შალვა თადუმაძე – “მე შევძელი, რომ პროკურატურა დღეს არ არის უკანასკნელ რიგებში ნდობის ხარისხის მიხედვით”

შალვა თადუმაძე - "მე შევძელი, რომ პროკურატურა დღეს არ არის უკანასკნელ რიგებში ნდობის ხარისხის მიხედვით" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე განაცხადა, რომ პროკურატურა ნდობის ხარისხით რეიტინგებში აღარ არის უკანასკნელ რიგებში

შალვა თადუმაძემ საქართველოს პროკურატურაში მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ საგამოძიებო უწყებას საზოგადოებრივი ნდობის ხარისხის მიხედვით სერიოზული პრობლემა ჰქონდა.

„საქართველოს პროკურატურაში მივედი იმ დროს, როდესაც საქართველოს პროკურატურას ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდა საზოგადოებრივი ნდობის ხარისხის მიხედვით. შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურაში მივედი მარტო, არ მიმიყვანია ჩემი გუნდი და იმ გუნდით, რომელიც იქ დამხვდა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და დიდი რესურსი გააჩნია, ერთი წლის მანძილზე შევძელი, პროკურატურა იყოს ისეთი, როგორიც დღეს არის“,- აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

მისი თქმით, დღეს პროკურატურა არ არის იდეალური, მაგრამ რეიტინგების მიხედვით, პროკურატურა და სახალხო დამცველი ერთმანეთს უტოლდება.

„არ ვფიქრობ, რომ პროკურატურა არის იდეალური, მაგრამ იმ მონაცემებით, რა მონაცემებიც დამხვდა, მე შევძელი, რომ პროკურატურა დღეს არ არის უკანასკნელ რიგებში ნდობის ხარისხის მიხედვით. ჩემთვის საამაყოა, რომ პროკურატურა და სახალხო დამცველი რეიტინგების მიხედვით ერთმანეთს უტოლდება და ეს კიდევ დიდი გამოწვევაა პროკურატურისთვის“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ნიუპოსტი