კახა კუკავა – “ნაციონალური მოძრაობა კანონით უნდა აიკრძალოს”

კახა კუკავა - "ნაციონალური მოძრაობა კანონით უნდა აიკრძალოს"“ახალი თაობის” კითხვებს პარტია ”თავისუფალი საქართველოს ”ლიდერი კახა კუკავა პასუხობს
კახა კუკავა:

– ოცნების” რეჟიმს დღეს აქვს ნულოვანი ლეგიტიმაცია. ეს არის ობიექტური მიზეზი პროტესტის. გარდა ამისა, პროტესტს აქვს სუბიექტური მიზეზი, რომ ქვეყანაში არსებობს ტერორისტული ორგანიზაცია ნაციონალური მოძრაობის და “ევროპული საქართველოს” სახით, რომელიც დაინტერესებულია, რომ ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში მოაწყოს არეულობა, პროვოკაცია და პუტჩი.
ამიტომ, პატარა ნაპერწკალიც კი საკმარისია, რომ ეს ორი მიზეზი გადაიზარდოს დიდ არეულობაში. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ორივე მიზეზი აღმოვფხვრათ.
– როგორ მოახერხებთ ამას?
– ნაციონალური მოძრაობა კანონის ძალით უნდა აიკრძალოს. ხოლო მეორე მიზეზს რაც შეეხება, უსამართლობის განცდის აღმოფხვრას, ამასაც ჭირდება ძირეული რეფორმების გატარება, რაც ამ ხელისუფლებას არ შეუძლია და ეს პროცესი უნდა დაიწყოს 2020 წლის შემდეგ.
ამ ორი ძირითადი პრობლემის აღმოფხვრა დაიწყება მხოლოდ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მანამდე, ეს ერთი წელი, ჩვენ ვართ ნაღმზე. ნაციონალური მოძრაობა, როგორც ქვეყნის მტერი, დადის და ქვეყნის ყველა კუთხეში ეძებს, აბა სად შეიძლება არეულობის მოწყობა. აბა სად შეიძლება ცეცხლი წავუკიდოთ, სად ცეცხლზე ნავთი დავასხათ. ამ დროს, როცა ნაციონალური მოძრაობა ასე დადის, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ტვინი, რომ ქაღალდი და შეშა არ დაყაროს ყველა კუთხეში.
– შესაძლოა სწორედ სასამართლოს თემა გახდეს ადვილად აალებადი?
– ეს გავრილოვის თემაც გამოწვეული იყო სასამართლოს თემიდან, იმიტომ, რომ გავრილოვის თემას წინ რა უძღოდა, უნდა გავიხსენოთ. ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნები, როცა პირველი ტურის შემდეგ ხელისუფლებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა ბოდიში მოიხადა საზოგადოების წინაშე და თქვა, რომ ის გამოასწორებდა იმ შეცდომებს, რაც დაშვებული იქნა გასული 6 წლის მანძილზე.
და გამოსწორების ნაცვლად რა მოხდა?! ზუსტად საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე მათ დაიწყეს მურუსიძეების და ჩინჩალაძეების წარდგენა უზენაეს სასამართლოში. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომლის გამოც საზოგაოებამ საბოლოოდ ზურგი შეაქცია ამ ხელისუფლებას. ხოლო გავრილოვი უკვე საბაბი იყო.
– “ოცნება” ასწრებს და ცდილობს, რომ 2020 წლამდე მაქსიმალურად გაიმყაროს პოზიციები სასამართლო ხელისუფლებაში?
– დიახ და ეს არის აბსოლუტურად უაზრო გეგმა. მორჩა, “ქართული ოცნება” არის წარმავალი, მან თავისი მოჭამა, ახლა არის 2 ვარიანტი – ან მოიგლიჯავენ, ან წავა ეტაპობრივად. ჩვენ ვთავაზობთ, რომ ცივილურად, ეტაპობრივად დატოვონ ხელისუფლება.
თუ ისევ მურუსიძის სასამართლოს დაგვასვამს თავზე, მაშინ არჩევნებამდე კი არ მივა სიტუაცია, მაშინ ნაციონალური მოძრაობა მოაწყობს ქუჩაში ისევ რევოლუციას, ეს რევოლუცია დაამხობს “ოცნების” ხელისუფლებას და “ოცნება” ციხეში წავა და ჩვენ აფსაიტში. აი, ეს იქნება საბოლოო შედეგი.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა