“ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ გახარია, ოპოზიციასთან ერთად, გადატრიალებას უპირებდა”

რატომ აღარ ენდობა ივანიშვილი მთავრობას, რატომ მოსთხოვა ძალოვნებს წინა ხაზზე გამოსვლა, ვინ მიეყიდა ოლიგარქს, გაუძლებს თუ არა ოპოზიცია შავი პიარის ახალი ტალღის შემოტევას? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ოთარ კვირიკაშვილი ესაუბრება.

– თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ შს მინისტრი მზად იყო ოპოზიციასთან მოსალაპარაკებლად, რაც ივანიშვილმა ჩაშალა. მოლაპარაკების ჩასაშლელად დარბევის ბრძანებაც კი გასცაო. რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს?

– იმაზე არავინ დავობს, რომ დღეს საქართველოში ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს. 20 ივნისის აქციის დარბევის ბრძანებაც მისი გაცემულია. ამაში მე პალიკო კუბლაშვილის განცხადებამ დამარწმუნა, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

მან თქვა, რომ მოლაპარაკებაზე ოპოზიციაც დათანხმდა და შს მინისტრიც, მაგრამ შეთანხმების მიღწევიდან ზუსტად 5 წუთში სპეცრაზმმა დაიწყო სროლა. ძალოვნების ასეთი რეაქციით კუბლაშვილიც გაოგნებული დარჩა.

როგორც ჩანს, ივანიშვილს ვიღაცამ ჩააწვეთა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შედის, სადაც არის გიორგი გახარია და ისინი ერთად გადაგატრიალებენ – განმეორდება 2003 წლის ვარდების რევოლუციის სცენარი.

– ვის შეეძლო ივანიშვილისთვის ამის ჩაწვეთება?

– მრჩევლები ხომ ჰყავს და იქიდან რომელიმე ჩააწვეთებდა. ივანიშვილიც შეშინდა და ანზორ ჩუბინიძეს ჩაატარებინა სპეცოპერაცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. “ოცნების” ლიდერი თავიდან ბოლომდე სახელმწიფო სამსახურის უფროსს დაეყრდნო.

შუაღამის შემდეგ გახარიაც იძულებული გახდა, ჩართულიყო ამ სპეცოპერაციაში, მაგრამ სადავეები მის ხელთ არ იყო. ყველაფერს ჩუბინიძე განაგებდა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ოლიგარქი შეშინდა, შევარდნაძის ბედი არ გაეზიარებინა.

ამ დარბევით ჩაშალა ივანიშვილმა ის მოლაპარაკება, რომელიც ოპოზიციასა და შს მინისტრს შორის უნდა გამართულიყო. მას დააჯერეს, რომ ვიღაც გადატრიალებას უპირებდა და ამის მერე უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს გადატრიალებაზე ისტერიული ლაპარაკი.

– გამოდის, რომ ივანიშვილი შს მინისტრს აღარ ენდობა?

– “ოცნების” ლიდერი გახარიას დიდი ხანია, აღარ ენდობა. ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილი რამდენიმე თვეში ისედაც აპირებდა მის მოხსნას. 20 ივნისს შს მინისტრის ძალიან შეეშინდა, ეგონა, რომ ის ძალაუფლებას დაკარგავდა.

– იყო იმის ალბათობა, რომ გახარიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შედგებოდა და ისინი ერთად ჩამოაგდებდნენ ივანიშვილს?

– არა, მაგრამ ეს კაცი არის ეჭვიანი. მისი უახლოესი გარემოცვა ამბობს, რომ სერიოზულ პანიკაშია. ამ ამბების მერე საერთოდ სპეცრაზმთან ერთად იძინებს.

მას თავისი შიშებიც საკმაოდ აქვს, მაგრამ “კეთილისმყოფელი” მრჩევლები სულ მთლად აგიჟებენ, ათას სისულელეს ეუბნებიან, ამანაც აღარ იცის, რა ქნას და არის ასე აგონიაში.

აგონიაში რომ არ ყოფილიყო, ყველა ძალოვანს წინა ხაზზე ხომ არ გაიყვანდა. დარბევის ღამეს მან გახარიას, ხოჯევანიშვილს, ჩუბინიძესა და საბანაძეს მოსთხოვა, პარლამენტიდან გამოსულიყვნენ და სპეცრაზმთან ერთად დამდგარიყვნენ, ეშინოდა, რომელიმე მათგანს ოპოზიციასთან მოლაპარაკებები არ ეწარმოებინა.

გამოდის, რომ ივანიშვილმა აქცია მხოლოდ იმიტომ დაარბევინა, რომ მოლაპარაკება ჩაეშალა. მოლაპარაკებებისთვის პრემიერი ბახტაძეც მზად იყო. მაგიტომ თქვა ამ ადამიანმა, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი “ოცნების” სტილი არ არისო. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ მოლაპარაკებები ანზორ ჩუბინიძეს ჩააშლევინა.

– გამოდის, რომ მას ძალიან ენდობა ივანიშვილი?

– ჩუბინიძე, ისევე, როგორც ვახტანგ გომელაური, მისი პირადი მცველები იყვნენ და, ბუნებრივია, ყველაზე მეტად მაგათ ენდობა.

– დარბევის ბრძანება რომ ჩუბინიძემ გასცა, ამაზე უკვე ბევრი საუბრობს. ეს გახარიას ხომ არ ააცილებს პასუხისმგებლობას? რაღაც ასე გამოდის – ისრებმა დაცვის სამსახურის უფროსისკენ გადაინაცვლა.

– შს მინისტრი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. არანაირი ახსნა და გამართლება არა აქვს იმას, რომ შენს დაქვემდებარებაში მყოფ დანაყოფებს სხვა აძლევს ბრძანებას.

სიმართლე თუ გვინდა, დარბევის ბრძანება არც ჩუბინიძეს გაუცია. მან მხოლოდ გაახმოვანა ეს. ბრძანება რიგითმა მოქალაქემ, კერძო პირმა, ვინმე ივანიშვილმა გასცა.

ამ ბრძანების გაცემისთვის “ოცნების” ლიდერი დასაჭერია, ისევე, როგორც ჩუბინიძე და გახარია. მათ კერძო პირის მიერ გაცემული უკანონო ბრძანება შეასრულეს და ადამიანებს თვალები დასთხარეს.

დიახ, დასაჭერია ბიძინა ივანიშვილი და მიმაჩნია, რომ აქციები მის სახლთან უნდა იმართებოდეს. ამის შესახებ მაშინვე ვთქვი, როცა პარლამენტის წინ აქციები დაიწყო.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა. ამიტომაც აქცია უნდა გაიმართოს მის სახლთან.

მიმაჩნია, რომ აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გაიმართოს. მარტო თბილისში გამოხატული პროტესტი საკმარისი არ არის. მთელმა საქართველომ უნდა მოითხოვოს არალეგიტიმური ხელისუფლების წასვლა. 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ “ოცნება” არალეგიტიმური გახდა.

არაფორმალურმა მმართველმა ოპოზიციის წინააღმდეგ ახალი ფრონტი გახსნა. “ოცნებამ” თბილისში შავი პიარის სპეციალისტი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი მოშე ჩამოიყვანა.

ივანიშვილმა იცის, რომ წელს ვადამდელი არჩევნები აღარ მოესწრება და, სხვების მსგავსად, 2020 წლისთვის შეუდგა სამზადისს. მან კარგად იცის, რომ ამ დროისთვის რეიტინგს სრულიად დაკარგავს და არჩევნების წინ ხალხისთვის არაფერი ექნება სათქმელი.

აქამდე არჩევნების წინ 7 ნოემბრისა და 26 მაისის დარბევის კადრებს ატრიალებდნენ და საზოგადოებას ნაციონალების დაბრუნებით აშინებდნენ. ახლა ამ კადრებს, უბრალოდ, ვეღარ დაატრიალებს.

– რატომ ვეღარ დაატრიალებს?

– 20 ივნისის ღამის შემდეგ “ოცნება” და ძველი დამარბევლები ერთ სიბრტყეში გადიან. ახლა შეეცდებიან, ეს სისხლიანი ღამე ოპოზიციას გადააბრალონ, ამისთვის ჩამოიყვანეს მოშე. აამუშავებენ ტროლების ქარხანას. პროცესში ჩაერთვებიან საჯარო სამსახურებში დასაქმებულებიც. ხელისუფლებამ ოპოზიციას უკვე ღიად გამოუცხადა საინფორმაციო ომი.

– ოპოზიცია მზად არის საინფორმაციო ომისთვის?

– ზოგი მზად არის, ზოგი – არა. ოპოზიციამ უნდა გაითავისოს, რომ თანამედროვე სამყაროში მედიასა და სოციალურ ქსელებს ძალიან დიდი როლი აქვთ. სოციალურ მედიას, დასავლეთის გარდა, რუსეთიც სერიოზულად იყენებს. ეს მიმართულება ჩვენმა ოპოზიციონერებმაც უნდა აითვისონ.

– საქართველოში ოპოზიცია არ იყენებს სოციალურ მედიას?

– ყველა არა. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ფეისბუქის მართვაც კი არ იცის. ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო და მოშეს გამოჩენის შემდეგ ისინი ისწავლიან სოციალური ქსელების გამოყენებას.

“ოცნებას” შავი პიარის მამის იმედი ტყუილად აქვს. რამდენიმე თვის წინ ეგ ადამიანი პოროშენკოს ეხმარებოდა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ იქ ზელენსკიმ გაიმარჯვა.

– ჩვენში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოშემ “ოცნებას” სერიოზული შედეგი დაუდო.

– მაშინ საქართველოში სხვა სიტუაცია იყო. ახლა მის იმედად ყოფნა იგივეა, რაც წყალწაღებული ხავსს ჩაეჭიდოს. ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრა რამ უნდა გადაფაროს. გაპრავებასაც აქვს თავისი საზღვარი და “ოცნების” ტროლებსაც შერცხვებათ ამის კეთება.

– დარწმუნებული ხართ, რომ შერცხვებათ?

– ბოლოს მაინც შერცხვებათ.

– მოდით, ისევ ოპოზიციის მზადყოფნაზე ვისაუბროთ. საინფორმაციო ომის მოგერიების გარდა, მათ აქვთ სერიოზული ცდუნება – პროპორციული სისტემა. რიგმა პარტიებმა უკვე დაიწყეს კეკლუცობა ივანიშვილთან.

– ეგ მოსალოდნელიც იყო. არ მინდა გვარების და პარტიების დასახელება, მაგრამ რაღაც ნაწილი “ოცნებასთან” თანამშრომლობს.

ყოველთვის მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგე ვიყავი, მიმაჩნდა, რომ გიჟი და გადარეული იყო, მაგრამ ერთ რამეში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მისი პარტია ივანიშვილს არასდროს მიეყიდება.

– ამაში ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?

– იმიტომ, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას პირველობა უნდა. აქედან გამომდინარე, მისი და “ოცნების” თანამშრომლობა გამორიცხულია.

იგივე შემიძლია ვთქვა ირაკლი ოქრუაშვილზე. ამ ადამიანს ვესაუბრე, გავიარეთ რაღაცები და დავრწმუნდი, რომ მას ივანიშვილი ჯიბეში ვერ ჩაისვამს. ამიტომ ვარ მასთან ერთად “გამარჯვებულ საქართველოში”.

– ოქრუაშვილი ვახსენეთ და ზემოთ ნახსენები საინფორმაციო ომი ყველაზე მეტად მას დაატეხეს თავს.

– დაატეხეს იმიტომ, რომ გამოკვეთილი ლიდერია მთელ ოპოზიციაში. ასეთივე გამოკვეთილი ლიდერი ჰყავთ ნაციონალებს მიხეილ სააკაშვილის სახით, რომელიც საქართველოში არ არის.

ლიდერის თვისებები აქვთ ნიკა მელიასა და გიგი უგულავასაც. ამიტომაც აღიძრა მათ წინააღმდეგ საქმეები. ოქრუაშვილზე საერთოდ საშინელებებს ამბობენ.

ეს საინფორმაციო ომი კიდევ უფრო გაძლიერდება და თუ მოშემაც არ უშველა და სიტუაცია ვერ გადაწონეს, ივანიშვილი 2020 წლის არჩევნებს აღარ დაელოდება და შეიძლება, საქართველოდანაც კი გაიქცეს.

– რატომ უნდა გაიქცეს?

– არ უნდა, რომ ხალხის თვალში საბოლოოდ გაბანძდეს. მან ყველაზე კარგად იცის, რა რეიტინგიც აქვს დღეს “ქართულ ოცნებას”. ისინი ხშირ-ხშირად ატარებენ კვლევებს და ძალიან კარგად იციან, რას ფიქრობს ხალხი.

ამ საინფორმაციო ომმაც თუ ვერ შეცვალა ხალხის განწყობა, “ოცნების” ლიდერი, უბრალოდ, გაიქცევა.

შორენა მარსაგიშვილი „ახალი თაობა“

 

დატოვეთ თქვენი კომენტარი