მამუკა ჭაბაშვილი – “საქმეში მხოლოდ პოლიციის და სპეცრაზელთა ჩვენებებია” – ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

მამუკა ჭაბაშვილი - "საქმეში მხოლოდ პოლიციის და სპეცრაზელთა ჩვენებებია" - ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინესთბილისის პოლიციის სამმართველოში, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

როგორც ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, ირაკლი ოქრუაშვილს პოზიცია არ შეუცვლია, ის დანაშაულს არ აღიარებს.

მტკიცებულებებში, იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ბრალდება ეყრდნობა, როგორც ყოველთვის, მხოლოდ პოლიციისა და სპეცრაზმელთა ჩვენებებია, სხვა არაფერი, – განაცხადა  მამუკა ჭაბაშვილმა.

„ბრალდების ფორმულირება ასეთია: 20 ივნისს, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ხალხში, ზოგიერთმა დაიწყო ძალადობა და მათ შორის იყო ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც თითქოს მოუწოდებდა ხალხს ამ ძალადობისკენ და პარლამენტში შეჭრისკენ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ეყრდნობა ბრალდება, ეს არის როგორც ყოველთვის, მხოლოდ პოლიციისა და სპეცრაზმელთა ჩვენებები, სხვა არაფერი“, – განაცხადა ადვოკატმა.

„ყველამ ნახა, რომ იქ არანაირი მოწოდება მისი მხრიდან არ ყოფილა. სულ ცოტა ათამდე მოწმე მაინც გვყავს, ვინც იმ საღამოს, დილამდე მის გვერდით იყო და ნახეს, რასაც აკეთებდა ირაკლი ოქრუაშვილი და ამ მოწმეებს მივიყვანთ სასამართლოში“, – აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, სწორი პოზიცია ის იქნება, რომ ირაკლი ოქრუაშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვოს სასამართლომ.

„არ არის გამორიცხული, რომ როგორც მელიას შემთხვევაში მოიქცნენ, გარკვეული აკრძალვები დაუწესონ, რომ სახლიდან არ გამოვიდეს მაგალითად. თუმცა, რა თქმა უნდა, ამაზეც არ ვართ თანახმა. მისთვის ეს იქნება ციხეში ჯდომის ტოლფასი“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე, დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. გარდა ამისა, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.