ლადო სადღობელაშვილი – “კალაძე ნოღაიდელთან და იაკობაშვილთან ერთად პარტიას ქმნის”

ლადო სადღობელაშვილი - "კალაძე ნოღაიდელთან და იაკობაშვილთან ერთად პარტიას ქმნის"ვისთან ერთად აპირებს ივანიშვილი კოალიციის შექმნას, რას შეცვლის მამუკა ხაზარაძე, რატომ არის შარში კახა კალაძე, რატომ იყო საქართველოში რუსეთის ეფესბეს მაღალჩინოსანი ჩამოსული? – ამ თემებზე “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
– ლადო, თქვენ პირველი იყავით, ვინც თქვა, რომ ივანიშვილი 2020 წელს კოალიციურ მთავრობას შექმნის. მაშინ ამ შეფასებას ყველამ ირონიული კომენტარი გაუკეთა. რამდენიმე დღის წინ კი “ოცნება” აქტიურად ალაპარაკდა კოალიციურ მთავრობაზე.
– ალაპარაკდნენ იმიტომ, რომ სხვა გზა აღარ აქვთ. როდესაც ლიდერს ხელისუფლებაში დარჩენა სურს, ის იძულებულია, გვერდში ისეთი ადამიანებიც კი დაიყენოს, რომლებიც მისთვის რაღაც დოზით მიუღებლები არიან. ასეთ ტიპებთან ივანიშვილს თანამშრომლობა არ გაუჭირდება. 2011 წელსაც შექმნა მან კოალიცია და იქაც ბევრი ვინმე არ მოსწონდა, მაგრამ ასე იყო მაშინ საჭირო.
2012 წლისგან განსხვავებით, “ოცნება” პარლამენტში კოალიციით აღარ შევა. კოალიცია პარლამენტში შესვლის შემდეგ შეიქმნება.
ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსვლა და რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემა დროში შემთხვევით არ დაემთხვა. მტკიცებით ფორმაში ჯერ არ მინდა ლაპარაკი, მაგრამ ვარაუდს კი მოგახსენებთ.
მამუკა ხაზარაძე ასე თუ ისე გაიგივებულია დასავლეთთან, კონკრეტულად ამერიკასთან. რომლისთვისაც იმდენად მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტი, რომ ვაშინგტონმა წითელი თუ არა ყვითელი მაინც აუნთო ივანიშვილს. აშშ-მ დაინახა, რომ “ოცნების” ლიდერმა შეაფერხა ამ მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობა.
ამერიკის მიერ მხარდაჭერილი ხაზარაძის ირგვლივ ერთიანდება ძალიან სერიოზული ჯგუფი. რუსთავი 2-ის ჩაძირვა ემსახურება ამ ადამიანის წინ წამოწევას. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობა დღეს რომ მთავარი ოპოზიციური ძალაა, ეს რუსთავის დამსახურებაა.
მსხვილი პარტია, რომელსაც არ აქვს ტელევიზია, ვეღარ იარსებებს, ივანიშვილმა ნაციონალებს ეს გაუჩალიჩა. ცოტა ხანში ამ პარტიას სრულად ჩაძირავს.
– ამას დრო გვიჩვენებს.
– დამიჯერეთ, ნაციონალებს ბიძინა დაასამარებს. “ოცნების” ლიდერი ამ პარტიას სააკაშვილის გამო ვერ იტანს. რა უთანხმოება აქვს მას მიშასთან, ამაზე არავინ საუბრობს.
მას შემდეგ რაც სააკაშვილს ბოკერიას გუნდი გაემიჯნა, ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა “ევროპული საქართველოს” გასაძლიერებლად. ეტყობა, მთავარ მიზნად მიშას და მისი გარემოცვის განადგურება აქვს დასახული. 2020 წლისთვის ნაციონალური მოძრაობა მთავარი ოპოზიციური ძალა აღარ იქნება. ამ ნიშას მამუკა ხაზარაძის გუნდი დაიკავებს.
– “ევროპული საქართველო” ვერ გაქაჩავს?
– შეეცდებიან და ამისთვის ევროქოცები სერიოზულ ფულს დახარჯავენ. ფულის ხარჯვაზე თუ მიდგა საქმე, ფულის ნაკლებობა არც ხაზარაძეს აქვს. მას ისეთი ხალხი დაუდგა გვერდში, როგორებიც არიან თემურ ჭყონია, ლაშა პაპაშვილი. ბევრმა ბიზნესმენმა მოიყარა მის გარშემო თავი.
– მთლიანობაში მათ ალბათ ივანიშვილზე მეტი ფული ექნებათ.
– ძალიან ბევრი ფული აქვთ, მაგრამ ივანიშვილამდე ვერ აღწევენ, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ბიძინაზე ნაკლები შანსები ექნებათ.
ჩვენთან არჩევნების ყიდვა ერთგვარ ტრადიციად იქცა, მაგრამ დგება ხოლმე მომენტები, როცა დიდი ფულითაც კი ვეღარ გამოასწორებ საქმეს. 2012 წელს სააკაშვილმა 100 მილიონი დოლარი დახარჯა. ამდენი ფული საქართველოში არჩევნებში არასდროს დახარჯულა, მაგრამ ამ ფულმა მას ვერ უშველა. ახლაც ასეთი დრო დგება, ივანიშვილმა რაც უნდა ფული დახარჯოს, ძველ შედეგს ვეღარ დადებს.
ბიზნესმენები, რომლებიც ხაზარაძის გვერდში დადგნენ, ცოტა ხნის წინ არც კი ფიქრობდნენ პოლიტიკაში მოსვლაზე, ახლა იძულებული არიან, ასე მოიქცნენ.
– ვინ აიძულა?
– ივანიშვილმა, დღევანდელმა ხელისუფლებამ. ფაქტიურად შეჭამეს ეს ბიზნესმენები. ისინიც იძულებული გახდნენ, ერთად დამდგარიყვნენ. მათ ხელისუფლების ცვლილება არა ქვეყნის საკეთილდღეოდ, არამედ საკუთარი თავის და ბიზნესის გადასარჩენად სჭირდებათ.
ბიზნესმენები სავარაუდოდ ძლიერ გუნდს შექმნიან. გამოფიტულ “ოცნებას” მათთვის კონკურენციის გაწევა გაუჭირდება. შეიძლება უმრავლესობაც კი ვერ აიღოს. ეს რომ თავიდან აიცილოს, ივანიშვილმა წინასწარ დაიკავა თადარიგი. ის რამდენიმე პატარა პარტიას შექმნის და მათ პარლამენტში მოხვედრაში დაეხმარება და მათთან ერთად შექმნის იქ კოალიციას.
მარტო ამ პარტიების იმედად ვერ იქნება და ამიტომაც რამდენიმე უკვე არსებულ პარტიასთანაც ითანამშრომლებს.
– მაგალითად ვისთან?
– თუნდაც ბურჯანაძის პარტიასთან.
– ბურჯანაძეს რომ ვერ იტანს?
– ასე ვერ იტანდა ბევრს 2011 წელს, მაგრამ მათთან ერთად შექმნა კოალიცია “ქართული ოცნება”. ის აუცილებლად ითანამშრომლებს დავით უსუფაშვილთან. ითანამშრომლებს პატრიოტთა ალიანსთანაც.
– როგორც ამბობენ, ისინი ახლაც თანამშრომლობენ.
– რა თქმა უნდა, თანამშრომლობენ. აბა როგორ მოხვდნენ პარლამენტში? 2020 წლის არჩევნების შემდეგ ძალიან, ძალიან საინტერესო პროცესები დაიწყება. არ გამიკვირდება, რომ მთავრობაში დღევანდელი ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ვიხილოთ მინისტრად. სერიოზულ კოალიციას შექმნის მამუკა ხაზარაძეც.
– მან რომ მოიპოვოს უმრავლესობა?
– ამას ბიძინა არ დაუშვებს და ამისთვის ძალიან დიდ ფულს დახარჯავს. პირდაპირ მოისყიდის დეპუტატებს.
– ფული ხაზარაძესაც ხომ აქვს?
– ის მილიონერია, ბიძინა – მილიარდერი. ბუნებრივია, რომ მილიარდერს ბევრად მეტი ფულის გადახდა შეუძლია.
ამასთან არ დაგვავიწყდეს რუსეთის ფაქტორიც. დღეს ჩვენი ქვეყანა მოსკოვისკენ გადაიხარა. კრემლის მთავარი დასაყრდენი აქ ბიძინა ივანიშვილია. მოსკოვი არ დაუშვებს, რომ ის ხელისუფლებას ჩამოშორდეს.
ის დარჩება ხელისუფლებაში, ხაზარაძე კი მისი მთავარი ოპოზიცია იქნება, რომელსაც დასავლეთი დაუჭერს მხარს,
– რატომ დაუჭერს დასავლეთი ხაზარაძეს მხარს?
– პირველ რიგში ანაკლიის პორტის გამო. ამასთან, ხაზარაძე დასავლეთთან არის დაკავშირებული.
– თქვენი ვარაუდით, ხელისუფლება იქნება პრორუსული და ოპოზიცია პროდასავლური?
– ხელისუფლება ღიად არ იტყვის, პრორუსული ვართო, მაგრამ მოსკოვზე ექნება სწორება. ოპოზიცია კი ღიად პროდასავლურ პოზიციას დაიკავებს.
– ოპოზიციაშიც მრავლად რომ გვყავს პრორუსული ძალები, რამდენიმე მათგანს თქვენ პარლამენტში შესვლაც უწინასწარმეტყველეთ.
– პატრიოტთა ალიანსი და ბურჯანაძის პარტია პრორუსული ძალები არიან, მაგრამ ისინი ივანიშვილთან წავლენ. ხაზარაძეს პროდასავლურები შეუერთდებიან.
სხვათა შორის, მოსკოვმა ერთხელ უკვე სცადა საქართველოში მძლავრი პრორუსული კოალიციის შექმნა, მაგრამ ეს პროექტი ჩავარდა.
– როდის მოხდა ეს?
– წინა საპარლამენტო არჩევნებზე. ეს ამბავი ყველას მივიწყებული ჰქონდა, მაგრამ ივანიშვილმა თავისი განცხადებით ამოატივტივა.
– რომელი განცხადებით, შეგიძლიათ უფრო დეტალურად გვითხრათ?
– რამდენიმე დღის წინ “ოცნების” ლიდერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან გავრილოვის ამბებზეც ისაუბრა და იკითხა, ის რატომ არავინ გააპროტესტა, ეფესბეს ყოფილი შეფი საქართველოში რომ იყო ჩამოსულიო.
რუსი ძალოვანი საქართველოში 2016 წელს იყო ჩამოსული და მას უნდა შეექმნა პრორუსული კოალიცია. შეგახსენებთ, რომ იმ წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა. შეთანხმება რომ შემდგარიყო, დღეს პარლამენტში მძლავრი პრორუსული გაერთიანება გვეყოლებოდა.
– ვის უნდა შეექმნა ეს ერთობა ან რატომ ჩაიშალა?
– ეს ერთობა პრორუსული პარტიებისგან უნდა შექმნილიყო. გეგმის თანახმად, კოალიციაში ბურჯანაძის პარტია და პატრიოტთა ალიანსი უნდა შესულიყვნენ.
– მაშინ ამბობდნენ, რომ ამ ორ პარტიასთან ერთად ღარიბაშვილიც უნდა ყოფილიყო ალიანსში.
– ეგ სხვა ამბავი იყო. რუსულ გეგმაში ღარიბაშვილის გვარი არ ეწერა, მაგრამ ეწერა კახა კუკავა. ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ეს კოალიცია ბურჯანაძის და ირმა ინაშვილის გამო არ შედგა.
– მათ ერთმანეთი ხომ ძალიან არ უყვართ?
– არ უყვართ და ვერც გაერთიანდნენ.
– ახლა როგორ გაერთიანდებიან? თავად თქვით, ივანიშვილის კოალიციაში იქნებიანო.
– ეს არ იქნება გაერთიანება. ისინი “ოცნებასთან” ითანამშრომლებენ. ინაშვილს და ბურჯანაძეს ერთმანეთი არ უყვართ, მაგრამ უფრო მეტად ნაციონალებს ვერ იტანენ. მათი სიძულვილით როგორმე აიტანენ ერთმანეთს ივანიშვილის კოალიციაში.
– ლადო, ამბობთ რომ მინისტრებად შეიძლება ოპოზიციონერები ვიხილოთ. ამას ძირძველი მეოცნებეები როგორ შეხვდებიან?
