მაგდა პაპიძე – “ჩემი ქმარ-შვილი სპეცრაზმელმა მოკლა, გორის მხარეს ცხოვრობს, ტყვიავს ახსენებდა ხოლმე ომარი”

მაგდა პაპიძე - "ჩემი ქმარ-შვილი სპეცრაზმელმა მოკლა, გორის მხარეს ცხოვრობს, ტყვიავს ახსენებდა ხოლმე ომარი"ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე “იმედის კვირასთან” ყვება, თუ როგორ ცხოვრობს და რას აკეთებს საპატიმროში.
მისი თქმით, ციხემ საკუთარი თავის სიყვარული ასწავლა.
“ციხეში რა გამოვიარე, საკუთარი თავის მოფერება და სიყვარული ვისწავლე. დავდექი სარკესთან და ჩემს თავს ვაკოცე”.

პაპიძე ციხეში ხატავს, მუშაობს თიხაზე და ეს საქმიანობა სიამოვნებას ანიჭებს.

”ძნელია ნამუშევრებით მოყვე, რაც შიგნით იგრძნობა, მაგრამ მაინც საშველია. ვკითხულობ. მიყვარს ლიტერატურა. გადავწყვიტე, წერილებზე მემუშავა.

უვადო პატიმარობა ჩემთვის არის გზა შიზოფრენიისკენ, გზა თვითმკვლელობისკენ, ” – ამბობს მაგდა პაპიძე და საბედისწერო დღეს იხსენებს.
მისი თქმით, იმ დღეს ძალიან სუსტად იყო და ცუდი შეგრძნებები ჰქონდა.

“მე დილიდან სუსტად ვიყავი, არ ვიცი, ეს შეგრძნებები იყო თუ რა იყო, ბავშვიც დილიდან ხელში აყვანას მთხოვდა.

როცა ომარი მოვიდა შუადღეს, ვემზადებოდით მის დასახვედრად. შაბათი იყო, ომარი მოვიდა, გავამზადეთ ყველაფერი. ცუდი განწყობა მქონდა. ავარიის თემაზე მელაპარაკებოდა.

შუადღეს უბნის სალონში გამოვედი, თმა მოვიწესრიგე და დავბრუნდი. ომარს დაურეკა მეგობარმა და ომარი გავიდა და ისაუბრეს. მითხრა, რომ ბექასთან ერთად უნდა წასულიყო და თორნიკესთვის უნდა ეყიდა ხაჭაპური, ან საცხობში რაც მოუნდებოდა,” – ამბობს პაპიძე.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ომარის სიკვდილი 8-დან 9 საათამდე დადგა. მაგდა პაპიძის მტკიცებით, ის ამ დროს სახლში იყო და მეორე დღისთვის ემზადებოდა.

მაგდა პაპიძე ამბობს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია. მისი თქმით, მისი ქმარ-შვილი ყოფილმა სპეცრაზმელმა დახოცა.
„ეს იყო ის ბიჭი, რომელიც რაიონიდან დადიოდა. შემდეგ მოხსნეს, ალბათ ვალები ჰქონდა. სახელმწიფო იძლევა იმის საშუალებას, რომ სესხები აიღო. მისი ვინაობა არ ვიცი, მაგრამ გორის მხარეს ცხოვრობს, ტყვიავს ახსენებდა ხოლმე ომარი. ერთი-ორჯერ ტელეფონში შეხლა-შემოხლა მოუხდათ და გინების ხმაც მესმოდა. მე ვფიქრობ, რომ დაწინაურების გამო მოხდა”, – ამბობს მაგდა პაპიძე.

პაპიძე აცხადებს, რომ სასამართლოზე ერთადერთი ტყუილი თქვა და ეს იყო თავის ფეხმძიმობისა და იმ ბავშვის მამის ვინაობის შესახებ, რომელსაც მუცლით ატარებდა.
მისი თქმით, სასამართლოზე ტყუილი იმის გამო თქვა, რომ მეგობარი მამაკაცის, ოთო ბერძენიშვილის მიმართ სტრატეგიული ეჭვები არ ყოფილიყო.
“ერთადერთი ტყუილი რაც მე ოთოს გამო ვთქვი და ღმერთი დავიფიცე, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ოთოს მიმართ სტრატეგიული ეჭვი არ ყოფილიყო, ვთქვი, რომ ეს ოთოს შვილი არ იყო და ოთოსგან არ ვიყავი ორსულად , მაგრამ ოთომ იცოდა, რომ ომარისგან ვიყავი ორსულად. ეს ბავშვი არავის უდარდია, ეს იყო ჩანასახი, რომელიც იყო ცოცხალი. ეს იყო ოთო ბერძენიშვილის (მეგობარი მამაკაცი) შვილი. ღალატისგან თავს ვერავინ გაიმართლებს” – ამბობს მაგდა პაპიძე.

ნიუპოსტი