გურამ ჩალაგაშვილი: “ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში რუსთავი 2-ის გამოა”

“პოლიტიკური დაჭერები გაგრძელდება”

გურამ ჩალაგაშვილი: "ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში რუსთავი 2-ის გამოა"“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივლისს მიიღო, იქამდე კი მოსამართლემ სხდომა დახურა. საქმის არსებითი განხილვა 19 სექტემბრიდან დაიწყება. ოქრუაშვილი ციხეში ოფიციალურად 20 ივნისის მოვლენების გამოა.

როგორ აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოქმედების რა გეგმაზე გადადიან? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელი, მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი საუბრობს.

– ოქრუაშვილის დაპატიმრება პირადად ივანიშვილს დაუკავშირეთ. რის მიღწევა სურს ივანიშვილს?

– სასამართლოს გადაწყვეტილება იმის ნამდვილი მაგალითია, რომ ქვეყანაში არის დიქტატურა. ბიძინა ივანიშვილი სრულ აგონიაშია და შეშინებულია. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეტოქე – ოპონენტი პარტიის ლიდერი გაანეიტრალა და გადავიდა რეპრესიებზე.

ის შეეცდება, სრულად დაემსგავსოს პუტინის რუსეთს, სადაც ოპოზიციური ძალების ლიდერებს ყოველდღიურად იჭერენ, რომ როგორმე ხალხის მღელვარება ჩააცხრონ. მათი უბედურება ის არის, რომ ვერ სწავლობენ ვერც სხვის და ვერც საკუთარ მაგალითზე. თუ ერთ ადამიანს მაინც უმუშავებს თავი და ტვინი აქვს “ქართულ ოცნებაში”, მიხვდებიან, რომ ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრებით ისინი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ რეიტინგს ავნებენ და პოლიტიკურ სანაგვეზე წავლენ.

– მსგავსება დაინახეთ იმ მოვლენებთან, რაც 27 ივლისს ვნახეთ მოსკოვში და რაც ხდება საქართველოში?

– რა თქმა უნდა, დავინახე. ეს იყო იმის ნიშანი, რომ თვით რუსეთშიც კი, სადაც პუტინი ყველას აკონტროლებდა, უკვე პროტესტი გამოვიდა გარეთ. ვერც პუტინს და ვერც ივანიშვილს ვერ გაუვათ თავიანთი და სულ მალე წავლენ იქ, სადაც არის მათი ადგილი.

– მოლოდინი გაქვთ, რომ დაჭერები გაგრძელდება და ოპოზიციის სხვა ლიდერებსაც დაიჭერენ?

– რა თქმა უნდა. სხვანაირად როგორ უნდა გავიგოთ ეს ყველაფერი, მაშინ, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერამდე ცოტა ხნით ადრე დაიჭირეს მისი დაცვის უფროსი კობა კოშაძე, რომელსაც იარაღი ჩაუდეს და ამით ირაკლი ოქრუაშვილის გაჩერებას შეეცადნენ, მაგრამ ის ვერ შეაშინეს და ვერ გააჩერეს. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ ირაკლი უნდა დაეჭირათ.

ამით ფიქრობენ, რომ ჩვენ – მის მეგობრებსა და თანაგუნდელებს – გაგვაჩერებენ და ამით გააჩერებენ სხვა ოპოზიციურ ძალებს, რეალურ ოპოზიციაზე მაქვს საუბარი და არა – ფსევდოოპოზიციაზე, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ეს არ გამოუვა და ჩვენ გაერთიანებული ძალებით ვიბრძოლებთ ამ ტირანისა და დესპოტის წინააღმდეგ.

– წინა ინტერვიუში მითხარით, რომ ივანიშვილისგან გზავნილი მიიღეთ პარტიაში, რომ ოქრუაშვილი არ ჩამოსულიყო საქართველოში. ამის შემდეგაც ხომ არ მიგიღიათ რამე გზავნილი, რომ რაღაცნაირად გაეჩუმებინეთ?

– მე გითხარით მაშინ, რომ თავად ვესაუბრე ოქრუაშვილს, რომელმაც მითხრა, რომ ის არსად დარჩენას არ აპირებდა, ბრუნდებოდა 19 ივლისს საქართველოში და ჩამოვიდა კიდეც. რა თქმა უნდა, ჩვენს ტელეფონებს უსმენენ და ჩამოსვლის წინა დღეს დაიჭირეს ოქრუაშვილის დაცვის უფროსი.

ეს იყო მეორე გზავნილი, თუ ჩამოხვალ, მიგაყოლებთო. ჩამოვიდა ირაკლი, არ შეეშინდა და ამით ჩაცვივდნენ სრულ აგონიაში, არ იციან, რა უნდა გააკეთონ და ვითომ 20 ივნისის მოვლენების გამო ჩასვეს ციხეში. სინამდვილეში, 20 ივნისის მოვლენები არაფერ შუაშია და ეს ყველამ კარგად ვიცით.

ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, მოიშოროს ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ლიდერი, რომელსაც შეუძლია, ის გაისტუმროს პოლიტიკურ სანაგვეზე და პლუს ამას ამით თავიანთი ჭკუით ჩათვალეს, რომ რუსთავი 2 საბოლოოდ ჩაიგდეს ხელში.

ეს ყველაფერი უკავშირდება რუსთავი 2-ს და ირაკლი ოქრუაშვილის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს, რომლებითაც 100%-იანი ნამდვილობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშიც კი დადგენილია და, თუ დააკვირდებით მოვლენებს, ნახავთ, რომ ეს ასეა.

ირაკლი ოქრუაშვილი დაიბარეს დაკითხვაზე, როდესაც ის არ დაუკავებიათ. მეორე დღეს ხალვაში მივიდა ექსპერტიზის ბიუროში, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში იყო ექსპერტიზის პასუხი, რომ ხელმოწერა ნამდვილია და უცებ დააკავეს ოქრუაშვილი ისე, როგორც ყველაზე საშიშ ტერორისტებს აკავებენ. დაახლოებით 50-მა პოლიციელმა თბილისში დღისით, მზისით გადაგვიღობა მანქანები, გადმოცვივდნენ ჯავშანჟილეტებითა და იარაღით და დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილი ისე, თითქოს სადმე გაქცევას აპირებდა.

– იმავე საქმეზე ნიკა მელიას სამაჯური გაუკეთეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ეს რუსთავი 2-ის თემით უნდა აიხსნას?

– რა თქმა უნდა. ირაკლი ოქრუაშვილი რუსთავი 2-ის გამოა ციხეში. ვნახეთ ნიკა მელიას მხარდაჭერა, რომელიც ჩვენი მეგობარია, მაგრამ მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ნიკა მელიას ეს ხელისუფლება დატოვებს სახლში. ესენი აუცილებლად გააგრძელებენ რეპრესიებს. არავის დაჭერა არ მინდა, მაგრამ ივანიშვილის ტვინში რა იხარშება, კაცმა არ იცის. ყველაზე ხმამაღლა მოლაპარაკე, ყველაზე აქტიურ პოლიტიკურ ლიდერებს ივანიშვილი აუცილებლად გამოკეტავს ციხეში.

ივანიშვილი ვერ ხვდება იმას, რომ ერთი ლიდერის დაჭერით ათასობით მტერს იჩენს. საბოლოოდ ისინი ბიძინა ივანიშვილს მოსთხოვენ პასუხს.

– რას დაუპირისპირებთ ივანიშვილის რეპრესიულ პოლიტიკას?

– ჩვენი სამოქმედო გეგმა მარტივია. დღეიდანვე ვიწყებთ შეხვედრებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ მისიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უფლებადამცველებთან, სახალხო დამცველთან და ყველა იმ ადამიანთან, ვისაც შეუძლია, რომ მთელ მსოფლიოს გააგებინოს, რა ხდება საქართველოში.

ვეცდებით, მაქსიმალური წნეხი მოვახდინოთ ხელისუფლებაზე იმის გამო, რომ მას ჰყავს პოლიტპატიმრები, არა მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილი, არამედ ის ახალგაზრდებიც, რომლებიც მან ქვეყნის სიყვარულის გამო გაუშვა ციხეში. დღეს გვყავს 18 დაპატიმრებული და 1 სამაჯურდადებული პირი, ანუ 19 პოლიტპატიმარი. ყველა ეს ადამიანი აუცილებლად გათავისუფლდება.

– ტემპერატურის აწევას როგორ შეძლებთ, თუნდაც იმავე საპროტესტო მუხტის თვალსაზრისით?

– ტემპერატურის აწევას რაც შეეხება, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ივლისის ბოლოა და ეს ის ეტაპია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი გასულია ქალაქიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტემპერატურა არ აიწევა. ეს არც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავიმალებით და დაველოდებით, როდის მოვა ივანიშვილი ჭკუაზე.

მშვიდობიანი პოლიტიკური აქციები დაიწყება, არ აქვს მნიშვნელობა, 10.000 კაცი იქნება, 30.000 თუ 100.000. საქართველოს მოსახლეობის 80% ხვდება, რომ მათ შეიძლება იგივე მოუვიდეთ, მათ შვილებს იგივე დაემართოთ. ყველა ხვდება, რომ ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს ამ ხელისუფლების ხელში, ხედავენ, როცა სახლში მიდიან, რომ მაცივარი ხვდებათ ცარიელი, ხედავენ, რა დღეშია ლარი, 1 დოლარის ფასი უკვე 3 ლარი გახდა თითქმის, ეს მაშინ, როდესაც საქართველოში ტურისტების დიდი ნაკადია.

შემოდგომა იქნება გაცილებით მძიმე, ვინაიდან ლარი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ქვევით წავა. რამდენიმე დღის წინ დაანონსდა, რომ ენერგოკომპანიებმა მარეგულირებელ კომისიას მიმართეს და თვის ბოლოს ტარიფები გაიზრდება. 1 დოლარის ფასი 3.5 ლარი იქნება, შევხვდებით შემოდგომას გაზრდილი ტარიფებით და უფრო დაცარიელებული მაცივრით. ამ ყველაფერს რა მოჰყვება, ჩვენთვის ცნობილია. ასე რომ, არა მგონია, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს მშვიდი შემოდგომა. ის აუცილებლად მიიღებს იმას, რასაც ძალით აკეთებს და მე ვფიქრობ, რომ უნდა, ეს ყველაფერი მიიღოს.

– გგონიათ, რომ ასე უნდა თუ, უბრალოდ, არსებულ რეალობას ვერ აცნობიერებს?

– ვერ აცნობიერებს ერთია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს არის ხელისუფლება, რომელშიც არიან არაადეკვატური და უპროგნოზო ადამიანები.

ივანიშვილს ერთ დღეს რომ გაეღვიძება, ფიქრობს, რომ გადააბაროს ხელისუფლება, მაგრამ მეორე დღეს მასთან შევა მეორე მრჩეველი, რაღაცას ჩასჩურჩულებს ყურში და მეორე დღეს მიდის სხვა აზრამდე, რომ მოდით, დავიჭიროთ ყველა. მესამე დღეს კიდევ სხვა სურვილებით იღვიძებს და ა.შ.

– ანუ თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილის მმართველობამ უკვე გაასწრო სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდს? ცხადია, ცუდი გაგებით გასწრებას ვგულისხმობ.

– რასაც თქვენ გულისხმობთ, იმ თვალსაზრისით სააკაშვილის პერიოდი მოგონილია ამასთან, რაც ახლა ხდება. ამათთან შედარებით ისინი იყვნენ ანგელოზები, თუმცა არც ერთი და არც მეორე მისაღები, რა თქმა უნდა, არ არის.

ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც იმ ხელისუფლებამ დააკავა, იყო ირაკლი ოქრუაშვილი, თუმცა მოუხდა მისი მალევე გათავისუფლება. ამის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებას არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ დაუკავებია, ანუ პოლიტიკური რეპრესიები არ მიმდინარეობდა.

ასეთი რამე ხდებოდა სამხრეთ აფრიკაში და ასეთი რამე ხდება რუსეთში, როდესაც ადამიანი გამოვა და პუტინის საწინააღმდეგო რამეს იტყვის, მაშინვე იჭერენ. ხომ ნახეთ, როგორ შევარდა 2 ტელევიზიაში ომონი რუსეთში და ა.შ. რაც ხდება რუსეთში, იგივე ხდება აქ.

სერგეი ლავროვმა თქვა, რომ საქართველოში იყო დესტრუქციული ძალები აქციაზე, მისი ლიდერები განეიტრალებული უნდა იყვნენ და მათ პასუხი უნდა აგონ. ივანიშვილმა ჩათვალა, რომ “დესტრუქციული ძალები” ვართ ჩვენ. ესენი არიან ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა მელია, დანარჩენი ლიდერები და დაადო მათ ხელბორკილები, ზოგს შედარებით მსუბუქი ფორმით, ზოგს – უფრო მძიმე. დამერწმუნეთ, საბოლოო ჯამში, მიზანი მისი მოწინააღმდეგე ყველა პოლიტიკური ლიდერის დაკავება იქნება.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა