რამაზ საყვარელიძე – “ოპოზიციას პროკურატურაში დაბარებით ვერ დააშინებენ”

რამაზ საყვარელიძე - "ოპოზიციას პროკურატურაში დაბარებით ვერ დააშინებენ"პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, მას შემდეგ რაც ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთდა, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი ბარამიძე გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოდის, პროცესი არ დასრულებულა? მოვლენათა როგორ განვითარებას ელოდებით?
– როგორც ჩანს, პროცესი არ დასრულებულა და გრძელდება. ალბათ მოვლენათა გარკვეული ესკალაციები წინ არის. ძალიან დიდი ხანია, რომ სააკაშვილი და მისი მეუღლე აცხადებენ, რომ არჩევნებს არ აქვს აზრი და ხელისუფლება სხვა გზით უნდა შეიცვალოს.
ნაციონალურმა მოძრობამ 2012 წლის შემდეგ ვერც ერთხელ ვერ შეძლო არჩევნებში გაემარჯვა. სადაც მოსახლეობის უმრავლესობის ნება გადამწყვეტია, იქ ნაციონალური მოძრაობა წაგებულია. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილს არჩევნები არ აწყობდეს. ამდენად ლოგიკურია, რომ პარლამენტის აღების იდეა უფრო შორიდან მოდიოდეს, როგორც დროის, ისე გეოგრაფიის მხრივაც. ამიტომ, მელია არ გამოდის სახელმწიფო გადამტრიალებელი.
– ნიკა მელიას დაკავება გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამერიკა ჩაერთო, გადაიფიქრეს. მიუხედავად ამისა, პროცესის გაგრძელება რაზე მიანიშნებს, მიზანი ოპოზიციის ლიდერების დაშინებაა?
– არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ ვერც ისე მოხდებოდა, რომ მთლად შუა გზაში გაჩერებულიყვნენ.
პარლამენტთან შეკრებილ ადამიანებს გასაგებია, რომ სისხლი უდუღდათ იმ წუთში. მიტინგზე არის მომენტები, როდესაც ტემპერატურა ძალიან მაღალია, ისე, რომ ადამიანი ვერ აკონტროლებს ქცევას. შეიძლება ამ ხალხში მართლაც სპონტანურად გაჩნდა აზრი, რომ პარლამენტში შესულიყვნენ.
– ამაზე აკაკი ბობოხიძემ თქვა, პარლამენტში შესვლა ხელისუფლების შეცვლას ხომ არ ნიშნავსო.
– თუ ეშმაკური ჩანაფიქრი ექნებოდა ხელისუფლებას, შეიძლება ეს ხალხი შეეშვა პარლამენტში და მერე ემოქმედა. თუმცა, ხელისუფლებაც იმპულსური აღმოჩნდა.
– მართლაც რომ შესულიყო ხალხი…
– არა, მერე უკვე ძალიან რთული იქნებოდა პროგნოზირება. ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ბევრად უფრო მეტ რისკთან იქნებოდა დაკავშირებული.
– ოპოზიციის დაშინება გამოვა პროკურატურაში დაბარებით?
– ალბათ რთული იქნება. გიგი უგულავას ეს პერიპეტიები უკვე გამოვლილი აქვს, ის უკვე იჯდა ციხეში და ამიტომ არ მგონია, რომ შეეშინდეს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ მასაც დაადონ სამაჯური. ირაკლი ოქრუაშვილი ქვეყანაში არ იმყოფება, ბარამიძე კი დაკითხვის მზადყოფნას გამოთქვამს მოსამართლესთან.
მე მაინც მგონია, რომ ამ პროცესის დასაწყისი ბევრად უფრო ადრეა, ვიდრე იმ ღამის მოვლენები. ვგულისხმობ იმას, რაც უკვე გითხარით, სააკაშვილის არჩევნებისადმი დამოკიდებულებას.
– კულმინაცია რა შეიძლება იყოს?
– მე მეეჭვება, რომ კულმინაციის წერტილი წინ იყოს და არა უკან. მიტინგები უკვე დაღმავალია. გამოიკვეთა ნაციონალური მოძრაობის აქტიურობა და ხალხმაც დაიკლო. თუმცა, გულწრფელი ახალგაზრდები სრულიად ჯანსაღად ფიქრობენ, რომ ისინი არავის საქმეს არ აკეთებენ გარდა თავიანთისა და ეს სრულიად ბუნებრივია.
თუმცა, კულმინაცია შეიძლება ერთხელ კიდევ იყოს. მოგეხსენებათ, 18 ივლისს რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურის სასამართლო თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
თუ ეს გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის სასარგებლოდ იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, დიდი შანსია, რომ მიტინგს, როგორც იტყვიან, ახალი სუნთქვა გაეხსნას. ამ შემთხვევაში ნამდვილად ახალი ძალებით და ახლი მასშტაბით აკრეფს ძალას პროტესტი.
– და ეს შეიძლება ახლი თავსატეხი გახდეს ხელისუფლებისთვის?
– რა თქმა უნდა! თუმცა, უსასრულოდ არაფერი არ გაგრძელებულა და, ცხადია, ვერც აქციები ვერ გაგრძელდება.
– თუ ოპოზიციის რომელიმე ლიდერი დააკავეს?
– რა გითხრათ, თუ ასე განვითარდება მოვლენები, მაშინ ეს ბევრად უფრო დიდ რისკთან იქნება დაკავშირებული. თუ ახლა დაღმავალია პროტესტი და ეს სავსებით კანონზომიერია, დაჭერა კიდევ ერთი ახალი სუნთქვა იქნება მიტინგისთვის.
მე მაინც ვფიქრობ, რომ ნიკა მელია რომ არ დააკავეს, ერთ-ერთი მოტივი ესეც იყოს. ამიტომ, მეეჭვება, რომ ამაზე წავიდეს ხელისუფლება.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა