ნაზი ჯანეზაშვილი – “შალვა თადუმაძე უფრო თავაზიანი და სოლიდური მეგონა”

ნაზი ჯანეზაშვილი - "შალვა თადუმაძე უფრო თავაზიანი და სოლიდური მეგონა"“ახალი თაობის” კითხვებს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი პასუხობს.
– ნაზი, თქვენ აქტიურად ხართ ჩართული იმ პროცესებში, რაც დღეს სასამართლო სისტემის გარშემო ხდება. რასთან გვაქვს საქმე?
– რეალურად ეს არის პროცესი იმისა, რომ ვიღაცეებმა გაიფორმონ სასამართლო. საბოლოო ჯამში წერტილი დაესვას რაიმე შანსებს და შესაძლებლობებს იმისას, რომ სისტემაში რაღაცა ოდესმე მაინც შეიცვლება. საბოლოოდ სასამართლო დასამარდება, თუკი აქ ისევ მოხვდება ისეთი ხალხი, რომელიც გარიგების საფუძველზეა შერჩეული.
– ხედავთ მზაობას საიმისოდ, რომ ეს პროცესი რამენაირად შეიცვალოს?
– ერთადერთი ეს შეიძლება გააკეთოს მხოლოდ პარლამენტმა და არ აირჩიოს კანონის დარღვევის საფუძველზე წარდგენილი ადამიანები.
– რას იტყვით კონკრეტულად ამ კანდიდატების შესახებ? 20 კანდიდატთან მიმდინარეობს გასაუბრება, თუკი პარლამენტმაც დაუჭირა მათ მხარი, მაშინ რას მივიღებთ?
– თუკი პარლამენტმა მხარი დაუჭირა ასე გარიგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატებს, ეს ადამიანები იქნებიან არალეგიტიმურად არჩეული მოსამართლეები, ვინაიდან არის ძალიან სერიოზული დარღვევები, მათ შორის სახალხო დამცველი საუბრობს ამაზე.
– საუბარია ასევე სანათესაო კლანზე. თქვენ ისაუბრეთ ირაკლი შენგელიაზე და მის საახლობლო წრეზე, უფრი დეტალურად რა ხდება?
– ძალიან ნიშანდობლივია ის, რომ ეს ადამიანი გაძლიერდა და განსაკუთრებით ბოლო წლებში. ის არასოდეს არ უჩიოდა ძალაუფლების ნაკლებობას სისტემაში, მაგრამ ბოლო წლებში განსაკუთრებით შესამჩნევია, რომ მისი ძალაუფლება ძალიან მომატებულია.
ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ იგი არის ჩინჩალაძის მარჯვენა ხელი და შესაბამისად მას შესაძლებლობა აქვს, რომ თავისი ახლო ნათესავები დაასაქმოს სისტემაში.
მე არ ვიცი, ეს ხალხი როგორ მოხვდა აქ. შეიძლება ეს იყო ფორმალური კონკურსი. ცხადია, რომ როდესაც ადამიანი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი სისტემაში და მისი მეუღლე ასევე სასამართლო სისტემაში მუშაობს, მისი დისშვილი სასამართლო სისტემაში მუშაობს, ასევე მისი ცოლისძმა არის მოსამართლე, კითხვები ჩნდება, ხომ არა გვაქვს საქმე ნეპოტიზმთან, ინტერესთა კონფლიქტთან და საერთოდ კლანთან?!
კლანის ერთ-ერთი ნიშან-თვისება სწორედ ეს არის, რომ ოჯახის წევრები და ნათესავებიც არიან იმავე სისტემაში დასაქმებულები და ცხადია მათი გავლენები უფრო მასშტაბურია, როდესაც საქმე ეხება მაღალ თანამდებობას, დაბალსაც და საშუალოსაც.
– ნაზი, თქვენსა და შალვა თადუმაძეს შორისაც მოხდა მცირე შეკამათება და ინციდენტი. მე თქვენზე ძლიერი იურისტი ვარო, ასე გითხრათ მან. მის შესახებ რას გვეტყვით?
– მე მის შესახებ არასდროს რაიმე სახის განცხადება არ გამიკეთებია, არასდროს მის შესახებ არაფერი მითქვამს, არ ვიცნობდი მას ასე კარგად. პროფესიულად გარკვეული გადაკვეთა ყოფილა, მაგრამ ძალიან მცირე, ეპიზოდური, შეიძლება ასე დავარქვათ.
მოლოდინი მქონდა, რომ ის იქნებოდა უფრო თავაზიანი და უფრო სოლიდური. მე გამაკვირვა იმან, რომ მოვიდა თუ არა გასაუბრებაზე, კითხვაც კი არ მქონდა დასმული, პირდაპირ ჩემზე დაიწყო საუბარი. პირდაპირ დაიწყო მინიშნება იმაზე, თუ რატომ ვაკეთებ მე განცხადებებს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, იუსტიციის საბჭოს ბანერის წინ.
ცოტა უცნაურია, გენერალური პროკურორია და ვფიქრობდი, ცოტა სხვა ტიპის ადამიანთან მექნებოდა შეხება. მაგრამ…
– იმედები გაგიცრუათ?
– დიახ, სიმართლე გითხრათ, მეტს ველოდი. ჩემთვის საინტერესო ის იყო, რომ როდესაც მას კითხვა დავუსვი გაჭიანურებულ გამოძიებაზე, მან პირდაპირ მოიშველია, რომ ის არის გენერალური პროკურორი და არ შეიძლება ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.
როდესაც ადამიანი მოდის იუსტიციის საბჭოში გასაუბრებაზე, ჩემთვის ის არის კანდიდატი, რომელსაც აქვს რაღაც კონკრეტული გამოცდილება, ან პროკურორობის, ან მოსამართლეობის, ან ადვოკატობის და ასე შემდეგ.
მე მას შეკითხვა არ დავუსვი, როგორც გენერალურ პროკურორს. მე შეკითხვა დავუსვი, როგორც გენერალურ პროკურორად მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანს. იმ კონკრეტულ მომენტში ის რომ გენერალური პროკურორია და არ შეიწყვიტა და არ მოიხსნა უფლებამოსილება, ეს არის მისი პრობლემა და არა – ჩემი პრობლემა!
ამიტომ კანდიდატს უნდა ესმოდეს ეს და არ უნდა შეზღუდოს საბჭოს წევრი. მე ეთიკა მავალდებულებს და უნდა ვიყო ჩუმადო. მაშინ თვითონ გადაჭრას ეს პრობლემა ისე, რომ არ დაარღვიოს, ეთიკის სტანდარტი იქნება თუ სხვა სტანდარტი!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა