“ოცნებამ” ოქრუაშვილი ჯერ ზარზეიმით ჩამოიყვანა, ახლა კი დაიჭირა”

თორნიკე შარაშენიძე:”ოქრუაშვილს აქვს შანსი, გახდეს ძლიერი პოლიტიკური ფიგურა”
“ქვეყანა ოროსნების ხელშია და ამიტომ გვემხობა თავზე!”

"ოცნებამ" ოქრუაშვილი ჯერ ზარზეიმით ჩამოიყვანა, ახლა კი დაიჭირა"”ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს
– ბატონო თორნიკე, როგორია თქვენი შეფასებები ბოლო პერიოდის პროცესების მიმართ? ოქრუაშვილის დაკავება რუსთავი 2-ს უკავშირდება?
– იმდენი საეჭვო დამთხვევებია დროში, დაიჭირეს მაინცდამაინც მაშინ, როცა რუსთავი 2-ზე პრეტენზია წამოაყენა. ჩვენ, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ, რომ საქართველოში ხელმძღვანელობენ მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებებით. შესაბამისად, არავის სჯერა, რომ ოქრუაშვილი დააკავეს იმიტომ, რომ 20-21 ივნისს რაღაცას სჩადიოდა. ფაქტია, რომ მას არავისთვის დაურტყამს, რა ჩანს იმ კადრებით? არც არაფერი. უბრალოდ, იქაჩებოდა და თუ ასეა, იქ ბევრი იქაჩებოდა.
– თქვენც ასე ფიქრობთ რომ აქ 20-21 ივნისი არაფერ შუაშია?
– დიახ. თავის დროზე, როცა “ოცნებამ” ჩამოიყვანა ოქრუაშვილი ზარზეიმით, რათა გამოეყენებინა სააკაშვილის წინააღმდეგ ჟვანიას საქმეზე და პატარკაციშვილის საქმეზე, მაშინ “ოცნებამ” სერიოზული შეცდომა დაუშვა, თუ ეგონა, რომ ოქრუაშვილი იქცეოდა მის მოკავშირედ. მერე ხელი კრეს, არაფერი მისცეს მას.
ოქრუაშვილი ძალიან ამბიციური ადამიანია, როგორც ჩანს, გააბრაზეს და მანაც ასე უპასუხა. ოქრუაშვილისნაირი მოწინააღმდეგე ნამდვილად არ არის სახუმარო ამბავი. ძალიან ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული სააკაშვილის დროს, მას თავისი მხარდამჭერებიც ჰყავს და გავლენები აქვს სერიოზული.
რა გითხრათ, რაც დათესა “ოცნებამ”, იმას მოიმკის. ჯერ ჩამოიყვანეს ზარზეიმით, ახლა აღარ აწყობთ და იჭერენ.
– რატომ ჩამოიყვანეს თავის დროზე?
– იმიტომ, რომ რაღაც ილუზიებში იყვნენ, რომ ჟვანია მოკლეს და ოქრუაშვილი ამის გამოძიებაში დაეხმარებოდათ. მერე მეორე ბოდვა გაჩნდა, რომ პატარკაციშვილი მოაკვლევინა სააკაშვილმა, ესეც ხომ დიდი სისულელე იყო. უნდოდათ, ოქრუაშვილი ამ საქმეშიც გამოეყენებინათ. ეს სისულელე არ გამოუვიდათ, ბუნებრივია, რომ ოქრუაშვილი მათ ამ სულელურ საქმეებში არ გაჰყვა და საბოლოო ჯამში იქცა მათ მოწინააღმდეგედ.
– ხელისუფლება მტკიცედ ადგას იმ ვერსიას, რომ 20-21 ივნისს შტურმით უნდა აეღო ოპოზიციას პარლამენტი და რომ ეს არის ოქრუაშვილის დაკავების მიზეზი.
– ერთადერთი, რაც დღეს “ოცნებას” აქვს სათქმელი, არის ის, რომ პარლამენტზე შეტევა არ იყო სწორი. თუმცა ეს ხომ სიმართლის ერთი მხარეა?! სიმართლის მეორე მხარეს ვხედავთ მომიტინგეების სასტიკ დარბევას, ლარის კატასტროფულად გაქცევას, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საბოლოო ჯამში, ასევე ვხედავთ ქვეყნის გაღარიბებას და ვხედავთ იმას, რომ ეს ქვეყანა საერთოდ დაიკარგა.
ვეღარ ვითარდება ქვეყანა, არასწორი გზით მიდის და ამას ამბობს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მარტო მე არ ვამბობ. ფაქტია, რომ კორუფცია დაბრუნდა, უამრავი პრობლემაა და გამოსავალი სად არის?! ლარის გაქცევას რომ მიტინგებს აბრალებენ, ეს ხომ სრული აბსურდია?! სააკაშვილის დროს საკნები იდგა, პარალიზებული იყო ქალაქი და ლარს არაფერი მოსვლია.
– ანუ?
– ანუ ის, რომ ქვეყანა ოროსნების ხელშია და ამიტომ გვემხობა თავზე! გამოდიან და ხან რას აბრალებენ და ხან რას, ხან ვის და ხან ვის, კარგით რა!
– ოქრუაშვილი ივანიშვილის პირადი პატიმარიაო, პირადად მან გასცა დაპატიმრების ბრძანებაო. ამაზე რას იტყვით?
– ასეთი დონის პოლიტიკური ფიგურის დაკავებას, მე მგონი, ივანიშვილის გარეშე ვერ გაბედავდნენ.
– მაქსიმალურად ცდილობენ, სამხარაულის ბიუროს სკანდალმა არ გამოჟონოს, მაგრამ ამაზეც უკვე ბევრს საუბრობენ.
– მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ხელმოწერა არის ნამდვილად ხალვაშის. ამაში ეჭვი არ მეპარება. იმიტომ, რომ ხალვაშს ასე მარტივად, თავიდან ბოლომდე, რუსთავი 2-ს არ აჩუქებდნენ, არ გადაუფორმებდნენ.
არაფერს არ წარმოადგენდა ხალვაში ნაციონალებისთვის. ნაციონალებმა აშოვნინეს მას ძალიან ბევრი ფული და რატომ უნდა მიეცათ რუსთავი 2 ისე, რომ არ დაეტოვებინათ არანაირი ბერკეტი, რომ მერე უკან წამოღება შეძლებოდათ, მე არ მესმის.
აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ხელმოწერა ხალვაშისაა და რუსთავი 2 რომ მისი არაა, ეს ყველამ იცის ძალიან კარგად. ეს ხალვაშმაც მშვენივრად იცის.
– ანუ ოქრუაშვილის განცხადებები არის სიმართლე? რაც მან პირდაპირ ეთერში ილაპარაკა.
– ამ შემთხვევაში კი, სიმართლეს ლაპარაკობდა.
– ამიტომ დასჭირდათ მისი გამოკეტვა? სულ კეთდება პარალელები, თუკი გამოუშვეს მელია სამაჯურით, რატომ არ გამოუშვეს ოქრუაშვილი?
– რა თქმა უნდა, ზუსტად ეგაა საქმე! ჩემი აზრით, ოქრუაშვილს აქვს შანსი, შედგეს ძლიერ პოლიტიკურ ფიგურად. სააკაშვილის დროს მან ხელიდან გაუშვა ეს შანსი, გატყდა, მოინანია და უცხოეთში წავიდა. ახლა აქვს შანსი და ეს შანსი უნდა გამოიყენოს, არ უნდა გატყდეს, თუ უნდა, რომ დაბრუნდეს აქტიურ პოლიტიკაში. თუ გაუძლებს, მას აქვს შანსი, რომ ჩამოყალიბდეს სერიოზულ მოთამაშედ.
– ამ დაკავებით ივანიშვილის ხელისუფლება მას პოლიტიკურად გააძლიერებს?
– დიახ, თუ არ გატყდა, აუცილებლად გაძლიერდება.
– ბოლო პერიოდში ხელისუფლება აგონიაშია, შეცდომას შეცდომაზე უშვებს. რეალურად გაუჩნდა საშიშროება, რომ კარგავს ხელისუფლებას?
– ბუნებრივია, ოროსნები უშვებენ შეცდომებს. აბა ოროსანი რისი ოროსანია, რომ შეცდომები არ დაუშვას?! იმდენი სისულელე ჩაიდინეს უკვე და ეს დღეს ხომ არ დაწყებულა? ბოლო ორი წელია, იმდენ სისულელეს აკეთებენ, მე კიდევ გულწრფელად მიკვირს, აქამდე როგორ მოატანეს.
– საით მიჰყავთ პროცესები?
– ძალიან მეშინია, მივალთ თუ არა მშვიდობიანად 2020-მდე. იქნებ როგორმე მივაღწიოთ. მერე თუ იქნება შანსი, რომ კოალიციური მთავრობა შეიქმნას, ეს საუკეთესო გამოსავალია, მაგრამ ასე თუ გასტანა, არ ვიცი, რა იქნება. შენი უვიცობით ქვეყანას ანგრევდე და თან სხვას აბრალებდე, ასეთი რაღაც არ მახსოვს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
– დაპატიმრებებს თუ ელოდებით კიდევ? იქნება ოპონენტების დევნა?
– ამ ეტაპზე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რუსთავი 2-ის თემაა. ოქრუაშვილიც ამის გამო დააპატიმრეს. ჯერჯერობით ამ ეტაპზე ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი ჩანს, რომ ვიღაცის დაპატიმრება დასჭირდეთ.
თუ გამოჩნდება, არც ამას მოერიდებიან. ნებისმიერ დაპატიმრებას თავის ფასი აქვს. შესაბამისად, არა მგონია, ასე მარტივად სხვებს ჩამოუარონ და დაიჭირონ. ძალიან დიდ ფასს იხდიან ამ დაპატიმრებებში, იმიტომ, რომ სუსტები არიან ძალიან.
– ხაზარაძის და ჯაფარაძის საქმესაც პოლიტიკური ელფერი აქვს?
– ახლა გაახსენდათ ხაზარაძის საქმე და რატომ? ხაზარაძემ ჩათვალა, რომ ივანიშვილი დასუსტდა და ამიტომაც წამოყო თავი 20 ივნისის კრიზისის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ივანიშვილი არც ისე დასუსტებულია, რომ ვერ შეძლოს ხაზარაძის დაკითხვაზე დაბარება.
ბუნებრივია, აქაც პოლიტიკური ინტერესი იკვეთება. ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ეს ყველაფერი დროში. შეეცადნენ ამ ეტაპზე ხაზარაძის დაშინებას. ვნახოთ, რამდენად შეძლებენ მის დაშინებას, ასევე ოქრუაშვილის დაშინებას, ეს ძალიან საინტერესოა.
მე ჩემი პოზიცია მინდა დავაფიქსირო – მე არც ოქრუაშვილის ფანი ვარ და არც ხაზარაძის, მაგრამ ფაქტია, რომ მათი დევნა მიდის პოლიტიკური ნიშნით!
– საკმაოდ მძიმე სიტუაციაა, ხედავთ კრიზისიდან გამოსავალს?
– კრიზისიდან გამოსავალი არის ერთადერთი, რომლის შანსიც მინიმალურია. ივანიშვილმა უნდა გამოძებნოს თავის თავში ძალა, რესურსი, დაბრუნდეს და მოიყვანოს კოალიციური მთავრობა. კოალიციური და არა ყურმოჭრილი მონების, როგორიც ახლა ჰყავს გარშემო.
მეორე გამოსავალი არის, რომ მათ გაიაზრონ, რომ 2020 წლის არჩევნებში, ნორმალურ ვითარებაში, ისინი ვერ გაიმარჯვებენ და დაიწყონ ფიქრი იმაზე, რომ კულტურულად, ცივილურად, ქვეყანა ნელ-ნელა გადააბარონ სხვას.
ერთადერთი მცირე შანსი დარჩათ, კოალიციაში შევიდნენ სხვასთან ერთად, ერთპიროვნულად ისინი ქვეყანას ვეღარ მართავენ, ეს გამორიცხულია.
მოსახლეობა ამას ვეღარ აიტანს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა