ლადო სადღობელაშვილი – “ხაზარაძემ ოპოზიციის აქციები 3 მილიონი დოლარით დააფინანსა”

ლადო სადღობელაშვილი - "ხაზარაძემ ოპოზიციის აქციები 3 მილიონი დოლარით დააფინანსა"რატომ შემოვიდა პოლიტიკაში მამუკა ხაზარაძე? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება
ლადო სადღობელაშვილი:
– გასული წლის ბოლოს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ვთქვი, რომ 2019 წლის შემოდგომაზე საქართველოში შეიქმნებოდა პარტია, რომელიც გადაიბარებდა ხელისუფლებას.
გითხარით ისიც, რომ ამერიკას ისეთი ტიპის მოცემულობის შექმნა სურს, როგორიც ეს იყო 2011 წელს. მაშინ გამოჩნდა ივანიშვილი და ერთი წლის თავზე ხელისუფლება გადაიბარა. ამ მისიის შესასრულებლად ახლა ამერიკა მამუკა ხაზარაძეს გამოიყენებს.
– თქვენი აზრით, ხაზარაძის უკან ამერიკა დგას?
– აბა ვინ დგას? ამ ადამიანმა სერიოზული კავშირები დაამყარა. ანაკლიის პორტი საერთოდ ნატოს პროექტია. ამერიკამ ხაზარაძის სახით ახალი მოცემულობა შესთავაზა ხელისუფლებას.
მას აქვს სერიოზული შანსი საიმისოდ, რომ “ქართული ოცნება” ჩაანაცვლოს. მმართველ პარტიაში ეს იციან და ამიტომაც არიან მის მიმართ აგრესიულად განწყობილები.
– “ოცნებაში” იმასაც ამბობენ, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციების ერთ-ერთი დამფინანსებელი არის ხაზარაძე.
– აქციებს რომ დაფინანსება სჭირდება, ეს ახალი ამბავი არ არის და ეს არც დანაშაულად ითვლება. სხვა აქციების მსგავსად, ეს აქციაც დაფინანსებულია და მისი ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი ხაზარაძეა.
მე იმ თანხის დასახელებაც შემიძლია, რა თანხაც მან გაიღო. საუბარია 3 მილიონ დოლარზე.
– საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?
– რომ გითხრათ, გაგეცინებათ – “ევროპული საქართველოს” რიგებიდან მომაწოდეს ეს ინფორმაცია. ვინც ეს მითხრა, ის ადამიანი საკმაოდ მაღალ პოზიციაზეა.
დავუბრუნდები ისევ იმ თემას, რომელიც ზემოთ გავშალეთ – ხაზარაძე არის ამერიკის შემოთავაზება. მას აქვს რამდენიმე პატარა ტელევიზია. ამის გარდა, მას ეხმარება საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკური გუნდი. ვიტყოდი, რომ ეს საუკეთესო გუნდია ქართულ პოლიტიკაში.
– ვისზე საუბრობთ?
– ცხადია, ბოკერიაზე. ეს ადამიანი მე არ მომწონს, მაგრამ უჭკვიანესი ტიპი და ნამდვილი პოლიტიკოსია. თავის დროზე ბოკერიამ და მისმა გუნდმა გახადა სააკაშვილი პრეზიდენტი.
– გინდათ თქვათ, რომ ბოკერია და ხაზარაძე ერთად არიან?
– ხაზარაძე ამერიკის ახალი შემოთავაზებაა, ბოკერია კი ყოველთვის მათი კაცი იყო. ასე რომ, მათ საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდებოდათ.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა