გურამ ჩალაგაშვილი – “ირაკლი ოქრუაშვილი გავლენიანი ფიგურაა ოპოზიციაში. ხელისუფლებას მისი ეშინია”

გურამ ჩალაგაშვილი - "ირაკლი ოქრუაშვილი გავლენიანი ფიგურაა ოპოზიციაში. ხელისუფლებას მისი ეშინია"17 ივლისს პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიტიკურ ძალაში ამბობენ, რომ მას იარაღი ჩაუდეს და ბიძინა ივანიშვილი ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიებს იწყებს. თავად ოქრუაშვილი კი ამბობს, რომ შეატყობინეს, საქართველოში არ ჩამოვიდეს, თორემ დაიჭერენ, რაზეც მან უარი განაცხადა და შედეგად მისი დაცვის წევრი დააკავეს.

ამ და სხვა საკითხებზე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “გამარჯვებული საქართველოს” წარმომადგენელი გურამ ჩალაგაშვილი საუბრობს:

– როგორ აფასებთ იმას, როდესაც აკავებენ ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის უფროსს იარაღის უკანონო ტარება-შეძენისთვის და გვითხარით, თუ ატარებდა ხოლმე საერთოდ იარაღს?

– მოდით, თქვენი ნებართვით ბოლოდან დავიწყებ პასუხის გაცემას. კობა კოშაძე არა მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრია, არამედ ის არის ირაკლის უახლოესი ადამიანი და მეგობარი. 2007 წლიდან მოყოლებული მეგობრობენ. ამ ადამიანის ხელში იარაღი არასდროს არ გვინახავს, მაშინაც კი, როდესაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის დროს ოქრუაშვილს თავს დაესხნენ და ესროლეს. მაშინ ეს ადამიანი გადაეფარა. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ მას იარაღი მაშინაც კი არ ჰქონდა.

ძალიან მარტივია ამის ახსნა. მას ჩაუდეს იარაღი და ეს არის რეპრესიების ჩვეულებრივი დაწყება. აგონიაშია ხელისუფლება და არ დარჩენია არაფერი, გარდა იმისა, რომ მაქსიმალურად ებრძოლოს ასეთი ხერხებით თავის პოლიტიკურ ოპონენტებს. დაიწყოს დაჭერები და დაკავებები. მე მგონი, ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს ამის, თუ როგორ სრულდება ეს ყველაფერი და როგორ უბრუნდებათ ეს მათ. ასე რომ, ეს არის ამ ხელისუფლების დასასრული და ისინი ამაზე პასუხს თავად აგებენ.

– რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს, რომ ეს არის ამ ხელისუფლების დასასრული და, ვთქვათ, კიდევ უფრო დიდი პროცესები არ გველოდება წინ? მაგალითად, ის, რომ არ დაიჭერენ ირაკლი ოქრუაშვილს?

– მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლება, რომელიც ვერ აზროვნებს, სრულ აგონიაშია და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ. არც პოლიტიკური გაერთიანება “გამარჯვებული საქართველოს” სხვა წევრებს, ლიდერებს რომ მიადგნენ იმავენაირი თითიდან გამოწოვილი რაღაცით, “მაკაროვის” ჩადებით და ა.შ. ეს არის რუსული ნარატივი. ეს უკვე ღია პროცესია ამ ხელისუფლებისთვის, ჩადება და ა.შ. რა თქმა უნდა, ამათგან მოულოდნელი არაფერია, მაგრამ გუშინაც ვთქვი და დღესაც ვიმეორებ, რომ ჩვენ ვართ ძალიან ბევრი, იმაზე ბევრი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილსა და მის უგუნურ ხელისუფლებას ჰგონია. შესაბამისად, ჩვენ არავისი არ გვეშინია. დაწყებულ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე.

– ელოდებით იმასაც, რომ შესაძლოა ირაკლი ოქრუაშვილი ისევ იმ გზაზე აღმოჩნდეს, როგორც ეს მოხდა 2007 წელს?

– არა, ამის თქმა არ მინდა. დღეს ირაკლი ოქრუაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა ოპოზიციაში. ხელისუფლებას მისი ძალიან ეშინია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოქრუაშვილი მარტოა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ. ვგულისხმობ არა მხოლოდ “გამარჯვებულ საქართველოს”, არამედ საღად მოაზროვნე პროდასავლურ ოპოზიციას და, არა მგონია, რომ პოლიტიკური ლიდერების დაკავება შერჩეს ხელისუფლებას. ისინი მიიღებენ იმაზე მეტს, ვიდრე მიუღიათ დანარჩენ ხელისუფლებებს.

– როდესაც 2007 წლის გზაზე ვსვამ კითხვას, იმას არ ვგულისხმობ, პროცესი როგორ დამთავრდა, არამედ იმას, რომ ოქრუაშვილი დააკავეს და, სხვათა შორის, მაშინაც არ იყო მარტო.

