ირაკლი ოქრუაშვილი -„ივანიშვილი რუსთავი 2“-ის წაღებით თავის მდგომარეობას ვერ გაიუმჯობესებს“

“ივანიშვილს სულ ტყუილად მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა არის ჩალით დახურული, ის „რუსთავი 2“-ის წაღებით თავის მდგომარეობას ვერ გაიუმჯობესებს და მითუმეტეს, „რუსთავი 2“-ს სრულყოფილად ვერ წაიღებს,”-ეს განცხადება რამდენიმე საათის წინ საფრანგეთიდან დაბრუნებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი ამბობს, რომ ის შეხვდება იმ 10 ჟურნალისტს, რომლისთვისაც წილის 80%-ის გადაცემას გეგმავს.

„თქვენთვის ცნობილია, რომ განცხადება შევიდა ყადაღის მოთხოვნაზე, ათი დღე გვაქვს იმისთვის, რომ სარჩელი სრულყოფილი სახით შევიტანოთ სასამართლოში და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი არის ერთი რამ, ივანიშვილს სულ ტყუილად მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა არის ჩალით დახურული, ის „რუსთავი 2“-ის წაღებით თავის მდგომარეობას ვერ გაიუმჯობესებს და მითუმეტეს, „რუსთავი 2“-ს სრულყოფილად ვერ წაიღებს. მე ვაპირებ შევხვდე ათამდე ჟურნალისტს და ჩემი მოთხოვნის, იმ კანონიერი მოთხოვნის, რომელიც სასამართლოში წარვადგინე, 80% პირობითად, ციფრებში გამოხატული, გადავცე მათ უსასყიდლოდ, იმისთვის, რომ მათ გააგრძელონ დავა,“ – განაცხადა ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილმა იმ დოკუმენტზეც ისაუბრა, რომელიც ადასტურებს, რომ წლების წინ ხალვაშს ტელეკომპანია “რუსთავი 2” ნომინალურად გადაეცა და მას საკუთრებაზე არანაირი პრეტენზია არ ექნებოდა.

„ამ დოკუმენტის თანახმად, მესამე წელია უკვე საქალაქო სასამართლოში ვდაობ ფინანსურ ნაწილზე, რაც ვალი აქვს ჩემი და არ აბრუნებს. ამ დოკუმენტის ეჭვის საკითხი უკვე დადგა სასამართლოში 3 წლის განმავლობაში დავის შედეგად, 8 თვეა, ხალვაში არ ცხადდება ექსპერტიზაში ხელმოწერის ნიმუშის დასადგენად, არ ცხადდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს ხელმოწერა ეკუთვნის მას და ამ ამბავს ვერ გაექცევა, რაც არ უნდა მოიგონოს. სამხარაულის ექსპერტიზაში სასამართლომ 8 თვის წინ გააგზავნა დოკუმენტი, ხალვაშის გამოუცხადებლობის გამო ექსპერტიზა ვერ შედგა, ჩემგან რას ელოდებით, 3 ექსპერტიზის დასკვნა მაქვს მიტანილი დამატებით. მათ მოითხოვეს ექსპერტიზა, მივუტანე ორიგინალი, გააგზავნეს სამხარაულის ბიუროში, არ მიდის ხალვაში 8 თვეა.

“ამ დოკუმენტის მიხედვით, არსებობს ორი საკითხი, ერთი არის ფინანსური დავა, მას აქვს ჩემი ვალი და უნდა დააბრუნოს. მეორე არის, „რუსთავი 2“-ის საკითხი. ფინანსურ დავაზე ხანდაზმულობის ვადა დამდგარი მქონდა, იძულებული ვიყავი მაშინ, 2016 წელს შემეტანა. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ამის უფლება არ მქონდა, ვიდრე ის არ გახდებოდა კანონიერი მესაკუთრე. კანონიერი მესაკუთრე ის გახდა გუშინწინ, ამის შედეგად დავიწყე დავა,“ – განაცხადა ოქრუაშვილმა.

რუსთავი 2

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი