ირაკლი ოქრუაშვილი – “ხელისუფლება არის “აჭრილი”, ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს, რას ეთამაშება”

ირაკლი ოქრუაშვილი - "ხელისუფლება არის "აჭრილი", ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს, რას ეთამაშება"თუ კობა კოშაძეს არ გაათავისუფლებენ 19 აგვისტომდე, როდესაც მისი შვილის წლისთავია, ძალიან მძიმე და ძალიან ცხელი შემოდგომა ექნება ივანიშვილს, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა მისი დაცვის წევრის დაკავებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ოქრუაშვილის ვარაუდით, კოშაძის დაკავება დასჯის ღონისძიებაა და ხელისუფლებამ იცის მისი მტკივნეული წერტილი.

„ჩემი ვარაუდით, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ დასჯის ღონისძიება. სხვა მხრივ, მე დარწმუნებული ვარ, ჩემზე ამით ზემოქმედებას ვერ მოახდენენ. ძალიან ბევრი ყოფილი სპეცრაზმელი მყავს მეგობარი, რომლებიც აქ ოფისში ტრიალებენ და მეხმარებიან გარკვეულ პარტიულ საქმიანობაში. რომელიმე მათგანი რომ დაეკავებინათ, შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ კიდევ არ ვიქნებოდი იმდენად შეწუხებული, კობა კოშაძეს რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა პატარა შვილი, 2016 წელს, ჩემზე თავდასხმის დროს, დაიჭრა და მძიმე ოპერაციებიც აქვს გადატანილი. ერთი ოპერაცია უახლოეს თვეებში უნდა ჩავუტაროთ კიდევ. მათ იცოდნენ რა ტიპის „მაზოლზე“ უნდა დაეჭირათ ჩემთვის ფეხი. თუ კობა კოშაძეს არ გაათავისუფლებენ 19 აგვისტომდე, როდესაც მისი შვილის წლისთავია, ძალიან მძიმე და ძალიან ცხელი შემოდგომა ექნება ივანიშვილს“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად წინა ხელისუფლების პერიოდში დაკავებისა, კობა კოშაძეს სუფთა წარსული აქვს.

„მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის დროს ის დაპატიმრებული იყო, ის გამართლებულია სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ და მის საქმეში არ არსებობს არანაირი ლაქა. მას იარაღი არ უტარებია და განსხვავებით წინა ხელისუფლების დროს ჩემი მეგობრების დაჭერის, როდესაც ე.წ. გრანატამიოტებს უდებდნენ ჩემს მეგობრებს, ახლა გადავიდნენ ჟანგიან „მაკაროვებზე“. როგორც ჩანს, ივანიშვილს ამაშიც არ უნდა ფულის დახარჯვა, რომ ცოტა უფრო ხარისხიანი იარაღი „ჩაუდოს“ ოპონენტებს“, – აღნიშნა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა.

„ხელისუფლება არის ძალიან აჭრილი და ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს რას ეთამაშება“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

„ გუშინ, გვიან სააპელაციო სასმართლომ უარი გვითხრა, მის სააპელაციო საჩივრის განხილვაზე, რომ შეეცვალათ მისთვის პატიმრობა. საერთოდ განუხილავი დატოვა და იმის ნაცვლად, რომ განეხილა და თუნდაც ფასადურად ეთქვათ უარი, საჩივარი საერთოდ არ მიიღეს. ეს უკვე აშკარად მიუთითებს ხელისუფლების ჩარევაზე ამ პროცესში და ნათლად აჩვენებს ერთ რამეს, რომ მისი დაკავება იყო პოლიტიკური, რომელიც ემსახურებოდა ერთ მიზანს: მოეხდინათ ზეწოლა ჩემზე.

ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ ივანიშვილი ძალიან გაღიზიანებულია ყველა აქტიური ადამიანის მოქმედებით, რომელიც მის წინააღმდეგ გადადგამს ნაბიჯს და ამის გამო მან მამუკა ხაზარაძეს წაუყენა ბრალი და ჩემი ვარაუდით, აპირებს მის დაპატიმრებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს ერთ რამეს ხელისუფლება არის ძალიან აჭრილი და ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს რას ეთამაშება. გარკვეული სახის ნაჯახით მოქმედება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მხოლოდ და მხოლოდ დააჩქარებს მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორებას“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.