– კი ბატონო, მაშინაც არ იყო მარტო. მაშინაც დააკავეს მისი მეგობრები, ოჯახის წევრი… რაც მაშინ მოხდა, მოხდა. ამაზე ირაკლი ოქრუაშვილმა არაერთხელ გააკეთა განცხადება. ასე რომ, არა მგონია, ამ ხელისუფლებას ჰქონდეს იმის უნარი, ირაკლი ოქრუაშვილისნაირ ლიდერებს მიადგეს და დაიწყოს მათი დაჭერა, იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ტვინი და ჭკუა, მაგრამ არც უნარი გააჩნიათ.

– ოქრუაშვილმა თქვა, რომ შეუთვალეს მას, არ დაბრუნებულიყო საქართველოში, თორემ დაიჭერდნენ. გასაგებია, რომ არ იტყვით, ვისი მეშვეობით შეგატყობინეს, მაგრამ, ის მაინც გვითხარით, ვისგან, ხელისუფლების რომელი მაღალჩინოსნისგან იყო ეს შეტყობინება?

– სახელსა და გვარს, რა თქმა უნდა, ვერ დაგისახელებთ, მაგრამ, გეტყვით იმას, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ეს ინფორმაცია მივაწოდეთ ზუსტად თათბირისა და მსჯელობის შემდეგ, როდესაც ეს ინფორმაცია შემოუთვალეს ოფისში.

– ანუ ოფისში მოვიდა ინფორმაცია და მერე თქვენ გააგებინეთ ირაკლი ოქრუაშვილს?

– დიახ. ჩვენ ირაკლის ეს ვუთხარით, რაზეც იყო პასუხი, რომ არავის არაფრის არ ეშინია და, როგორც დაგეგმილი იყო, დღეს დილით საქართველოში იქნება. ეს არის გარდაუვალი. რაც შეეხება ინფორმაციის გამომგზავნს, რა თქმა უნდა, ინფორმაცია წამოსულია ბიძინა ივანიშვილისგან. მან კარგად იცის, რომ არც დღეს და არც ხვალ არაფერი გამოუვა და დღეს უკვე ყელში აქვს გაჩხერილი ირაკლი ოქრუაშვილი. მან გააკეთა განცხადება, რომ არანაირ ფასად არ მიჰყიდის ბიძინა ივანიშვილს რუსთავი 2-ს, ვინაიდან მას აქვს ამის ბერკეტი. ურჩევნია, რომ ის აჩუქოს ჟურნალისტებს და საქართველოს ხელისუფლებას. ივანიშვილს საბოლოოდ ეს მცდელობაც ჩაუვარდება. ასეთივე იქნება ყველა მათი მცდელობა, იქნება ეს პოლიტიკური ლიდერების დაკავება თუ სხვა. ისინი არიან სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები და მალე წავლენ პოლიტიკურ სანაგვეზე.

– გასაგებია, რომ კონკრეტულ გვარს არ ასახელებთ, მაგრამ, ის მაინც მითხარით, რა რანგის მაღალჩინოსნიდან წამოვიდა?

– ეს იყო ბიძინა ივანიშვილი.

– პირადად ბიძინა ივანიშვილისგან იყო?

– ეს იყო ივანიშვილისგან წამოსული, მაგრამ მას ჰყავს ძალიან ბევრი “შნირი”, ხელისბიჭი, რომლებსაც შეუძლიათ, მისი დანაბარები მიიტანონ კონკრეტულ ადამიანებთან.

– რუსთავი 2-ის გადაცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა ყოფილი გენერალური პროკურორი, როგორც ოქრუაშვილი ამბობს. ხომ არ იყო საჭირო რეაგირების გახმოვანება მაშინ, რათა ახლა არ მოჰყვეს პოლიტიკური ინსინუაციები, რომ პოლიტიკურად იყენებენ ამ თემას და ა.შ?

– ვერ დაგეთანხმებით, რომ პოლიტიკურად ვიყენებთ. ხელისუფლებაა ის, ვინც წლებია, რუსთავი 2-ს ებრძვის და უნდა, რომ როგორმე ეს ტელევიზია გააქროს და ხალხმა არ გაიგოს ის სიმართლე, რაც ქვეყანაში ხდება. აქედან გამომდინარე, ის, რომ ოქრუაშვილმა ეს ინფორმაცია პოლიტიკური ქულების დასაწერად შეინახა, არა მგონია, სიმართლესთან ახლოს იყოს. ირაკლი ოქრუაშვილი გამოცდილი პოლიტიკოსი და რეფორმატორია და ძალიან კარგად იცის, როდის რა და როგორ უნდა აკეთოს.

– თავის დროზე, როცა ხელისუფლებას ჰქონდა ვაჭრობის მცდელობა, მაშინ რატომ არ თქვით, მით უმეტეს, როცა ასეთი სენსიტიური თემაა?

– ვერ დაგეთანხმებით, რომ არ ითქვა. ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ოქრუაშვილს აქვს გარკვეული ბერკეტები რუსთავი 2-თან მიმართებით. მე მგონი, ეს არ ყოფილა დამალული ინფორმაცია და კონკრეტულ დეტალებზე, 1 და 2 კვირის წინ რა მოხდა, 2 კვირაში მოხდა ეს თუ 2 თვეში, ამას დიდი მნიშვნელობა, არა მგონია, რომ ჰქონდეს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა