ვიღაც საწყალი რომ დაიჭირეს, „მოლოტოვის კოქტეილები“ ჩაუდეს თუ ამოიღეს, აი, ამ საქმის ფარგლებში ვიკითხებით ჩვენ ყველა – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია თარიღი, თუ როდის შედგება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისი გამოკითხვა.
„საქმე, რომელზეც ჩვენ ყველას გვიბარებენ, ბუნებრივია, მელიას საქმეა გამოყოფილი, იმიტომ, რომ ის დეპუტატია, დანარჩენები ყველა არის ის საქმე, არც ვიცი, ვიღაცა საწყალი, უბედური რომ დაიჭირეს, „მოლოტოვის კოქტეილები“ ჩაუდეს თუ ამოიღეს, რომ ვერავინ გაარკვია, მაგრამ იმ კაცმა, სანამ ციხეში ჩააყუდებდნენ, ამოილუღა, რომ პოლიტიკოსებზე მაძალებდნენ ხელის დადებასო და აი, ამ საქმის ფარგლებში ვიკითხებით ჩვენ ყველა.“ -განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავა ,,ევროპული საქართველოს” წევრებთან ერთად, გვიან ღამით გერმანიაში გაემგზავრა. ის თბილისში კვირას დაბრუნდება. უგულავას განმარტებით, მის ადვოკატს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია საგამოძიებო უწყებებთან და ისინი ინფორმირებულები არიან, რომ უგულავა რამდენიმე დღით მივლინებაში მიდის და საქართველოში კვირას, საღამოს დაბრუნდება. ორშაბათიდან კი მზად იქნება მოსამართლის კითხვებს უპასუხოს.

