გია ხუხაშვილი – „მელია გარეთ და ოქრუაშვილი დაიჭირონ, კიდევ უფრო მეტ კითხვებს დაბადებს“

გია ხუხაშვილი - „მელია გარეთ და ოქრუაშვილი დაიჭირონ, კიდევ უფრო მეტ კითხვებს დაბადებს“„თუ პრეცედენტებით ვიმსჯელებთ, ოქრუაშვილს იგივე ბედი ელოდება, რაც მელიას. ანუ, ე.წ. შინაპატიმრობა და ელექტრონული სამაჯური, რადგან ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება მაინცდამაინც ლოგიკური არ იქნება და უფრო მეტ კითხვას გააჩენს,”- აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

მისი თქმით, ხელისუფლება ბროუნის მოძრაობას ატარებს, იმიტომ რომ, როგორც ჩანს, არ იციან რა ქნან და მიედ-მოედებიან და ხან ერთ კედელს ეცემიან, ხან – მეორეს.

„პატიმრობას, ალბათ, არ მიუსჯიან. ეს არ იქნება ლოგიკური იმ ფონზე, რაც მოხდა ნიკა მელიასთან დაკავშირებით. გაუგებარი იქნება, იმიტომ რომ, პრინციპში დაახლოებით ერთი და იგივე როლი ჰქონდათ ამ საქმეში, ამიტომ მელია გარეთ და ოქრუაშვილი დაიჭირონ, კიდევ უფრო მეტ კითხვებს დაბადებს. უმჯობესია ოქრუაშვილი დაკითხონ იმ საქმეებზე, რაზეც ამ დღებში ილაპარაკა. იქ ბევრად უფრო მძიმე დანაშაულების კასკადზეა საუბარი და სჯობს მაგას მიხედონ, ვიდრე თავიანთი პოლიტიკური ინტერესებიდან რაღაც იწილო-ბიწილოთი იყვნენ დაკავებულები. რა დანაშაულებებზეც ილაპარაკა, ბევრი ფიგურანტი ჰყავს, რამდენიმე სერიოზულ საქმეზეა საუბარი, ამ ხელისუფლების ჩინოსნების ჩართვით და სჯობს იმას მიხედონ,”- აცხადებს ხუხაშვილი.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ოქრუაშვილის ადვოკატმა ანი რეხვიაშვილმა და პარტიის წევრმა გუბაზ სანიკიძემ გაავრცელეს. ინფორმაცია დაადასტურეს შს სამინისტროშიც.

მათი ცნობით, ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზეა დაკავებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. ამ საქმეზე ოქრუაშვილი 23 ივლისს გამოკითხეს.

გურიის მოამბე