ნუკრი ქანთარია – “ნაციონალებთან და ევრონაცებთან კოალიციაში არასდროს შევალთ”

ნუკრი ქანთარია - "ნაციონალებთან და ევრონაცებთან კოალიციაში არასდროს შევალთ"“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ნუკრი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხმა 17 ივლისიდან პარლამენტში გადაინაცვლა. “ქართული ოცნების” წევრი აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, მოსამართლეების ნაწილი შემდეგი მოწვევის პარლამენტმა აირჩიოს. თქვენი პოზიცია როგორია?
– მე ვთვლი, ვინც ჩაითვლება ღირსეულად თავისი კვალიფიკაციით, თავისი ბიოგრაფიით, სწორედ ის დაიკავებს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის თანამდებობას. წინასწარი დათქმა აქამდე არ ყოფილა, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა ნაწილი დანიშნოს და ნაწილი შემდეგი მოწვევის პარლამენტს დაუთმოს, ასეთი მოლაპარაკება აქამდე არ გვქონია. არც ასეთი შეთანხმება არ არის გამორიცხული, მაგრამ თუ ღირსეული კანდიდატები იქნებიან წარმოდგენილები, მაშინ რატომ უნდა გადავდოთ?! ვნახოთ, ყველაფერი წარმოდგენილ კანდიდატებზე იქნება დამოკიდებული.
სიმართლე გითხრათ, თავიდან ეს პროცესი ბევრად უფრო გულწრფელი იყო. ახლა ყველა სათავისოდ ცდილობს, გამოიყენოს ეს სიტუაცია. რატომღაც მგონია, რომ პოლიტიკურ თამაშებში გადაიზარდა.
– თქვენთვის რას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, როდესაც კანდიდატების გვარ-სახელებს ჩაიკითხავთ?
– ბიოგრაფიებს, კვალიფიკაციას, წინა საქმეების განხილვისას რამდენად აქვთ შავი ლაქები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ვინაიდან საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, გადაწყვეტილებაც ძალიან დაკვირვებულად უნდა მივიღო.
დეპუტატების გარკვეული ნაწილისთვის ეს საზოგადოება უფრო ნაცნობია, ვიღაცისთვის ზოგი კურსელია, ზოგიც ნაცნობი და ა.შ. ჩემთვის ეს საზოგადოება საერთოდ უცნობია, არანაირი შეხება მათთან არ მქონია, ამიტომ მე გადაწყვეტილების მიღების დროს დიდი ყურადღება და მეტი დაკვირვება მმართებს, ალბათ ინტუიციაც დამეხმარება.
– მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მინდა გკითხოთ, ახალ საარჩევნო სისტემაზე, ნულოვან ბარიერზე, რომელიც შანსს აძლევს პოლიტიკურ პარტიებს. ხაზარაძის გარდა, ელოდებით კიდევ ახალ ძალებს?
– ახალი ჯგუფები კიდევ გამოჩნდებიან. როგორც ჩანს, ეს ნულოვანი საარჩევნო ბარიერი მაინც მაცდუნებელია ბევრისთვის. 13 ათასი ხმით 1 ადგილი უკვე გარანტირებული გაქვს პარლამენტში.
პროპორციული საარჩევნო სისტემა ახალი ხილია. ამიტომ ის უნდა გასინჯოს მოსახლეობამ, წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად იქნება იმის წამოძახილი, რომ ხსნა სწორედ პროპორციულ საარჩევნო სისტემაშია და არა შერეულ მოდელში. ვნახოთ, როგორ გაამართლებს ეს სისტემა. ამიტომ, ჯობია გადავიდეთ და გამოვცადოთ. იქნება გაამართლოს.
– თქვენ ეჭვი გეპარებათ?
– არა, სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი, რამდენად გაამართლებს. არც ის ვიცი, საპარლამენტო მოდელი ჯობია თუ წმინდა საპრეზიდენტო. ამასაც დრო გვიჩვენებს. იქნებ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გამოვიდეს და თქვას, არა, ჩვენთან საპარლამენტო რესპუბლიკამ, კოალიციურმა მთავრობამ არ გაამართლა და უკეთესია, ერთი ხელი მართავდეს, ერთი პატრონი გვყავდეს. ვერ გეტყვით, როგორც გითხარით, ამას დრო გვიჩვენებს.
– პოლიტოლოგები კოალიციური მთავრობის გარდაუვალობაზე საუბრობენ.
– დიახ, მაგრამ ან პოლიტიკური დახლი უნდა გახდეს, ან მართლაც ყველამ უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ამ ყველაფერს საზოგადოება ნათლად დაინახავს.
მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ პროცესი ძალიან დადებითად წარიმართოს. ეს თითოეულ ჩვენგანზე იქნება დამოკიდებული.
– თქვენ რა სახის კოალიცია წარმოგიდგენიათ?
– პირველ რიგში ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ შევა პარლამენტში. ნაციონალურ მოძრაობასთან და “ევროპულ საქართველოსთან” კოალიცია საერთოდ ვერ წარმომიდგენია. ამიტომ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ პარლამენტი კი შეიკრიბოს, მაგრამ მთავრობა ვერ დააკომპლექტოს და რიგგარეშე არჩევნები გახდეს საჭირო.
ამიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის ადვილი პროცესი. არის რაღაც, რაც არ უნდა გადაკვეთო და არ უნდა შეეკრა იმას, ვინც მიუღებელია.
– თქვენთვის ვინ არის ასეთი?
– ნაციონალური მოძრაობა და “ევროპული საქართველო”. დანარჩენი არ ვიცი, ვინ მოიყრის თავს. ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, ამომრჩეველი ვის გაუხსნის გზას პარლამენტისკენ.
– მამუკა ხაზარაძე იქნება “ქართული ოცნების” კონკურენტი?
– სწორედ თქვენთან ინტერვიუში ვთქვი პირველად, რომ თიბისის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ მას გული პოლიტიკისკენ გაუწევდა. მას აქვს შანსი და ცხადია, ის ამ შანსს გამოიყენებს.
– პარლამენტში შევა?
– ალბათ შევა. ის აიღებს ნაციონალების ხმების რაღაც ნაწილს და ასევე აიღებს “ქართული ოცნების” გარკვეულ ხმებს. ასეთი შანსი მას ამ ეტაპზე აქვს, მაგრამ ბევრი რამე იქნება დამოკიდებული მის შემდგომ ნაბიჯებზეც.
ერთია ბიზნესმენი და მეორეა პოლიტიკოსი. ვნახოთ, რამდენად დამაჯერებელი პოლიტიკოსი იქნება ის.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა