”ივანიშვილს გახარიას მოშორება სურს, ნაციონალებს კი მისი დატოვება აწყობთ”

”ივანიშვილს გახარიას მოშორება სურს, ნაციონალებს კი მისი დატოვება აწყობთ”რა არჩევანის წინაშე დგას ბიძინა ივანიშვილი, რატომ ხდება პოლიტიკური ძალების მარგინალიზაცია? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
ლადო სადღობელაშვილი:
– ქვეყანაში არის სრული აჯაფსანდალი და სულ უფრო ჭირს იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება მომავალში. ავიღოთ თუნდაც რუსთაველზე მიმდინარე აქციები, სადაც შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
თავიდან ვფიქრობდი, რომ გახარია არ უნდა გადამდგარიყო. მიმაჩნდა, რომ ნაცების და ბოკერიას მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ახლა ვფიქრობ, რომ დროა, შს მინისტრი წავიდეს. დღეს თუ ვინმეს აწყობს მისი დარჩენა, ეს ყოფილი ხელისუფლებაა.
სააკაშვილის დროს ახლანდელ ხელისუფლებას, რომელიც მაშინ ოპოზიციაში იყო, ასევე არ აწყობდა ვანო მერაბიშვილის გადადგომა. მერაბიშვილი იყო ის თემა, რომელსაც ყოველთვის წამოაძახებდნენ ნაციონალებს.
ახლა ნაციონალები არიან ოპოზიციაში და გახარია მათთვის ერთგვარ გრუშად გადაიქცა – ვისაც არ ეზარება, ყველა ურტყამს შს მინისტრს, ბრახ, ბრახ, ბრახ.
შს მინისტრი დღეს ფაქტიურად გამოუვალ მდგომარეობაშია – გადადგება ვაი. არ გადადგება ვუი.
– რატომ ვაი და რატომ ვუი?
– იმიტომ, რომ თუ გადადგა, ოპოზიცია გამოვარდება, გადავაყენეთო, არ გადადგება და კრივის გრუშად ეყოლება ივანიშვილს დაკიდებული.
ისევე როგორც მთელი “ოცნება”, გახარიაც მაგარ ჩიხშია. არადა მისგან სხვა მოლოდინი მქონდა. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, თუ როგორ დაამყარა მან ძალოვან სტრუქტურებზე კონტროლი. გეუბნებოდით, რომ ის სახელმწიფოს ხერხემლად ყალიბდებოდა.
– ამ ადამიანს გებელსობას და ბერიობასაც უწინასწარმეტყველებდნენ და ჰქონდა კიდეც ამაზე პრეტენზია.
– ეგ ცნობილი ამბავია. ძალიან უსწორდებოდა, როცა ბერიას ადარებდნენ. რამდენად ამართლებს ბერიას ტიტულს, ვერ გეტყვით.
– გახარია ბერია ვერ ან არ გახდა და ამაში ქართველებს ნამდვილად გაგვიმართლა.
– ეგ ჯერ არ ვიცით, გაგვიმართლა თუ არა და გახდება თუ არა გახარია ბერია. არც ის ვიცით, რა შეიძლება მოხდეს ხვალ, ერთი იმის თქმა შეიძლება დანამდვილებით, რომ “ოცნება” ღრმა კრიზისში არის შესული.
მოდი, პირდაპირ გეტყვით – იმდენად ღრმა კრიზისში არიან რომ მწარედ ჩაუვარდათ რიგითი გახარიას გადარჩენის ოპერაცია. ამ მისიის შესასრულებლად ე.წ. ეროვნული ძალები გამოიყვანეს რუსთაველზე. ოპერაციამ სულ სხვა შედეგი გამოიღო – ეროვნული ტიპების საშინელი დისკრედიტაცია მოხდა. ვერც გახარია ვერ გადაარჩინეს და საბოლოო ჯამში, ეს ტიპებიც გამარგინალდნენ.
– ეს თავისით ხდება, თუ ვიღაც უწყობს ხელს?
– ამის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. ის ყველას და ყველაფერს ამარგინალებს.
– მიზანი?
– მისი რეიტინგი მკვეთრად დაეცა და უნდა, რომ სხვები ისე გაამარგინალოს, თავად გამოჩნდეს ყველაზე მაგარი.
აქამდე ამ მიმართულებით მისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ უცბად პოლიტიკაში შემოვიდა მამუკა ხაზარაძე. მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა ფიგურაა, რომლის პოლიტიკაში შემოსვლისაც ასე ეშინოდა ივანიშვილს.

მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში სერიოზული გარანტიების გარეშე არ შემოვიდოდა. და რაკი შემოვიდა, გამოდის, რომ მას სერიოზულად უმაგრებენ ზურგს ამერიკაში. “ოცნების” ლიდერს ამერიკასთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს და წესით უნდა დათმოს, თუ რუსეთმა არ შეაგულიანა.
ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ მოსკოვს არ დაუჯეროს. რუსეთს თავისი გასჭირვებია და მას დიდი ხანი ვერ შეინახავენ.
მან ისიც უნდა გაითვალისწინოს რომ საქართველოში ფაქტიურად გულშემატკივარი აღარ ჰყავს.
– რას ნიშნავს გულშემატკივარი აღარ ჰყავს?
– მან ფაქტიურად ფეხებზე დაიკიდა ის ხალხი, ვინც მთელი იმ წლების მანძილზე ებრძოდა სააკაშვილს. ამ ხალხმა ნაციონალების დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა.
იმის მაგივრად, რომ ეს ხალხი დაეყენებინა გვერდით, პორტირებული ნაცები შემოიკრიბა. ნაცებთან მებრძოლები ახლა მისი მოწინააღმდეგეები გახდნენ და ლამისაა, ნაცებთან დადგნენ.
ბევრი შეცდომა დაუშვა “ოცნების” ლიდერმა და ახლა ამ შეცდომების შედეგებს იმკის. შეცდომები დაუშვა გახარიამაც და ახლა ის ჩიხიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გახარიას მოშორება ივანიშვილსაც სურს და ის აგულიანებს აქციის მონაწილეებს, შს მინისტრის გადადგომა მოითხოვონ.
– ივანიშვილს რატომ უნდოდეს გახარიას მოშორება?
– რატომ? მთელი ძალაუფლება მაგის ხელშია და აღარ აწყობს “ოცნების” ლიდერს ასეთი კაცი. მოდით, დავფიქრდეთ, აქციის მონაწილეები რატომ აკეთებენ აქცენტს მხოლოდ შს მინისტრზე?
მან ახალგაზრდებს თვალები იმიტომ დასთხარა, რომ ბიძინას იცავდა. აქციის მონაწილეებმა ივანიშვილის წასვლა უნდა მოითხოვონ, ასეთ შემთხვევაში მთელი მთავრობა წავა. ახლა კი მხოლოდ გახარიას გვარი ისმის.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა