გედევან ფოფხაძე – “ხაზარაძეს ექცევიან ისე, როგორც 2011 წელს ნაციონალები ივანიშვილს ექცეოდნენ”

გედევან ფოფხაძე - "ხაზარაძეს ექცევიან ისე, როგორც 2011 წელს ნაციონალები ივანიშვილს ექცეოდნენ"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო გედევან, როგორ აფასებთ შექმნილ ვითარებას? რამდენად იფიქრებდით, რომ 2012 წელს, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” გამარჯვება მოიპოვა, შეიძლებოდა მოვლენები ასე განვითარებულიყო?
– მაშინ ამაზე არავინ ფიქრობს. როდესაც “ვარდების რევოლუცია” მოხდა, არც მაშინ არავინ დაუშვებდა და იფიქრებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთ მშვენიერ დღეს მოძალადედ ჩამოყალიბდებოდა, ციხეები პატიმრებით გაივსებოდა, გვეყოლებოდნენ პოლიტპატიმრები.
2012 წელს საერთო სახალხო გამარჯვება მოვიპოვეთ და მაშინ ბიძინა ივანიშვილი ლიდერი იყო და ამის უარყოფა შეუძლებელია. მაშინ ეს გამარჯვება ივანიშვილმა ხალხს აჩუქა.
დღეს ყველაზე სამწუხარო, რაც ხდება, არის ის, რომ მაშინდელი პრინციპებიდან და ღირებულებებიდან გადახვევა მოხდა. დაიმსხვრა ის ფასეულობები, რომლებისაც გვჯეროდა. მაინც ყველაზე რთული და ჩემთვის მიუღებელი არის “ქართული ოცნების” ნაციონალიზაცია, რასაც ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს.
იგივე ძალოვნები, იგივე პოლიცია, იგივე უშიშროება, იგივე ხალხი. ეს არის ფაქტი. იგივე მეთოდები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს იყო მიღებული და დამკვიდრებული, მათი გადმოღება მოხდა, პირდაპირ გადმოვიდა.
– ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეები, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება თქვენში კითხვებს იწვევს?
– არანაირი კითხები არ მაქვს. პირადად ჩემთვის პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი მიუღებელია. მე მისი ღირებულებების გამზიარებელი ადამიანი ვერასდროს ვიქნები, მაგრამ ის, რაც ვიხილეთ ოქრუაშვილთან მიმართებით, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. ცხადია, ეს მიუღებელია.
რაც შეეხება ხაზარაძე-ჯაფარიძეს, იგივეს ვიტყვი მათთან მიმართებითაც. რასაკვირველია, აქ ორმაგი სტანდარტი იგრძნობა და ცხადია, რომ პროცესი ტენდენციურია. რა კითხვებია საჭირო აქ, რომ ეს არის პოლიტიკურად შეკვეთილი პროცესი?!
ხელისუფლება ძალიან ფრთხილად უნდა ყოფილიყო მსგავსი გადაწყვეტილების მიღების დროს. აქ, საუბარი არ არის იმაზე, თუ ვის რა დამოკიდებულება აქვს კონკრეტულად მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. აქ საუბარია იმაზე, სახელმწიფოებრივად რამდენად სწორია ასეთი დემარში სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესთან მიმართებაში.
ეს არის დღეს მთავარი პრობლემა და ეს დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. მგონია, რომ ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან.
– ხაზარაძემ პოლიტიკური აქტივობა დააანონსა, შეიძლება ეს ყოფილიყო პროცესის განახლების მიზეზი?
– თუ მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკაში მოსვლა უნდა, მოვიდეს ეს ადამიანი პოლიტიკაში და მერე გავარკვიოთ, ქვეყნისთვის და ხალხისთვის რა აქვს შესათავაზებელი. რამდენად პოზიტიური როლი ექნება მის პოლიტიკაში შემოსვლას. და თუ საერთოდ არ აპირებს პოლიტიკაში შემოსვლას, მაშინ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლება ისედაც ძალიან ფრთხილი უნდა ყოფილიყო.
თუ რამე იქ ისე ვერ წავიდა, როგორც საჭიროა ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მაშინ ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაცაა.
ეს არ არის მხოლოდ მამუკა ხაზარაძის კერძო თემა და პროექტი, ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი. ამიტომ, ხელისუფლება ძალიან თანმიმდევრული უნდა იყოს.
– შეიძლება გაგრძელდეს ოპოზიციის დაკავების პროცესი და უფრო გამძაფრდეს ვითარება თუ პირიქით, “ქართული ოცნება” საარჩევნოდ დაიწყებს მზადებას?
– დღეს ერთადერთი რამეა მთავარი – ხალხი მოტყუებულია! აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ხელისუფლება რა მოცემულობას შეუქმნის ხალხს.
ხალხის ინტერესი სულ სხვა რაღაცაა. ხალხს აინტერესებს ქვეყნის განვითარება, პროგრესი და არა – ეს საშინელი სტაგნაცია და უკუსვლა, რომელშიც ვიმყოფებით. ხალხს ჭირისუფალი ხელისუფლება უნდა და არა – ხელისუფლება, რომელმაც მოატყუა.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი, ამ ქვყენის მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას ყველა შემთხვევაში. ახლა მთავარია, როგორ მივალთ არჩევნებამდე, ეს იქნება უფრო რთული გზა თუ ნაკლებად რთული გზა, ეს არის მნიშვნელოვანი. ახლა მხოლოდ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, შეასრულებს თუ არა იმ დაპირებას, რომელიც მან გასცა.
– გულისხმობთ საარჩევნო სისტემის ცვლილებას?
– დიახ! შეასრულებს ამ დაპირებას თუ პირიქით, გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, საარჩევნო პროცესში ჩაერევა სუსი, უშიშროება თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მთლიანად მასზეა დამოკიდებული. თუ “ქართული ოცნება” მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საარჩევნო პროცესზე ზეგავლენა მოახდინოს, მერწმუნეთ, ეს კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას, ეს კიდევ უფრო გააბრაზებს ხალხს.
ხალხის სურვილს, რომ არსებული რეალობა შეცვალოს, რომ ეს სტაგნაცია შეცვალოს, წინ ვერაფერი ვეღარ დაუდგება. ხალხი ამას გააკეთებს დემოკრატიული და კანონიერი გზებით.
ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას და ძალადობას უკუშედეგი ექნება. ხალხის ნების საწინააღმდეგოდ წასვლა შეუძლებელია, ეს დაადასტურა ისტორიამ და იმ საზოგადოებამ, რომელსაც მისი ნების საწინააღმდეგოდ ექცეოდნენ.