”მირტყამდნენ ყველგან – თვალში, თავში, ზურგში” – 85 წლის ომარ გამყრელიძე პატიმრობაში დატოვეს

”მირტყამდნენ ყველგან - თვალში, თავში, ზურგში” - 85 წლის ომარ გამყრელიძე პატიმრობაში დატოვესყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის მამაკაცი პატიმრობაში დატოვეს.

თელავის რაიონულ სასამართლოში ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის წინა სასამართლო სხდომა გაიმართა.

მოსამართლე ზვიად შარაძემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილა და ომარ გამყრელიძე პატიმრობაში დატოვა.

პროცესს ესწრებოდა 85 წლის ომარ გამყრელიძე, რომელიც წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

გამყრელიძემ მოსამართლე ზვიად შარაძეს სიტყვით მიმართა, სადაც განმარტა, რომ დაკავების დღეს სამართალდამცავები სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“მე ის ვიცი, რომ უდანაშაულო ვარ. არაფერზე მომიწერია ხელი, არ ვეთანხმები ბრალდებას. ამას პოლიციასაც ვეუბნებოდი, რის გამოც მცემეს, მირტყამდნენ ყველგან – თვალში, თავში, ზურგში. რომ ვთქვი, ყველაფერი მტკივა-მეთქი, 20 დღის შემდეგ დაინტერესდნენ, რა მტკიოდა. ნუთუ ეს არის სამართალი?” – აღნიშნა ომარ გამყრელიძემ.

მომდევნო სასამართლო სხდომა 6 აგვისტოს, 14.00 საათზე გაიმართება.

თელავის რაიონულ სასამართლოში ომარ გამყრელიძის 24 წლის შვილიშვილის წინასასამართლო სხდომაც გაიმართა.

უმცროს ომარ გამყრელიძეს ბრალდება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა.

მოსამართლე თამარ კაპანაძემ პროცესზე გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და უმცროსი ომარ გამყრელიძე პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე მის გათავისუფლებას ითხოვდა. ამასთან, უფლებადამცველი გილერი ენდელაძე განმარტავდა, რომ პროკურატურის ვარაუდი უსაფუძვლოა და ომარ გამყრელიძე მოწმეებზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ 85 წლის ომარ გამყრელიძეს ცოლის, შვილის, რძლის და ნათესავის მკვლელობის ბრალდება მოეხსნა და ბრალის დაზუსტების შემდეგ, მას გამოძიება არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავება.

მკვლელობა მიმდინარე წლის 3 მაისს მოხდა.

იპნ