ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანაგუნდელი მიხეილ ქარელი აცხადებს, რომ ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა. მიხეილ ქარელი „ქრონიკასთან“ ინტერვიუში პარიზში მომხდარ ამბავს იხსენებს და ამბობს, რომ ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის 2010 წელს გაფორმებულ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო, ხალვაშის გაყალბებული ხელმოწერაა დარტყმული.
„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის გაყალბებული ხელმოწერები. მე პირადად ვარ შესწრებული, როდესაც მან [ირაკლი ოქრუაშვილმა] პარიზში მოიტანა ნიმუში ამ ხელმოწერის და იქ მყოფ ადამიანებს სთხოვა გაეყალბებინათ მსგავს ხელმოწერაზე… გარკვეული ხნის განმავლობაში ის ავარჯიშებდა ამ ადამიანებს. მე მზად ვარ როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოს წინაშე ვთქვა ამ ადამიანების სახელები და გვარები.
არც გამკვირვებია, რომ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ ის შანტაჟის ამ ფორმით წავიდა. მას არანაირი უფლება არ აქვს რომ „რუსთავი 2“-ის მიმართ პრეტენზია განაცხადოს, მით უფრო საკუთრების უფლებაზე“, – განაცხადა მიხეილ ქარელმა.
იმედინიუსი

