ოთარ კვირიკაშვილი – “ივანიშვილმა ოპოზიციის ნაწილი უკვე ჯიბეში ჩაისვა”

ოთარ კვირიკაშვილი - "ივანიშვილმა ოპოზიციის ნაწილი უკვე ჯიბეში ჩაისვა"რატომ გადავიდა ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმიდან შეტევაზე, იგეგმება თუ არა ოპოზიციის ლიდერების დაკავება, ვის უპირებს ჯიბეში ჩასმას ივანიშვილი? ამის შესახებ “ახალ თაობას” “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ოთარ კვირიკაშვილი ესაუბრება.
– ხელისუფლება კარგა ხანს დუმდა და თავის მართლების რეჟიმში იმყოფებოდა. ახლა ერთმანეთის მიყოლებით გამოვიდნენ და აგრესიული განცხადებების გაკეთება დაიწყეს – იმ კვირაში გახარიამ გაგვაოცა, ამ კვირაში მისმა მოადგილე საბანაძემ. რასთან გვაქვს საქმე?
– ისეთი არაფერი არ ხდება. ეს არის “ქართული ოცნების” სტილი. ბოლო წლების მოვლენებს თვალს თუ გადავავლებთ, ვნახავთ, რომ როცა რაღაც უმსგავსობას ჩაიდენდნენ, ეტაპობრივად ახორციელებდნენ ამის გადაფარვას. ასე იყო, მაგალითად, საყდრისის აფეთქების შემდეგ.
ჩაიდენდნენ რა უმსგავსობას, ჯერ ტროლები იწყებდნენ სოციალურ ქსელში აქტიურობას, მერე ყველაზე უტიფარ საჯარო მოხელეებს რთავდნენ საქმეში. რაღაცნაირად აჩვევდნენ ამას ხალხს და მერე უკვე ზედა ეშელონის წარმომადგენლები გამოდიოდნენ და ისინი იწყებდნენ გაპრავებას.
რასაც ახლა ვუყურებ, თავს კი აღარ იმართლებენ, არამედ იქეთ ამტყუნებენ მომიტინგეებს. ამის მაგალითად გიორგი გახარიას და კახა საბანაძის განცხადებები გამოდგება.
– კახა საბანაძემ საერთოდ საოცრება თქვა – აქციის არც ერთი მშვიდობიანი მონაწილე არ დაშავებულაო. ამ დარბევას პირდაპირ ეთერში ადევნებდა ყველა თვალს და არც ერთ დაშავებულს ხელში არც ჯოხი სჭერია და არც ავტომატი.
– ამის კადრებია გადაღებული. გვყავს თვალგამოთხრილი პატარა გოგო. ეს ბავშვი არ იყო აქციის მშვიდობიანი მონაწილე? ასეთი რამე როგორ უნდა თქვას ოფიციალურმა პირმა, სირცხვილია.
კახა საბანაძის ინტერვიუ რომ წავიკითხე, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა – ის ადამიანებს ადამიანებად კი არ აღიქვამს, არამედ უყურებს სტატისტიკას. დაშავდა სამასი კაცი? – მერე რა მოხდა. ამ ჭრილში განიხილავენ ამ სისხლიან ღამეს. თითქოს ტყეში იყვნენ წასულები და ჩიტებზე ინადირეს. მათგან ასეთი განცხადებები არც გამკვირვებია. ისინი მთლიანად ჯდებიან ივანიშვილის სტილში.
– ივანიშვილის სტილში რას გულისხმობთ?
– ბიძინას სტილი ასეთია – მას სჭირდება ცივსისხლიანი ხალხი, რომელიც ნებისმიერ ბრძანებას უპირობოდ შეასრულებს, ყველაფერზე მოაწერს ხელს.
– გარდა იმისა, რომ გაპრავებიდან შეტევაზე გადავიდნენ, მიმართულებაც შეიცვალეს. ცოტა ხნის წინ თითქოს გახარიას გაპრავებას ცდილობდნენ და ბევრი ითქვა იმაზე, რომ დარბევის ბრძანება ანზორ ჩუბინიძემ გასცა. ახლა შს მინისტრი და მისი მოადგილეები ამაყად ამბობენ, ჩვენ ვიყავითო და რა ხდება?
– რა ხდება და მოილაპარაკეს. დარწმუნებული ვარ, ბრძანება ჩუბინიძემ გასცა. პარლამენტის წევრმა კაკო ბობოხიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა. ის ამბობს, რომ დაინახა, როგორ უყვიროდა გახარია ვიღაცას ტელეფონში, ვინ გასცა ბრძანებაო.
დარბევის ბრძანება არც გახარიას გაუცია და არც ჩუბინიძეს, ეს იყო ივანიშვილის ბრძანება. და თუ ვინმემ სცადა იმ დღეს გადატრიალება, ესეც ბიძინა იყო.
ვინც ამტკიცებს, რომ მომიტინგეებს გადატრიალება უნდოდათ, მინდა ვუთხრა, რომ ერთ და ორ საათში გადატრიალებები არ ხდება. გადატრიალება რომ ასეთი ადვილი იყოს, მთელი მსოფლიო გადატრიალებული იქნებოდა დღეს.
ახლა აქციის მონაწილეებს და ოპოზიციას იმიტომ ესხმიან თავს, რომ ამ სისხლიანი ღამის მთავარი მიზეზი დამალონ. ამ უბედურების სათავე არის ირაკლი კობახიძე, რომელიც არათუ არ გადადგა, ბაქოში ვიზიტიც კი არ შეწყვიტა. ხალხი სანამ არ დაასისხლიანეს, თბილისშიც კი ვერ ჩამოიყვანეს.
როცა შენი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს სვამ, ეს უკვე ნიშნავს გადატრიალებას. 20 ივნისს ივანიშვილმა და კობახიძემ გავრილოვთან ერთად სცადეს საქართველოში გადატრიალების მოწყობა, მაგრამ ამაში მათ ქართველმა ხალხმა შეუშალა ხელი.
ოპოზიციის ლიდერებს რაღაცებს აბრალებენ და ამ გადამტრიალებელ კობახიძეს აქეთ-იქეთ დაატარებენ და საარჩევნო კანონმდებლობაზე ალაპარაკებენ.
შს მინისტრის მოადგილე საბანაძე აცხადებს, რომ 20 ივნისის 7 ნოემბერთან შედარება არ შეიძლება, ახლა მომიტინგეები პარლამენტს უტევდნენო. რაც არ უნდა ილაპარაკონ, სურათს ვერ შეცვლიან – 20 ივნისი “ქართული ოცნების” შავი და სისხლიანი ლაქაა. ამ ლაქას ვერაფრით ვერ ჩამოირეცხავენ.
წინა ინტერვიუშიც გითხარით, რომ ახლა მიდის ჩვეულებრივი საინფორმაციო ომი. ამ ერთ თვეში თავისი დანაშაული ოპოზიციას თუ ვერ გადააბრალეს, 2020 წელს ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებიან.
– ეტყობა, ახლა აქტიურ ფაზაში შევიდნენ, შეტევაზე არიან გადასულები.
– სხვა გზა უბრალოდ აღარ აქვთ, უნდათ, ყველაფერი სხვას დააბრალონ.
– შეტევაზე საინფორმაციო ომის მოსაგებად გადავიდნენ თუ ოპოზიციის ლიდერების დასაკავებლად ფონს ქმნიან?
– არა მგონია, რომ ვინმე დააკავონ. ნიკა მელიათი უნდოდათ ამ პროცესის დაწყება, მაგრამ არ გამოვიდა. მელიას ისტორიამ “ოცნება” ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო. იმ 92 პარლამენტარს, რომელმაც კოლეგისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა, ფაქტიურად მომავალი დაუკარგეს. ნიკა მელიას პოლიტიკური განეიტრალება ხელისუფლებას ძალიან დიდი ფასი დაუჯდება.
– რატომ გგონიათ, რომ ვერ გაბედავენ ლიდერების დაკავებას?
– ამას თუ გაბედავენ, ძალიან ცუდ პასუხს მიიღებენ და არა მგონია, ახლა ამის რესურსი ჰქონდეთ. “ქართულ ოცნებას” დიდი სისხლიანი ლაქა აზის და მის ჩამორეცხვას საბანაძისნაირი უტიფრების განცხადებებით ცდილობენ.
როდესაც საბანაძე ინტერვიუს აძლევს, მას უნდა ახსოვდეს, რომ ქართველ ხალხს ელაპარაკება და არა გორის მერს.
– გორის მერი სიტყვის მასალად ახსენეთ თუ…?
– გორის მერი არის საბანაძის კადრი და ეგ თუ შს მინისტრის მოადგილეს თავდახრილი უსმენს, ქართველი ხალხი იგივეს არ გააკეთებს. ხალხი საბანაძეს თავს არ დაუხრის, რადგან მან საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ ამოსთხარეს პატარა გოგოს თვალები.
ხალხი რომ მათ თავდახრილი აღარ მოუსმენს, ამაში დარწმუნდნენ და ამიტომაც შეცვალეს სტრატეგია. გადავიდნენ დაბრალებაზე და ამაში ტროლების, სახელმწიფო მოხელეების გარდა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელიც ჩართეს. ივანიშვილმა დასაყრდენი იპოვა ოპოზიციაშიც.
სამწუხაროა, რომ ამ ნარატივს მხარი აუბა “ევროპული საქართველოს” წევრმა, პარლამენტარმა ოთო კახიძემ. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. არც ერთი დალაგებული ოპოზიციონერი ამ ეტაპზე ოპოზიციისკენ ხელს არ გაიშვერდა. ნებსით თუ უნებლიეთ ეს ადამიანები ატარებენ ბიძინა ივანიშვილის ხაზს. არ მინდა დავიჯერო, რომ ისინი ამაზე არიან ხელმომწერები, მაგრამ ეგრე გამოდის.
რამდენიმე არასამთავრობოც გამოვიდა და განაცხადა, აქცია ძალადობრივი იყოო, წინაპირობაზე ერთსაც არ ამოუღია ხმა. ვფიქრობ, რომ ისინიც ბიძინას დაკვეთას ასრულებენ.
როგორც ჩანს, მოსეს ჩამოსვლამ დაალაგა ყველაფერი. ეს ადამიანი გახლავთ აგრესიული პიარის მამა და კარგად იცის, როგორ შეუტიოს. ის არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებს თავის მართლებას.
– ამ კაცმა თავის საქმე მართლაც კარგად იცის?
– კარგად იცის და კარგადაც აკეთებს. “ოცნება”, რომელიც ივანიშვილის ყურმოჭრილი მონებისგან შედგება, მთლიანად ჩამჯდარია მოსეს დღის წესრიგში.
“ოცნებას” სახეცვლილება მისი ჩამოსვლის დღესვე დაეტყო. იმ დღესვე გააკეთა განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა, შემდეგ გახარიამ და ა.შ. ამუშავებულია მთელი სახელისუფლებო შტო. ერთი ბიძინა ივანიშვილი დარჩა და მალე ისიც გამოვა და რამეს იტყვის.
– თქვენ თქვით, რომ 20 ივნისი არის შავი და სისხლიანი ლაქა, მოსეს აგრესიული პიარი ჩამორეცხავს ამ ლაქას? თუ “ოცნება” იმ ყორნის ბედს გაიზიარებს, რომელიც, რაც უნდა ქვიშით ხეხო, ვერ გაათეთრებ?
– ამ ლაქას ვერ ჩამოირეცხავენ. სირცხვილი სირცხვილად დარჩება, სისხლი – სისხლად. მოსეს დღის წესრიგში იმიტომ ჩასხდნენ, რომ ყველაფერი სხვას გადააბრალონ.
აქტიურად ცდილობენ ნაკვალევი წაშალონ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ 21-ე საუკუნეა და არა – 1937 წელი. სხვა თუ არაფერი, ვიდეოკადრები არსებობს. ყველაფერს ვერ წაშლიან. ეს არ არის სტატისტიკა, რომელიც დამალეს.
– რას გულისხმობთ?
– აქციის ღამეს იმაზე ბევრად მეტი ადამიანი დაშავდა, ვიდრე ოფიციალურ მონაცემებშია. ამის იქით რა იქნება, აღარ ვიცი, ყველაფერი უკვე გამოყენებული აქვთ.
– ზემოთ აღნიშნეთ, ივანიშვილმა ოპოზიციაშიც იპოვა დასაყრდენიო. ამ ფლანგზე ის დასაყრდენის მოძიებას ალბათ გააგრძელებს. რამდენიმე პარტია პროპორციულ სისტემაზე მოსალაპარაკებლადაც დაჯდა “ოცნებასთან”.
– არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, მაგრამ აშკარაა, რომ დასაყრდენს ეძებს. ოპოზიციაშიც დაიწყო რაღაც პროცესები. ამ დღეებში ღიად გამოჩნდა, რომ “ევროპულ საქართველოში” არსებობს ორი ჯგუფი. გიგი უგულავას და გიგა ბოკერიას გუნდები მყავს მხედველობაში.
იმ პარტიებს რაც შეეხება, რომლებიც მოლაპარაკებაზე მივიდნენ, ნახევარზე მეტს ივანიშვილი ჯიბეში ჩაიდებს. თუ უკვე არ ჰყავს ჯიბეში.
რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ეს სისტემა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ბიძინას ძალაუფლება დავაკარგვინოთ.
გულხელდაკრეფილი არც ის არის და ოპოზიციის ყიდვას შეეცდება. შესაძლოა, მან სწორედ ოპოზიციის ნაწილი გამოიყენოს გაპრავების ეტაპზე. ამ ოპოზიციონერებმა უნდა იცოდნენ, რომ 20 ივნისი არ გაპრავდება.
– მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ იმ აქციაზე მყოფი ვერც ერთი ლიდერი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ამანაც მოსეს დაკვეთით გაურია ხმაში ფოლადი?
– ბახტაძის განცხადებებს სერიოზულობით არ აღვიქვამ. ყველამ ვიცით, ვინ არის ამ ქვეყანაში მთავარი. ბახტაძე მართალია პრემიერია, მაგრამ სინამდვილეში არაფერი არ არის. ერთ დღეს ივანიშვილს ცუდ ხასიათზე გაეღვიძება და მას მთავრობიდან გააგდებს. მისი სახელი და გვარიც კი არავის ემახსოვრება.
ეს განცხადებაც დაკვეთით გააკეთა, უთხრეს, თქვიო და თქვა. ასე არიან მინისტრებიც, რომლებიც სინამდვილეში ივანიშვილის მონები არიან. ბიძინა 21-ე საუკუნის მონათმფლობელია.
არ გამოვრიცხავ, რომ ამათ სახელებსაც არ ეძახის და დანომრილი ჰყავს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა