კახა კოჟორიძე – “3%-იანი ბარიერი უკეთესი იქნება”

კახა კოჟორიძე - "3%-იანი ბარიერი უკეთესი იქნება"“ახალი თაობის” კითხვებს იურისტი, უფლებადამცველი კახა კოჟორიძე პასუხობს
– ბატონო კახა, “ქართული ოცნება” 2020 წლის არჩევნებს პროპორციული წესით ჩაატარებს. თქვენი შეფასებები როგორია აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით?
– საქართველოში კონსენსუსი არსებობდა ყოველთვის, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არის სწორი სისტემა და ის ბევრად უკეთესია მაჟორიტარულ სისტემაზე. რატომ ქვია პროპორციული? პროპორციული ქვია იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიები მანდატებს მიიღებენ მიღებული ხმების პროპორციულად. ანუ ხმები არ დაიკარგება და შესაბამისად, საზოგადოებაში არსებული განწყობები პროპორციულად აისახება მანდატებში.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ძალთა ბალანსი მოხდეს. ჩვენთან ძირითადად პრობლემები მაქედან მოდის, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიებიდან, ხმები არ არის სათანადოთ ასახული პარლამენტში, რაც ბალანსს არღვევს. ეს კი ხელს უშლის სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.
– მაჟორიტარული სისტემით ყოველთვის მოგებულია ხელისუფლება?
– დიახ. თუ გადავხედავთ ჩვენ ბოლო, 2016 წლის არჩევნებს, ფაქტია, რომ “ქართულმა ოცნებამ” მაშინ მიიღო 50%-ზე ნაკლები ხმები პროპორციული კუთხით, მაგრამ მანდატები, მაჟორიტარული მახინჯი სისტემის საფუძველზე, მიიღო 75%-ზე მეტი. მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა მაშინ, როცა ქართველი ამომრჩევლის პოზიცია იყო, რომ არ უნდა მიეღო “ქართულ ოცნებას” სხვებთან დიალოგის გარეშე, მაგრამ ამ მახინჯმა სისტემამ გამოიწვია ის, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა მიიღო.
ამ კონსტიტუციურმა უმრავლესობამ კიდევ გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს, ვინაიდან ბალანსი დაირღვა პოლიტიკურ ასპარეზზე. ძალაუფლება რყვნის და მითუმეტეს რყვნის დაუმსახურებელი ძალაუფლება, როცა შენ არ გაძლევს ამომრჩეველი ამდენ ხმას და მაინც იღებ მახინჯი სისტემით.
– შემოთავაზებულ ვერსიაზე რას იტყვით?
– ის ძალიან კარგია. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე უნდა გაეკეთებინათ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. კარგია, რომ “ქართულმა ოცნებამ” შეისმინა საზოგადოების მოთხოვნა და დათანხმდა ამას. ჩემი პირადი აზრით, ჯობდა, რომ 3%-იანი ბარიერი დაეტოვებინათ.
– ნულპროცენტიანი ბევრს არ მოსწონს, ისმის შეფასებები, რომ ქაოსს გამოიწვევს. ასეა?
– ერთის მხრივ, ცუდია დაუბალანსებელი ძალაუფლება, მეორეს მხრივ, ცუდია ქაოსიც. პარლამენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო, ყოველდღიურ პროცესში არაერთი კანონის მიღება უნდა მოხდეს. ქაოტური სიტუაცია ძალიან შემაფერხებელი იქნება და გაჭედავს გადაწყვეტილებების მიღებას.
– ანუ ჯობდა ყოფილიყო 3%-იანი ბარიერი?
– ამიტომ ჯობდა 3%-იანი ბარიერი. 3%-იანი რომ უკეთესია, ვიდრე ნულოვანი, ამაზე კონსენსუსი არსებობდა და მათ შორის “ქართული ოცნებაც” ამ აზრზე იყო და ამიტომ ჩაიწერა 3% და არა 0 პროცენტი კონსტიტუციაში. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ კარგია, რომ “ქართულმა ოცნებამ” თქვა, რომ ეს ნულოვანი ბარიერი არის ერთჯერადი და არ შეეხება 2024 წლის არჩევნებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება 0%-იანი თუ 3%-იანი, შემოთავაზებული ვერსია ცალსახად ჯობია მოქმედს და ახლა ყველა პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ ისეთი პოზიცია უნდა დაიჭიროს, რომ “ქართულ ოცნებას” რაიმე საბაბი არ მიეცეს ამ გადაწყვეტილების შეცვლის.
– ფიქრობთ, რომ საბაბს ეძებს “ოცნება”, რომ უარი თქვას მის მიერვე შემოთავაზებულ ინიციატივაზე?
– იმედია, “ოცნებას” არ აქვს ის დამოკიდებულება, რომ საბაბის ძებნა დაიწყოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ იქნება.
100 დეპუტატს აქვს ხელი მოწერილი და ეს უკვე კარგია და “ქართული ოცნების” ნება, რომ ეს ცვლილება განახორციელოს, უკვე ნათელია. თუმცა არსებობს იმის რისკი, რომ თუ ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს გამოუცხადებენ, მაშინ ყველაფერია მოსალოდნელი.
ფაქტია ისიც, რომ “ქართულ ოცნებას” არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ ეტაპზე, რამდენიმე დეპუტატი აკლიათ, რომ მარტო, დამოუკიდებლად, შეცვალოს საარჩევნო სისტემა. ამისთვის მას სჭირდება ოპოზიციური ხმები. ამიტომ ბოიკოტის რეჟიმი ცალსახად არ იქნება კარგი და არც ვფიქრობ, რომ ეს მოხდება.
ამ პროცესში თუ იქნება არგუმენტები ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან წარმოდგენილი, რომ ნულოვან ბარიერს 3%-იანი ბარიერი ჯობს, მე არ მესმის, რატომ არ უნდა მიიღოს ხელისუფლებამ მხედველობაში ეს არგუმენტები.
ამიტომ იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და ვნახოთ, როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ პროცესს და რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა