რამაზ საყვარელიძე – “მამუკა ხაზარაძეს დაუნდობელი ბრძოლა მოუწევს”

რამაზ საყვარელიძე - "მამუკა ხაზარაძეს დაუნდობელი ბრძოლა მოუწევს"პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ გაკეთებულ განაცხადზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადი გააკეთა, რომ ის საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის. გამოდის, ხაზარაძემ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო?
– რა თქმა უნდა! საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნიდან პოლიტიკურ მოძრაობამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება. სექტემბერში ის დააფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას და ამ პერიოდს ერთგვარი მოთელვისთვის გამოიყენებს და შემდეგ შექმნის პოლიტიკურ პარტიას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, საარჩევნო სისტემას ვგულისხმობ, რაზეც ხელისუფლების მხრიდან არის საუბარი, მამუკა ხაზარაძეს და მის გუნდს ექნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტში შევიდნენ.
– უკვე ბევრი პოლიტიკური პარტია გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მასთან ითანამშრომლოს, ასეთი მზადყოფნა უკვე გამოთქვა გიგა ბოკერიამ. ვისთან უფრო წარმოგიდგენიათ მამუკა ხაზარაძე, როგორც პოლიტიკური პარტნიორი?
– ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ალბათ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის გადაწყვეტილება, წავიდოდა თუ არა ხაზარაძე პოლიტიკაში.
– რას გულისხმობთ?
– ვისი პარტნიორი იქნება, ნაციონალური მოძრაობის და მასთან ასოცირებული პარტიების თუ “ქართული ოცნების” და მასთან ასოცირებული პარტიების. ვნახოთ, ამას დრო გვიჩვენებს.
– კობახიძემ არ გამორიცხა კოალიციური მთავრობა.
– დიახ, წინ ძალიან საინტერესო პროცესები გველის. როგორი იქნება ამომრჩევლის გადაწყვეტილება, ვის რამდენი ნდობა ექნება სწორედ ამომრჩევლისგან, როგორი იქნება ეს კოალიცია, ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო პროცესებია წინ.
– თავის დროზე ბევრი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ “თიბისის” ირგვლივ განვითარებული ამბების შემდეგ ხაზარაძე პოლიტიკაში წავიდოდა. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ხაზარაძეს ორი გზა ჰქონდა: ან სახლში წასულიყო ან პოლიტიკაში. თქვენი მოლოდინი გამართლდა?
– იგივე საარჩევნო სისტემა და საარჩევნო ბარიერი რომ დარჩენილიყო, მაშინ ალბათ რთულად მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ შემოთავაზებული პროპორციული სისტემა და ნულოვანი ბარიერი საუკეთესო შანსია, რომ პოლიტიკაში მოვიდეს ნებისმიერი და მით უფრო, რასაკვირველია, მამუკა ხაზარაძე. სიმართლე გითხრათ, რომ არ მიეღო ეს გადაწყვეტილება, ის იქნებოდა ბევრად უფრო გასაკვირი.
– უკვე სახელდებიან ის ადამიანები, რომლებიც მოიაზრებიან ხაზარაძის გუნდში. ძირითადად საუბარია “ქართული ოცნების” ყოფილ წევრებზე: ლევან კობერიძეზე, ლევან გოგიჩაიშვილზე. თუმცა, ალბათ უფრო მნიშვნელოვანია ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის შესახებ ინფორმაცია. დაბრუნდება კვირიკაშვილი პოლიტიკაში?
– გიორგი კვირიკაშვილსა და მამუკა ხაზარაძეს მეგობრობა აკავშირებთ ერთმანეთთან. კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ზოგადად პოზიტიური იქნება. მას იცნობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მისდამი, როგორც ყოფილი პრემიერისადმი, დასავლეთში ნდობა მაღალია. მას ასევე დასავლეთში სერიოზული კავშირებიც აქვს. ამდენად, ეს ძალიან დიდი უპირატესობა იქნება ნებისმიერი პარტიისთვის თუ გუნდისთვის.
აქამდე კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ მას პოლიტიკა აღარ აინტერესებს და რომ ის პოლიტიკაში არ აპირებს დაბრუნებას. დღეს კვირიკაშვილი თავისი საქმიანობით შორს არის პოლიტიკისგან და ის ერთ-ერთ უცხოურ კომპანიას კონსულტირებას უწევს, რაც საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამსახურია. ალბათ უფრო 50-50-ზეა, მიიღებს თუ არა კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებას. ვნახოთ, ამასაც დრო გვიჩვენებს.
– “ქართული ოცნებიდან” ბევრი წავა ხაზარაძესთან? თუ გავითვალისწინებთ პარტიის დაანონსებულ განახლებას, ამ დილემის წინაშე ალბათ ბევრი აღმოჩნდება. რას იტყვით?
– სავსებით სწორი დასკვნაა. თუმცა, წინარე პერიოდზეც ბევრი იქნება დამოკიდებული, ვინ რა გარანტიებს მიიღებს. “ოცნებას” მცირე ჯგუფები ღიად უკვე გამოეყო, მაგრამ ასეთივე მცირე ფარული ჯგუფები ჯერ კიდევ რჩებიან “ქართულ ოცნებაში”, ალბათ ისინი ასეთ ხელსაყრელ სიტუაციას ელოდებიან ადგილმონაცვლეობისთვის.
ასეთი გადანაცვლებები პოლიტიკურ პოტენციალზეც იქნება დამოკიდებული, რა პოლიტიკურ პოტენციალს აჩვენებს ხაზარაძე არჩევნებში.
– რამდენად იქნება წარმატებული პოლიტიკოსი?
– მან უკვე გამოავლინა პოლიტიკისთვის საჭირო პოლიტიკური თამაშების ალღო და მანევრის შესაძლებლობები. ჩვენ ვნახეთ, თუნდაც ის თემა როგორ გადაიყვანა პოლიტიკურ ჭრილში, როგორი ველი მისცა მას.
აქვე, კიდევ ერთი ფაქტორი: მამუკა ხაზარაძე ცნობილია როგორც ქველმოქმედი. ის აფინანსებდა მწერლებს, პოეტებს, ახალგაზრდა ხელოვანებს. მასში, როგორც ადამიანში, როგორც ჩანს, ქველმოქმედის მუხტი დევს. ეს პოლიტიკოსისთვის ძალიან საჭირო თვისებაა, რომ პოლიტიკოსი ადამიანს არ გაუუცხოვდეს.
მამუკა ხაზარაძეს მოუწევს პოლიტიკურ ბრძოლაში შესვლა. ეს ბრძოლა არ არის მარტივი, ეს ძალიან დაუნდობელი ბრძოლაა. ყველა ერთმანეთის კონკურენტია. ვიღაც იტყვის, ბიზნესმენისთვის კონკურენცია უცხო ხომ არ არის?! არა, მაგრამ პოლიტიკური კონკურენცია და პოლიტიკა სრულიად სხვა რამეა.
ბრძოლა მიდის ყველა მეთოდებით არა მხოლოდ პოლიტიკური კონკურენტების მიმართ, არამედ იქ, სადაც პოლიტიკური კონკურენტიც კი არ არის და მხოლოდ ინტერესია.
მაგალითად, მე ორი დღის წინ ფეისბუკი გამიტეხეს და მომაწერეს პოლიტიკური განცხადება, რომელიც მე არ გამიკეთებია. ამდენად, ბევრი ანალოგიური ხერხი შეიძლება იყოს გამოყენებული ნებისმიერის მიმართ, მათ შორის ხაზარაძის მიმართ.
ასეთი დაუნდობელია პოლიტიკა.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა