„რუსთავი 2“-ის მეწილე ნინო ნიჟარაძემ ნიკა გვარამიას პროკურატურაში უჩივლა

„რუსთავი 2“-ის მეწილე ნინო ნიჟარაძემ ნიკა გვარამიას პროკურატურაში უჩივლა„რუსთავი 2“-ის ცხრაპროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გენერალურ პროკურატურაში არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

„2014 წლიდან ვითხოვთ სხვადასხვა დოკუმენტაციის გადმოცემას, მაგრამ ეს არ მოხდა და დოკუმენტები, რომელიც მივიღეთ, აშკარად გამოიკვეთა კომპანიის ხელმძღვანელის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები.

ეს არის 220-ე მუხლი, ასევე 182 და 205-ე პრიმა მუხლები. იმ პერიოდში, როდესაც კომპანიას საოპერაციო ხარჯები გაეზარდა და საჭირო იყო უფრო მეტი შემოსავლების ინტეგრირება სარეკლამო შემოსავლებიდან, კომპანიის ხელმძღვანელმა ფიქსირებულ, მოჭრილ შემოსავალზე გაუფორმა კონტრაქტი ინტერმედიას, ეს აშკარად არის მისი მხრიდან კომპანიის საზიანო მოქმედება და ეს გააკეთა მაშინ, როცა ინტერმედიასგან მეტი შემოსავლები შემოდიოდა, ასეთ პერიოდში კონტრაქტი დაბალ თანხაზე გაფორმდა.

ეს არის გაუგებარი, თუ რატომ გაფორმდა წამგებიანი ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ინტერმედიას შემოსავლები პრაქტიკულად დამალული იქნა პარტნიორებისთვის. ნათელი გახდა, რომ შემოსავლის მეტი წილის აკუმულირება ხდება სხვადასხვა კომპანიებში.

უკანასკნელი კომპანია, სადაც ხელშეკრულებაა გაფორმებული, არის სხვა ინტერმედია და მისი დამფუძნებელი ერთი-ერთი მიხეილ მშვილდაძეა. არსებობს საფუძველი, რომ ხდება თანხების აკუმულირება, ე.წ. გადაქაჩვა სხვა სატელევიზიო კომპანიებში“, – განაცხადა ადვოკატმა.