“იმის 4% რომ იცოდეს ხალხმა, რაც ამ ხელისუფლებაზე ვიცი, სახლში გააცილებდნენ”- მაჩალიკაშვილი

"იმის 4% რომ იცოდეს ხალხმა, რაც ამ ხელისუფლებაზე ვიცი, სახლში გააცილებდნენ"- მაჩალიკაშვილი“დღევანდელ ხელისუფლებას ეშინია, როცა ადამიანში ხედავს სიმამაცეს, ვაჟკაცობას და სამართლიანობას”- ასე შეაფასა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება.შვილმოკლული მამა დღეს “გამარჯვებული საქართველოს” ოფისში მივიდა, სადაც ოპოზიციამ ერთობლივი განცხადება გააკეთა და ოქრუაშვილის დაკავების პოლიტიკურ სარჩულზე ისაუბრა.

მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები “უმსგავსობა და დიდი ნაძირლობაა”.
“ოქრუაშვილი და აქციაზე დაკავებულები მხოლოდ იმიტომ გამოკეტეს ციხეში, რომ მათში ხედავენ სიმართლეს. ეს ადამიანები არანაირ გადატრიოალებას არ ცდილობდნენ. არანაირი დაჯგუფება არ ყოფილა და ამას ყველანი კარგად ვხედავდით. პირველი წუთებიდან იქ ვიყავი და ჩემი თვალით ვხედავდი ყველაფერს. რაიმე სახის დაორგანიზებას და პარლამნენტში შეჭრას ადგილი არ ჰქონია. პარლამენტის წინ 502 დღე-ღამეა ვდგევარ”- თქვა მაჩალიკაშვილმა.
შვილმოკლული მამის განცხადებით, მისი ძმისშვილის, ხუსეინ მაჩალიკაშვილის დაკავება მის მიერ პარლამენტთან კარვის გაშლას უკავშირდება.
“როგორც კი კარავი გავშალე, დაურეკავთ ხეობაში, ჩემს ბიძაშვილისთვის და უთქვამთ, რომ თუ კარავი გაიშლებოდა ხუსეინს დაიჭერდნენ. ეს ხელისუფლება საშიშია. მათი არაადამიანობა და უმსგავსობა გამოხატეს იმაში, რომ 18 ადამიანი დაიჭირეს’- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული პირები “ოცნების ხელისუფლებამ” რუსეთის დასანახად დაიჭირა.
“იმის 4% რომ იცოდეს ხალხმა რაც ამ ხელისუფლებაზე ვიცი, მას სახლში გააცილებდნენ. შემომხედეთ მე და ჩემს ბრძოლას. ყველამ უნდა გაიგოს, რა არის ჩაბუდებული ხელისუფლებაში. სისტემა უნდა დაინგრეს და ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ყველა პოლიტპატიმარი, ირაკლი ოქრუაშვილის თამადობით უნდა იქნას გათავისუფლებული”- დასძინა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.