ირაკლი ოქრუაშვილი – „რუსთავი 2“-ის შესაძენად თანამდებობა არ გამომიყენებია“

ირაკლი ოქრუაშვილი - „რუსთავი 2“-ის შესაძენად თანამდებობა არ გამომიყენებია“მილიონ ორასი ათასი დოლარი ჯემალ ინაიშვილის მეშვეობიოთ გადავუხადე დვალს და აქიმიძეს და პლუს ამას უსასყიდლოდ გადავუფორმე „ჯორჯია ონლაინის“ ათ პროცენტიანი წილი, რომელიც მე მეკუთვნოდა, – ამის შესახებ პარტია “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ოქრუაშვილის თქმით, 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ და მის გარშემო ჩატარებული კამპანია, მისი დაფინანსებულია.

„არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, მილიონ ორასი ათასი დოლარი ჯემალ ინაიშვილის მეშვეობიოთ გადავუხადე დვალს და აქიმიძეს და პლუს ამას უსასყიდლოდ გადავუფორმე „ჯორჯია ონლაინის“ ათ პროცენტიანი წილი, რომელიც მე მეკუთვნოდა.

შემიძლია არ გავამხილო რა თანხებით შევიძინე „რუსთავი 2“, შემიძლია არ გიპასუხოთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ საქმეზე ყველა სახის იურიდიული ხანდაზმულობა გასულია და დამთავრებულია, მაგრამ ეს თანხა იქნა მოზიდული ჩემს მიერ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებისგანაც ნებართვა არ მაქვს, რომ მათი სახელები დავასახელო.“

ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ ის ადამიანები, ვინც მას თანხა მისცეს, საჯარო მოხელეები არ ყოფილან.

კითხვაზე, გამოიყენა თუ არა ოქრუაშვილმა ფულის მოსაძიებლად მაშინდელი თანამდებობა, ასე უპასუხა:

„არა, მე მქონდა გარკვეული სახის კავშირები მაშინაც, მანამდეც და მის მერეც. 2003 წელს, კონსპირაციებისა და შეთქმულებების თეორიებს რომ აწყობდით და იძახით, რომ თითქოს სოროსმა დააფინანსა „ვარდების რევოლუცია“, ან ბიძინა ივანიშვილმა, 2003 წლის მთელი კამპანია დაფინანსებული იყო ჩემ მიერ, მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი, ახლაც მაქვს და კიდევ მექნება დიდი ალბათობით“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა გახდეს ხალვაშის მერე ამ წილების შემძენი, ის იქნება არაკეთილსინდისიერი შემძენი და მას მოუწევს ამ წილების უკან დაბრუნება, თუ ამ დავას ჩვენ წარმატებით დავასრულებთ, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“-ის თემასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე, ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავი 2“-ის წილების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალისათვის შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით განაცხადა.

ოქრუაშვილის თქმით, დაადებს თუ არა ყადაღას „რუსთავი 2“-ს სასამართლო არსებითი არაა, რადგან „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელი არაკეთილსინდისიერი იქნება.

„სასამართლომ ყადაღა შეიძლება დაადოს თუ არ დაადოს, ჩვენთვის არსებითად და იურიდიულად არაფერი იცვლება. საყოველთაოდ და საჯაროდ ცნობილია ჩემს მიერ წამოწყებული დავის შესახებ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა გახდეს ხალვაშის მერე ამ წილების შემძენი, ის იქნება არაკეთილსინდისიერი შემძენი და მას მოუწევს ამ წილების უკან დაბრუნება თუ ამ დავას ჩვენ წარმატებით დავასრულებთ. მითუმეტეს თუ დვალი და აქიმიძე გახდებიან ახალი მფლობელები, მათთან მე გავაგრძელებ დავას იმ თანხის უკან დაბრუნებაზე და „ჯორჯიან ონლაინის“ იმ წილის დაბრუნებაზე, რომელიც მე მათ გადავუფორმე ამ წილების ღირებულების სანაცვლოდ,“ – აცხადებს ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ შეაქვს ქიბარ ხალვაშის ადვოკატს პროკურატურაში სარჩელი ხელშეკრულების ნამდვილობასთან დაკავშირებით.

„სიმართლე გითხრათ, პროკურატურაში რატომ შეაქვთ განცხადება, იურიდიულად მე ამას ვერ ვხვდები ერთი მარტივი მიზეზის გამო – სასამართლოში მე უკვე სამი წელია ვდავობ ფინანსურ ნაწილზე, რომ მას აქვს ჩემი ვალი. მან ეჭვქვეშ დააყენა ამ ხელმოწერის ნამდვილობა და სასამართლომ იმის მიუხედავად, რომ სამი ექსპერტიზის დასკვნა წარვუდგინეთ, ეს ხელშეკრულება ექსპერტიზაზე გადააგზავნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. უკვე 8 თვეა ხალვაში ხელმოწერის ნიმუშების დატოვების მიზნით არ ცხადდება ექსპერტიზის ბიუროში და პროკურატურაში რა მოტივით შეიძლება იდავონ, ჩემთვის წარმოუდგენელია. კეთილი ინებონ, მიბრძანდნენ, ხელმოწერის ნიმუშები დატოვონ, ექსპერტიზას მისცენ საშუალება რომ დასკვნა გააკეთოს,“ – აცხადებს ოქრუაშვილი.

მისივე თქმით, ხელშეკრულებაზე, ნამდვილად ხალვაშის ხემოწერაა და ხალვაშს მოუწოდებს, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მისცეს საშუალება დასკვნა გააკეთოს.