მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში მივიდა – ”ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შსს-ს ხელში ვართ”

მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში მივიდა - ”ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შსს-ს ხელში ვართ”„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მივიდნენ.

როგორც ხაზარაძემ რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, „ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის შესაჩერებლად“.

„სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს თავის მოძრაობას ჩვენ წინააღმდეგ, რომელიც წელიწადზე მეტია გრძელდება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის მიმართული ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად. ანალოგიური შემოტევა იყო იანვარში. ჩვენ ამან მოგვაყენა ძალიან სერიოზული ზიანი, როგორც ბანკის აქციონერებს, ისე ანაკლიის პროექტის განხორციელებას.

გუშინ ავირჩიეთ სამშენებლო კომპანია, საეჭვოდ დაემთხვა ერთ-ერთი მინისტრის განცხადება, რომ პროგრესი არაა. დღეს ვიგებთ პროკურატურის განცხადებას ისევ ტელევიზიით, რომ ზიანი მიაყენონ ანაკლიის პროექტს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ანაკლიის პროექტი ხაზარაძის პროექტია, ძალიან ცდება. ესაა ჩვენი შვილების, მომავალი თაობის პროექტი, ესაა აბსოლუტურად ახალი გზა, გარღვევა, ევროპისკენ გადადგმული მძლავრი ნაბიჯი“, – განაცხადა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე.

„მე მოვედი და მოვალ, რამდენჯერაც დამიბარებენ. ვარ კანონმორჩილი მოქალაქე. არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს, ელემენტარულად, რადგან ვარ მართალი, როგორც 12 წლის წინანდელ, ისე გუშინწინდელ საქმეში და ყველა ამ პერიოდის განმავლობაში და მინდა ყველას ვუთხრა, დაწყნარდით, ნუ ნერვიულობთ და ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას, რადგან ეს ქვეყანა არის ჩვენი და ის უნდა გახდეს ძლიერი, ევროპული ორიენტაციის“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

მან თქვა, რომ გამოძიებას ამ ტრანზაქციაზე მიაწოდეს სრული ინფორმაცია.

”თქვენ იცით, რომ რამოდენიმე ორგანიზაციამ ჩაატარა ამის გამოკვლევა. ის, რაც დღეს გააჟღერეს, არის აბსოლუტური აბსურდი და ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში ვართ,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ დააკავებენ, ხაზარაძემ განაცხადა, რომ ყველაფრისთვის მზად არის და არავის ეშინია.

„მე არასდროს არაფერს არ გამოვრიცხავ, მითუმეტეს იმ ქაოსში, რომელიც ქვეყანაშია, სამწუხაროდ. რომელიც არ არის ორიენტირებული მშენებლობაზე, რომელიც არ არის ორიენტირებული ხვალინდელ დღეზე და ორიენტირებულია ერთმანეთის ჩაძირვაზე, ჭორაობაზე და მსგავს რაღაცებზეა აწყობილი პოლიტიკა, ამიტომ არაფერს არ გამოვრიცხავ. მზად ვარ ყველაფრისთვის და ვერავინ ვერავის შეაშინებს.

ამ ქალაქში გავიზარდე და ძალიან ბევრი რამე მინახავს, რომ ასეთი შოუებისთვის გულის ფანცქალი დაგვეწყოს. გუშინ ჩამოვედი, მინდა გითხრათ, რომ ერთი ქართველი დაიბადა, ჩემი შვილიშვილი -სახელად ალექსანდრე. უცხოეთში ვიყავი. გახარებული ჩამოვედი და ეს სიურპრიზი დამხვდა“, – განაცხადა ხაზარაძემ.