– აქ მთავარია ბიძინა ივანიშვილი, მეოცნებეებს არავინ არაფერს ჰკითხავს. ლიდერის გარეშე ისინი არაფერს წარმოადგენენ. ამ მხრივ კახა კალაძე და გიორგი გახარია არიან გამონაკლისი.
მამუკა მდინარაძეს, არჩილ თალაკვაძეს და გია ვოლსკის რომ ლიდერი არაფერს ჰკითხავს, ეს მგონი ყველასთვის ცხადია.
– გახარიას და კალაძეს თუ ჰკითხავს აზრს?
– თუ 2020 წლამდე მიაღწევენ, შეიძლება ჰკითხონ.
– რას ნიშნავს თუ მიაღწევენ. ფიქრობთ, რომ ივანიშვილი მათ შეელევა?
– რა თქმა უნდა. პირველ რიგში გახარიას გაუშვებს. მანამდე მას პოლიტიკურ ველს მოასუფთავებინებს და მერე მისცემს წასვლის უფლებას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყანაში პროცესები იცვლება, შესაძლოა, არც გაუშვას. მისგან განსხვავებით, “ოცნებაში” ერთი სული აქვთ, როდის წავა გახარია. საიმისოდ ძალღონეს არ იშურებენ.
– რას გულისხმობთ, ტიპები ხმამაღლა აცხადებენ შს მინისტრი არ უნდა წავიდესო.
– ერთია, რას იძახი, მეორეა, რას ფიქრობ და მესამეა, რას აკეთებ. ხელისუფლების დიდი ნაწილი გახარიასთვის პოლიტიკური საფლავის გათხრით არის დაკავებული.
გაგახსენებთ 20 ივნისის სისხლიან ღამეს. თქვენი აზრით, იმ ღამეს გახარიას მარტო ოპოზიცია დაუპირისპირდა? იქ ძალიან საინტერესო ხალხი ვნახე. ამაზე ყველა დუმს.
– მაინც ვინ ნახეთ?
– ერთ-ერთი საფეხბურთო გუნდის ფან-კლუბი. ამ ფანკლუბს პირდაპირ სპეცსამსახურები აკონტროლებენ. ფან-კლუბის წევრები სერიოზული რადიკალიზმით გამოირჩეოდნენ. ამით გამოდის, რომ გახარიას შიგნიდანაც ებრძვიან.
რაც შეეხება კახა კალაძეს, მას მაღალი რეიტინგი შეუქმნის სერიოზულ პრობლემებს.
ცოტა ხნის წინ პოლიტიკოსების რეიტინგები გამოქვეყნდა, იქ კალაძე ისევ მაღალ პოზიციაზეა, რაც ივანიშვილს ძალიან არ მოსწონს. ყველა ის ლიდერი, რომელსაც “ოცნებიდან” მაღალი რეიტინგი ჰქონდა, გამქრალია. მხედველობაში ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი მყავს.
ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ერთი რამე უნდა იცოდეს, კალაძე ისე ჩუმად არ წავა, როგორც ეს ღარიბაშვილმა გააკეთა.
კალაძეს თავისი ფულიც საკმაოდ აქვს, მაგრამ მას კიდევ ორი ფულიანი ადამიანი უდგას გვერდით. ერთია იაკობაშვილი, რომელსაც პუტინთან პრობლემები შეექმნა და რუსეთიდან ევროპაში გაიქცა. ხოლო მეორეა ზურაბ ნოღაიდელი. ეს კაცი ერთი შეხედვით ჩუმად არის, მაგრამ მილიონებს აკეთებს.
– გინდათ თქვათ, რომ ისინი კალაძეს დააფინანსებენ?
– რატომაც არა. ყველას უნდა, მისი კაცი იყოს ხელისუფლების სათავეში.
– კალაძე გაბედავს ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლას?
– სხვებისგან განსხვავებით, მას ამისთვის ფულიც აქვს და სახელიც. თავისი ნებით “ოცნების” ლიდერის წინააღმდეგ არ წავა, მაგრამ შეიძლება საკუთარი პარტია შექმნას.
– თუ აიძულა?
– მაშინ წავა. მას სერიოზული ამბიციები აქვს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა