მიშა კაჭკაჭიშვილი – “გახარია მალე მერაბიშვილს მიუჯდება გვერდით”

მიშა კაჭკაჭიშვილი - "გახარია მალე მერაბიშვილს მიუჯდება გვერდით"წლების მანძილზე თანამოაზრეებთან ერთად ნაციონალებს სისხლს უშრობდა. თითქმის ყველა აქციაში აქვს მონაწილეობა მიღებული და აღარც კი ახსოვს, რამდენჯერ დაიჭირეს და დაარბიეს. 26 მაისის სისხლიან ღამეს სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ალბათ ვერ წარმოიდგენდა, თუ ისევ მოუწევდა სამართლიანობისთვის ბრძოლა. ამის გამო ხელისუფლების წარმომადგენლები მას ნაციონალების მოკავშირეს უწოდებენ. არადა წლების წინ ის და მისი თანამოაზრეები გვერდზე იმიტომ გასწიეს, რომ ნაციონალებთან კოჰაბიტირებულიყვნენ.
რატომ არის საქართველოში შს მინისტრობა წყევლა, რა ბედი ელის გახარიას და “ოცნებას”, რა ხდებოდა 20 ივნისის ღამეს, თვლის თუ არა თავის თავს ნაციონალების მოკავშირედ, ვის არ უნდოდა “ოცნებაში”, რომ სააკაშვილის ხელისუფლების გასამართლება მომხდარიყო? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა კაჭკაჭიშვილი ესაუბრება.
– თქვენ წლები ებრძოდით იმ უსამართლობას, რაც ქვეყანაში ნაციონალების დროს იყო. იმის გამო, რომ ახლაც უსამართლობას აპროტესტებთ, ნაციონალების თანამებრძოლად მოგიხსენიენებენ. ფაქტიურად თქვენი ბულინგი მიდის, არ გიჭირთ ამის ატანა?
– სიმართლის მხარეს ვარ და ამ შემთხვევაში ჩემი დაბულინგება ცოტა ძნელია. ჩემთვის სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს, პერსონალიებს არც სააკაშვილის დროს ვებრძოდი, მე სისტემას და რეჟიმს ვებრძოდი მაშინ და ვებრძვი ახლაც. სისტემამ მოკლა მაშინ სანდრო გირგვლიანი, სისტემამ მოაწყო სისხლიანი 7 ნოემბერი და 26 მაისი.
ბულინგით ვერ შემაჩერებენ! ბულინგი არ ჭრის! დადონ რაიმე ფაქტი, მტკიცებულება, რომლითაც გამოჩნდება, რომ ჩვენ ვინმესთან რაიმე გარიგებაში შევედით. ჩვენ მხოლოდ იდეალების და სიმართლის მხარეს ვიყავით, ასეა ახლაც. ჩემთვის სულერთია, გახარია მესვრის ტყვიას, თუ მერაბიშვილი.
20 ივნისის ღამეს ჩემი ორი შვილი იდგა რუსთაველის გამზირზე. ისინი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის ჩაჯდომას აპროტესტებდნენ, მათ, სხვა ახალგაზრდების მსგავსად, სულ არ აინტერესებდათ, ვინ არის ამა თუ იმ პარტიის ლიდერი.
ბავშვებს ესროდნენ ლეტალურ ტყვიებს. ახლა გვიმტკიცებენ, არ კლავსო. რას ჰქვია, არ კლავს. მთელმა საქართველომ ნახა ადამიანების სხეულიდან ამოღებული ეს ნარინჯისფერი ტყვიები.
ამაზე მეტი კი არაფერი გაუკეთებია მერაბიშვილს. მას 26 მაისს ჩვენთვის ტყვიები არ უსვრია, მაგრამ ალყაში მოგვაქციეს და გასასვლელი არ დაგვიტოვეს. ეს იყო სისასტიკე და მაგიტომაც ზის ის ციხეში.
გახარიამაც ჩაიდინა სისასტიკე და ამისთვის მან როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამის დროც მოვა.
– ზემოთ თქვით, ჩემზე ბულინგი არ ჭრისო. მაშინაც არ ბრაზდებით, როცა ის ხალხი გეძახით ნაციონალების თანამებრძოლს, რომელიც 7 ნოემბრის და 26 მაისის დარბევებს ტაშს უკრავდა?
– საქართველოში ორმაგი სტანდარტები ხომ უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მაგალითისთვის ავიღოთ გია ვოლსკი, მის განცხადებებზე უკვე მეცინება. 2007 წელს, როცა ნაციონალებს ვებრძოდით, ერთად ვიყავით არასამთავრობოების კოალიციაში. მაშინ თუ ვანო მერაბიშვილი სისხლიმსმელი იყო, გახარია ვინ გამოდის? თვალთხარია.
ბავშვებს თვალები დასთხარა, იმის ნაცვლად, მათთვის ბოდიში მოეხადა, ტელევიზიით გამოვიდა და კაგებეშნიკური ჟესტიკულაციით გვიმტკიცებდა, რომ კონსტიტიციურ წესრიგს იცავდა.
რაღაცებს რომ გვაბრალებს, ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს აქცია მშვიდობიანი ყოფილიყო. არეულობა თავად სურდათ და ამიტომ ჩამოიყვანეს გავრილოვი. ისიც კარგად იცოდნენ, სად დაჯდებოდა ის პარლამენტში.
ასე რომ, რაც არ უნდა გვაბულინგონ, არავინ დაიჯერებს, რომ რაც იმ დღეს მოხდა, აუცილებელი მოგერიება იყო. ვთქვათ, რუსთაველზე აუცილებელი მოგერიება იყო, მერე რაღას გაეკიდნენ ახალგაზრდებს. სადარბაზოებიდან რომ გამოყავდათ და ცემით კლავდნენ.
– ამაზეც აქვს გახარიას პასუხი – იმიტომ გავეკიდეთ, ახალგაზრდები ქალაქს არბევდნენო.
– სისულელე და ჩვეულებრივი ნარატივია, რითაც ხელისუფლებას საკუთარი სისხლიანი ქმედების გამართლება სურს. ამ საქმეში 400 ლარიანი მპოსტავები და ტროლები ჰყავთ ჩართული, მაგრამ აღარაფერი გამოუვათ.
ეს კინო ერთხელ უკვე ნანახი მაქვს – 9 წელი სისტემას ვებრძოდით. უამრავჯერ დაგვიჭირეს და დაგვარბიეს, მაგრამ მათი გაიგივება 20 ივნისთან არ შეიძლება.
– ერთ-ერთი დარბევისას თქვენ შემთხვევით გადაურჩით სიკვდილს.
– ეს 26 მაისის ღამეს მოხდა. მაშინ თავში მესროლეს ტყვია და ფაქტიურად მომკლეს. მერე უგონოდ მყოფი სადღაც, სევასტოპოლის ქუჩაზე მდებარე სასაფლაოზე გადამაგდეს.
იქ შემთხვევით მიპოვა ერთმა ქალბატონმა. ჩემმა მეგობრებმა ჩუმად წამიყვანეს ინფექციურში, ჩუმად შემიხვიეს ჭრილობები, ასევე ჩუმად გამიკეთეს ტეტანუსის აცრა. ჩუმად იმიტომ გაკეთდა ეს ყველაფერი, რომ არ დავეჭირე.
– რატომ უნდა დაეჭირეთ?
– გახარიას სიტყვებით უნდა დავიწყო – შეხედეთ, რა ხდებოდა მაშინ. მაშინ იყო რეჟიმი და ჩემი დაჭერისთვის საკმარისი მიზეზი იყო ის, რომ აქციაზე ვიყავი.
ახლაც დაახლოებით იგივე ხდება. დაკითხვებზე იბარებენ იმ ხალხს, ვინც აქციაზე იყო. თან საშვების გადატრიალებააო, გაიძახიან. ასეთი რამე ბუნებაში არ არსებობს.
მე და ჩემს მეგობრებს ნაციონალებთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. ჩვენთვის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დასრულებულია, ისევე, როგორც ნაციონალები დავასრულეთ 2012 წელს.
ხელისუფლება ლამის 7 წლის წინ შევცვალეთ და თუ ვინმე დასასჯელი ჰყავდათ, დაესაჯათ, ბატონო. ხელისუფლებაში ეგენი იყვნენ, მე – არა.
მე და ჩემი თანამებრძოლები ვითხოვდით დამნაშავე ნაციონალების დასჯას. პასუხად იცით, რა გვითხრეს? უნდა წახვიდეთ, ჩვენ ახლა ნაციონალებთან კოჰაბიტაცია გვჭირდებაო.
თავად ყველანაირ კოჰაბიტაციაში შევიდნენ წინა რეჟიმთან, ხოლო ის ხალხი, ვინც ნაციონალებს ვეომებოდით, ყველანაირად გვერდზე გაგვწიეს.
დამნაშავეები დასჯის ნაცვლად დააწინაურეს. ვინ არის ლევან მურუსიძე? მე ნაციონალი ვარ და ეგ რეჟიმს ებრძოდა? სირცხვილია.
– ებრძოდაო, ჯერ არ უთქვამთ, მაგრამ რამდენიმე წელია, რეჟიმის მსხვერპლად მოიხხენიებენ.
– ამის მერე რაღა უნდა მოვთხოვო მაგათ. რაც არ უნდა მეძახონ, არ მაინტერესებს, რადგანაც ჩემს მორალთან, ქვეყანასთან და შვილებთან მართალი ვარ.
გითხარით, ეს კინო ერთხელ ნანახი მაქვს-თქო. მერაბიშვილის მონებიც გვლანძღავდნენ. მაშინაც იყო ჩვენზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ყოველდღე დაპატიმრების მოლოდინში ვიყავით. ახლაც მზად ვარ, რომ დამაპატიმრებენ.
საჯაროდ ვაცხადებ, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ და არც იმას მოვითხოვ, რომ მაგისტრმა მოსამართლემ დამკითხოს. პირდაპირ მივალ პოლიციის განყოფილებაში და თუ უნდათ, დამიჭირონ, არც მაგის პრობლემა არ არის.
– ეს ხელისუფლება თქვენს დაკავებას რამდენიმე წლის წინაც აპირებდა.
– ასე იყო, მერე გადაიფიქრეს. რა უნდათ, ვეღარ გავიგე. ასე ძალიან თუ უნდათ ჩემი დაჭერა, დაკითხვაზეც არ მივალ, ჩემი ფეხით წავალ ციხეში.
– ძველ ამბავს არ ვიხსენებ, მაგრამ ახლა რატომ უნდა დაგაპატიმრონ? 20 ივნისის ღამეს პარლამენტში თქვენზე საშვი იყო დაშვებული? საშვების რევოლუცია იყოო და საშვიანებს მტრობენ.
– რად მინდოდა საშვი. ან რა უბედურებაა ეს საშვების რევოლუცია. ვის თავში დაიბადა ეს იდეა.
ნაცები და ქოცები ერთმანეთში პინგ-პონგს თამაშობენ და არ უნდათ, რომ სხვამ ხმა ამოიღოს. როგორც კი ხელისუფლების კრიტიკას იწყებ, ეგრევე ნაცების კლიშეს მოწებებას იწყებენ. ხელისუფლებას მომავალშიც გავაკრიტიკებ, მაგრამ ამ კლიშეს ვერავინ მომაწებებს.
ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს, მალე ჩატარდება არჩევნები და ვნახავთ, ვინ რამდენ პროცენტს აიღებს.
მე ძალადობის წინააღმდეგი ვიყავი ადრეც და ძალადობის წინააღმდეგი ვარ დღესაც. ხალხის ცემა-ტყეპას ვერავის მოვუწონებ.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში “ქართულ ოცნებას” ვეხმარებოდი. ცენტრალურ შტაბში ვიყავი და სერიოზული ბერკეტები მქონდა.
ინაუგურაციის დღეს მომხდარი ამბის და მურუსიძის სიის წარმოდგენის შემდეგ, “ოცნებასთან” სერიოზული დაპირისპირება მომიხდა.
ნაციონალები იყო რეჟიმი, “ოცნებაც” დაემსგავსა რეჟიმს, ჩემთვის რეჟიმი მიუღებელია და შესაბამისად სულერთია, რომელ რეჟიმთან მომიწევს ბრძოლა.
3-5 მეტრიდან ესროდნენ 20 ივნისს ახალგაზრდებს, სად ჰქონდათ იმის გარანტია, რომელიმე მათგანი რომ არ დაიღუპებოდა.
– შს მინისტრი ამბობს, 10 მეტრის სიშორიდან შეიძლება სროლა, მაგრამ ბრძანება გავეცი, 20 მეტრის სიშორიდან ესროლათო.
– მინისტრი იტყუება! იქ ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე, რომ 3-5 მეტრის დაშორებით ესროდნენ. პირობას გაძლევთ, რომ ამ სისხლიანი ღამისთვის გახარია აუცილებლად აგებს პასუხს, ის ციხეში წავა.
თავის დროზე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ვანო წასულიყო ციხეში. ის დღემდე მატროსოვზეა. ძალიან მალე გახარიაც გვერდით მიუჯდება.
– საქართველოში შს მინისტრებს ხშირ შემთხვევაში რეალობის შეგრძნება ეკარგებათ. თქვენი აზრით, ეს რისი ბრალია?
– საქართველოში შს მინისტრობა არის ერთგვარი წყევლა. ვინმეს დაწყევლა თუ გინდა, უნდა უსურვო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გახდეს.
რამდენიმე წლის წინ, როცა შს მინისტრი იყო გიორგი მღებრიშვილი, ნუცუბიძეზე ჩატარდა ოპერაცია, რომლის დროსაც ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა. ამაზე არც ნაცებს და არც ქოცებს ხმა არ ამოუღიათ.
– მახსოვს ეს ისტორია. მაშინ თქვენ ლამის ერთადერთი იყავით, ვინც იმ ბიჭის დაღუპვას აპროტესტებდით.
– ამ პროტესტის გამო დამიჭირეს კიდევაც. ადამიანის დაღუპვა რომ გავაპროტესტე, ამიტომ ვარ ნაცი? უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა თუ ნაცობაა, ვიქნები ნაცი.
რაც არ უნდა მეძახონ, რაც არ უნდა მაბულინგონ, რეჟიმს არ შევეგუები. და მაგათი ბულინგი არ გაიშვა – ყველაზე ყველაფერი ვიცი.
– შეგიძლიათ იქეთ დააბულინგოთ?
– ეს გამორიცხულია. რასაც ისინი კადრულობენ, მე არ ვიკადრებ. ღირსება მაქვს და წითელ ხაზებზე არ გადავდივარ. სათითაოდ ყველაზე ვიცი, საიდან მოვიდნენ, რას, რამდენს და როგორ იღებენ.
ძალიან ცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან ინფორმაციები არ მომდის.
ამ ინფორმაციებიდან ვიცი, რომ “ოცნების” გუნდის შიგნითაც არის გაუგებრობა და უთანხმოება.
მკითხველმა მაპატიოს ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ის გამოშტერებული აკაკი ზოიძე რა უფლებით ეძახის ბავშვებს მეხუთე კოლონას. მაგას რა ჰგონია, რომ არ გვახსოვს, შევარდნაძის დროს რა თანამდებობა ეკავა? ქვეყნის ვიცეპრემიერი იყო. რა საქმეებიც აკეთა, ეგეც ვიცით.
– სააკაშვილის დროსაც ეკავა თანამდებობა – მინისტრის მოადგილე იყო.
– კი ბატონო. და ეს ადამიანი როგორ ბედავს ბავშვებზე ხმის ამოღებას. ეგ და მისნაირები არიან ჩვეულებრივი გარეწარი კონფორმისტები.
არ ვიცი, არჩევნები როდის ჩატარდება ვადამდე თუ ვადებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელისუფლებას შევცვლით. პირობას ვაძლევ ზოიძეს და მისთანებს, რომ მათი ადგილი არათუ პოლიყიკაში, საჯარო სივრცეშიც აღარ იქნება.
ისინი ჩვეულებრივად კრემლის ნარატივს ატარებენ. როგორი მოსანელებელია, რომ ეს კონფორმისტები ბავშვებს მეხუთე კოლონას უწოდებენ. მეხუთე კოლონა თავის პარტიაში და ლიდერებში მოიკითხონ!
– ზემოთ თქვით, რომ “ოცნებაში” უთანხმოებაა. ამ ამბებს უკავშირდება ეს უთანხმოება?
– არა მარტო ამ ამბებს. იქ კარგა ხანია, რაც გაუგებრობაა. უკვე საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვერ თანხმდებოდნენ რაღაცებზე.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა