია, ვინ იქნება სიაში, ვინ არა, ეს ადამიანები ბევრ რამეზე დაფიქრდებიან.
ძალიან რთულად წარმოსადგენია “ქართული ოცნება” ოპოზიციაში, რადგან ეს არ არის მყარი იდეოლოგიური საფუძვლების მქონე პარტია. ძალიან განსხვავებული იდეოლოგიის მქონე ადამიანები არიან “ქართულ ოცნებაში”.
მხოლოდ ერთ ადამიანზეა დამოკიდებული ამ ხალხის ბედი და პერსპექტივა.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა