ფიქრია ჩიხრაძე – მამუკა ხაზარაძესთან ინდივიდუალურ თანამშრომლობას არ ვაპირებ

ფიქრია ჩიხრაძე - მამუკა ხაზარაძესთან ინდივიდუალურ თანამშრომლობას არ ვაპირებსაქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგელაშვილის მრჩეველი, პარტია “ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ყოფილ თანამებრძოლთან, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძესთან სამომავლო პოლიტიკურ თანამშრომლობას არ აპირებს.

აღნიშნულის შესახებ ჩიხაძემ 2020NEWS – თან განაცხადა.

– ქალბატონო ფიქრია, სექტემბერში ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს. თქვენი მოსაზრებით, ქვეყანაში განვითარებული პროცესებისა და მით უფრო, ხაზარაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოების ფონზე, ბიზნესმენის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების უკან პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების სურვილი არ იკვეთება?

– ამჟამად მამუკა ხაზარაძემ აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა იმიტომ გადაწვიტა, რომ ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებლობასა და პირადად, ხაზარაძეს დაუპირისპირდა. ამ ყველაფრის შემდეგ, ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა აზრი იმის შესახებ, რომ მამუკა ხაზარაძე იძულებული გახდებოდა პოლიტიკაში ნაბიჯები გადაედგა. დიდი ალბათობით, საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის სურვილის უკან მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების სურვილიც აქვს. ჯერჯერობით, ამის მეტს ვერაფერს ვიტყვი. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ პოლიტიკას განახლება ძალიან სჭირდება.

– იქედან გამომდინარე, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მამუკა ხაზარაძესთან პოლიტიკური თანამშრომლობა გაკავშირებდათ, “თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ დამფუძნებელთან სამომავლო პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას კვლავ ხომ არ გეგმავთ?

– დაახლოებით, 20 წლის წინ მამუკა ხაზარაძესთან ერთად შევქმენით საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ძალიან საინტერესო და გავლენიანი მოძრაობა იყო. ამ პერიოდში აღნიშნული ორგანიზაციის წიაღში იშვა პოლიტიკური ძალა “ახალი მემარჯვენეები“, რომელსაც ხაზარაძე უჭერდა მხარს. აღნიშნული პროცესების შემდეგ, მამუკა ხაზარაძე ბიზნესში ჩაერთო და სერიოზული ბიზნესტრუქტურა შექმნა. ამჟამად საგანმანათლებლო მიმართულებით ვარ დაკავებული და ასევე, წევრი ვარ “ახალი მემარჯვენეების“ ასე, რომ მამუკა ხაზარაძესთან ინდივიდუალურ თანამშრომლობას არ ვაპირებ.

– ნულპროცენტიანი, ბუნებრივი ბარიერისა და პროპორციული საარჩევნო სისტემის ფონე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, “ქართულ ოცნებას“ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების მოლოდინი აქვს. თქვენი მოსაზრებით, მმართველი პარტია რომელ პარტიებთან ერთად შეიძლება გეგმავდეს თანამშრომლობას?

– პროპორციული არჩევნები იმით არის საინტერესო, რომ დიდი ალბათობით, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება შესაძლებლობა პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვოს და თვითონ დააკომპლექტოს მთავრობა. არ ვიცი, “ქართულ ოცნებას“ კოალიციური მთავრობის შესაქმნელად პარტნიორებად ვინ ჰყავს ამორჩეული, მაგრამ ფაქტია, რომ მმართველი პარტიის წევრები იძულებულნი იქნებიან პარტნიორები ეძებონ, რაც კარგია. სულაც არ არის გამორიცხული ის, რომ კოალიციური მთავრობა არა “ქართულმა ოცნებამ“, არამედ სხვა პარტიების წარმომადგენლებმა შექმნან.