კონსტანტინე გამსახურდია – “2020 წელს კოალიციური მთავრობა გვექნება”

კონსტანტინე გამსახურდია - "2020 წელს კოალიციური მთავრობა გვექნება"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო კონსტანტინე, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რამდენად ელოდებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილება მოხდება და შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე გადავალთ?
– ეს პროცესი დაიძრა და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთხელ და საბოლოოდ გადავალთ არსებული მოდელიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.
– თუ “ქართული ოცნება” იტყვის, რომ მაჟორიტარები არ არიან თანახმა?
– ასე არ გამოვა. თუ ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ნება იქნება, მაშინ ეს ცვლილება აუცილებლად მოხდება. თუ არა, მაშინ არ მოხდება.
– და როგორ შეიძლება ამის შემდეგ პროცესები განვითარდეს?
– ამის წარმოდგენაც კი არ მინდა! ეს უკვე იქნება შეგნებული პროვოცირება თავად ხელისუფლების მიერ, რასაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს. ეს იყო პოლიტიკური დაპირება და რა გამოვა, რომ ხელისუფლებამ მთელი საზოგადოება, ამომრჩევლიან-ოპოზიციანა გადააგდო?! წარმოუდგენელია!
– ნულოვანი ბარიერი ერთხელ უკვე იყო ქართულ პოლიტიკურ რეალობაში გამოყენებული, რამაც მაშინ გაამართლა. გაამართლებს ახლა?
– მე, ეს პერიოდი ძალიან კარგად მახსოვს და ვიცი. ნულოვანი ბარიერი არის პოლიტიკური პროცესის ხელის შესაწყობად. ამიტომ არის ეს მოგონილი.
დღეს პოლიტიკური სისტემა მაფიოზურია. არიან დიდი, მონსტრი პარტიები, რომლებსაც ყველაფერი ჯიბეში აქვთ. პოლიტიკური ველი აქვთ მონოპოლიზებული ფინანსური, ადმინისტრაციული რესურსით და ამ ფონზე ვიღაცეები ერთკაციან პარტიას ეძახიან პარტიებს, რომლებსაც არც ადმინისტრაციული რესურსი უდევთ ჯიბეში და არც ფინანსები. ეს არის ცინიზმი და სხვა არაფერი.
უკვე მერამდენედ გამოვცადეთ, რომ უმრავლესობის დომინირება დამღუპველია. მოდის ერთი ლიდერი, თავისის მონსტრი პარტიით, რომელიც იღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას და შემდეგ 8 თუ 10 წლის შემდეგ რას ვხედავთ, გადატრიალების გზით უნდა დაემხოს.
ამიტომ, ერთხელ და საბოლოოდ რომ დავასრულოთ შევარდნები, გამოვარდნები, გადატრიალებები, ყველაზე ოპტიმალური გზა არის ევროპული გზა. ევროპული გამოცდილება – კოალიციური მთავრობა, როდესაც ყველა ერთად, გარკვეული პირობებით თანხმდება იმაზე, რომ ქვეყნის განვითარებაზე და მომავალზე აიღოს პასუხისმგებლობა.
ეს არის ერთმანეთის დაბალანსების, ერთმანეთის გაკონტროლების, ერთმანეთზე პასუხისმგებლობის გადანაწილების პოლიტიკა. თუ ამ გზით არ წავალთ, არაფერი გვეშველება.
გადატრიალებების ისტორია უნდა დავასრულოთ. 26 წელია ვუყურებთ სრულ მონოპოლიას, რაღაც მონსტრს, რომლიც მოდის და შემდეგ წასვლა არ უნდა. ამიტომ, დღის წესრიგში შემოდის გადატრიალება, შევარდნა, ეს უნდა დავამთავროთ!
– როგორ?
– საარჩევნო სისტემის რეალური ცვლილება მთელი თავისი შემადგენელი ნაწილით იქნება ერთ-ერთი წინაპირობა, რომ რაღაც შევცვალოთ. მეორე ნაბიჯი იქნება კოალიციური მთავარობა, მუდმივი დიალოგის რეჟიმში, რა უკეთესია და რა ჯობია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ დასავლური გამოცდილების იქით გზა არ გვაქვს.
– კოალიციურ მთავრობას ხშირად პრობლემები ახლავს, თუნდაც დასავლეთში, მაგალითად, გერმანიაში, იტალიაში ხშირია ვადამდელი არჩევნები.
– მე გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ამ ერთპარტიული უკულტურობიდან დასავლურ პოლიტიკურ კულტურაზე უნდა გადავეწყოთ. მაგალითად, სულ ახლახან უკრაინაში არჩევნებში 5 პარტია გავიდა, მართალია, ერთი უმრავლესობით, მაგრამ იქაც კოალიციურ მთავრობაზე დაიწყებენ ფიქრს.
– 2020 წლის არჩევნებზე მინდა გკითხოთ, როგორია თქვენი მოლოდინი?
– 2020 წლის არჩევნების შედეგად ჩვენ პირველი რეალური კოალიციური მთავრობა გვექნება და ეს იქნება ისტორიული ნაბიჯი საქართველოს უახლესი პოლიტიკის ისტორიაში.
ევროპული პოლიტიკური კულტურა უნდა დავამკვიდროთ, სხვა გზა არ გვაქვს. თუ ამ გზით არ წვალთ და თუ პოლიტიკურ რეალობას არ გავაჯანსაღებთ, მაშინ ვიტრიალებთ ამ მოჯადოებულ წრეზე.