სალომე სამადაშვილი – “გახარიას ზურგს მოსკოვი უმაგრებს”

სალომე სამადაშვილი - "გახარიას ზურგს მოსკოვი უმაგრებს"ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ქალბატონო სალომე, 20 ივნისის მოვლენებიდან 2 კვირის თავზე ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობს. ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მშვიდობიანი აქციის გამოყენება მოხდა ოპოზიციის ლიდერების მიერ კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. რას უპასუხებთ?
– ხელისუფლების ამ მცდელობას ორი მიზეზი აქვს: პირველ რიგში პასუხისმგებლობა აარიდოს შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას, რომლის გადადგომასაც უკვე ორი კვირაა, ხალხი ითხოვს. როგორც ჩანს ივანიშვილი გახარიას გადაყენებას არ აპირებს და სწორედ ასეთი ვერსიებით ცდილობს ყურადღების გადატანას სხვა თემებზე.
მეორე, ასეთი ბრალდებით ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციის შევიწროვებას, მის დისკრედიტაციას.
ფაქტია, რომ მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ოპოზიციამ. ხელისუფლების რეიტინგი არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს და ეს კარგად გამოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნებში. ამიტომ, ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ოპოზიციის დისკრედიტირება მოახდინოს და გაანეიტრალოს. მე სხვა ახსნას ვერ ვუძებნი იმ ყველაფერს, რასაც ვისმენთ. ეს არის შეთითხნილი ვერსია სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე.
სხვა რა უნდა იყოს, როდესაც ნიკა მელია, პოლიტიკოსი, პარლამენტის დეპუტატი, რომლის პირდაპირი მოვალეობაც ადამიანებთან შეხვედრებია, ამომრჩევლის დარწმუნებაა, მისი პოზიციის დაფიქსირება, პირდაპირ გააჩერა და შინაპატიმრობაში ჰყავს.
– გამოდის, გახარიას არ გადააყენებენ?
– სიმართლე გითხრათ, მეგონა, ივანიშვილი აქამდეც გადააყენებდა გახარიას, რადგან ეს იქნებოდა სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ “ქართულ ოცნებას” სურდა სახის შენარჩუნება, მაგრამ, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ვერ ელევა, არამედ გახარიას ბევრად უფრო დიდი გარანტიები აქვს, ვიდრე ივანიშვილია. როგორც ჩანს, ზურგს მოსკოვი უმაგრებს.
მე ვიცი, რომ “ქართული ოცნების” შიგნითაც ბევრს მიაჩნია, რომ გახარია უნდა გადამდგარიყო, მაგრამ ფაქტია, რომ მას ხელს ვერ კიდებენ.
– ქალბატონო სალომე, ეს ძალიან საშიში ვერსიაა. თქვენ რამდენად უშვებთ, რომ სუვერენული სახელმწიფოს ძალიან მაღალი თანამდებობის პირი სხვა ქვეყნის მიერ ასეთ დონეზე იყოს მხარდაჭერილი?
– გახარიას ცხოვრება და მთელი კარიერა უკავშირდება მოსკოვს. ამ ადამიანს არ ჰქონია არსად სხვაგან კარიერა. თუნდაც მისი ბიზნეს საქმიანობა პირდაპირ რუსეთთან არის კავშირში. ამ ადამიანის ბიოგრაფია და გამოცდილება მაფიქრებინებს, რომ მას ძალიან სერიოზული კავშირები აქვს მოსკოვთან.
შეუძლებელია, გახარიას წარსულს, მის ბიოგრაფიას გადახედო და არ იფიქრო, რომ მას შესაბამისი კავშირები აქვს რუსეთთან თან რუსეთის მიზანიც ხომ ეს იყო, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, რომ მათთვის კონტროლირებადი პირისთვის ჩაებარებინათ ეს სფერო.
– კულტურისა და განათლების მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე თანამდებობიდან გადადგა. იზიარებთ იმ ვერსიას, რომ ის გაუშვეს, რადგან კულტურის სფერო რუსთაველზე დგას, როგორც ოპოზიცია ამბობს?
– ამ შემთხვევაშიც ორი ვერსია შეიძლება იყოს განხილული.
მართლაც, რუსთაველის გამზირზე იკრიბება საზოგადოება. სრული მობილიზებაა. ყველა თაობის, ყველა სფეროს წარმომადგენელი თავის პოზიციას ღიად აფიქსირებს. მათ შორის, რასაკვირველია, კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ეს ადამიანები სრულიად ღიად და ცალსახად აპროტესტებენ 20 ივნისის მოვლენებს. რთულად წარმოსადგენია, 20 ივნისის შემდეგ კულტურის მოღვაწეებმა ივანიშვილის პოზიცია დაიცვან. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ამის გამო გიორგაძე უბრალოდ გაუშვეს.
არის მეორე ვერსია: მე არ გამოვრიცხავ, რომ მიხეილ გიორგაძე კარგად აცნობიერებს, რაც ხდება, რაც ემართება ივანიშვილის გემს და უბრალოდ მან გემის ჩაძირვას დაასწრო.
– და მართლაც თავად გადადგა?
– დიახ, სწორედ ამ მოტივაციით. ან შეიძლება, ერთი მხრივ გამოაშკარავდა, ნიღაბი ჩამოეხადა რუსეთთან კავშირებს და მეორე მხრივ დაანონსდა ოპოზიციის ლიდერების დევნა, რის გამოც ძალიან რთულ პოლიტიკურ სპირალში შევდივართ და გიორგაძეს არ უნდა, ამ ყველაფრის თანამონაწილე იყოს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა