შოთა მალაშხია – „ქართული ოცნება“ საბჭოთა სექტაა”

შოთა მალაშხია - „ქართული ოცნება“ საბჭოთა სექტაა"ქართველი ექსპერტების ნაწილი ირწმუნება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მის წინაშე წარმოჭობილი კრიზისი წარმატებულად დაძლია. ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერს შოთა მალაშხიას.
შოთა მალაშხია:
– ჩვენთან ხშირად ექსპერტებს ეძახიან პირებს, რომლებსაც ფულს უხდიან. ეს დაფინანსებული ადამიანები ახმოვანებენ დაკვეთილ გზავნილებს. უბედურება ისაა, რომ ამ ხალხს არ ესმის, რომ ფულის გულისათვის ყველაფერი არ უნდა იკადრო.
– იმის თქმა, რომ „ოცნებამ“ კრიზისი კარგად გადაიტანა, ცუდის კადრებაა?
– რასაკვირველია. ეს შექმნილ მდგომარეობაში უზნეობაა. 20-21 ივნისის მოვლენების შთაბეჭდილებები ხალხს არ განელებია. იქ მიღებული ჭრილობები არ მოგვიშუშებია.
ამ სისხლიანი მოვლენებიდან მოკლე ხანში მთელი ხელისუფლება, პრეზიდენტით დაწყებული, თბილისის მერით დამთავრებული, იდგა და მოსკოვის წინაშე ბოდიშებს იხდიდა. არ ვამბობ, რომ გიორგი გაბუნია სწორად და კარგად მოიქცა, მაგრამ ხელისუფლებამ მის გინებას სამარცხვინო მონობა მოაყოლა, ყველა პუტინის დედის დამცველებში ჩადგა. პუტინის დედის დაცვისას ქართლის დედა ფორმალურადაც კი დაავიწყდათ. 21 ივნისს რუსეთის მოსამსახურე „ქართული ოცნების“ სისტემა სრულიად გაშიშვლდა.
– ტატუნაშვილის მიმართ ახალი ჩადენილი იყო უმძიმესი დანაშაული, როცა მაშინდელი პრემიერი კვირიკაშვილიც მობოდიშებით დაელაპარაკა მოსკოვს.
– ესეც იმას ამტკიცებს, როგორია „ქართული ოცნების“ სისტემა. 21 ივნისს პირდაპირ გვითხრეს, რუსეთის ინტერესებისთვის თვალებს დაგთხრით, ვინც რუსეთს მოთხოვნებს წაუყენებთ და გააკრიტიკებთ, დაისჯებითო. ამით ხალხს ვერ დააშინებენ. „ქართული ოცნება“ თავისი ჭკუით ემზადება იმისთვის, რომ საქართველო რუსეთის გუბერნიად გადააქციოს.
– რუსეთის ელიტას ისედაც ჰგონია საქართველო რუსეთის დე ფაქტო გუბერნია.
– რუსეთს ამაში ეხმარება „ქართული ოცნება“. საუბედუროდ, ყოველთვის იყვნენ ნაძირალა ქართველები, რომლებიც სულ რუსეთის მომადლიერებაზე ფიქრობდნენ. ასეთებმა საქართველოში ჩამოსულ რუსეთის იმპერატორს თავადის ასული ჩაუწვინეს ლოგინში.
ასეთი ქართველები ახლაც არიან, მაგრამ მათი რაოდენობა ცოტაა. დანარჩენ ქართველობას საქართველოს დამოუკიდებლობა, ევროკავშირი და ნატო გვინდა. ის, ვინც რუსეთის დავალებებს ასრულებს, ან ვინც რუსეთს მარჩენალად მიიჩნევს, ისეთივე მონაა, როგორიც ის არამზადა ქართველები იყვნენ, რომლებიც რუსეთის გამო ყველაფერზე მიდიოდნენ.
ვერ ვწვდები იმ ქართველ სასულიერო პირების აზროვნებას, რომლებიც გამუდმებით რუსეთის გამართლებაში არიან. ან ავტოკეფალიის ამბავი არ ახსოვთ, ან ის, რასაც რუსი ეგზარქოსები საქართველოში ჩადიოდნენ?!
საკუთარი ახალგაზრდების თვალების დამთხრელ „ოცნებასაც“ არა აქვს გამართლება. ამას იმ ვაი-ექსპერტების გასაგონად ვამბობ, რომლებიც „ქართული ოცნების“ დაკვეთით მის წარმატებაზე საუბრობენ.
რუსული „ქართული ოცნება“ ვერაფრით ვერ „პრავდება“. 21 ივნისის დანაშაულის, ისევე, როგორც 9 აპრილის სისხლის ჩამორეცხვა შეუძლებელია. მაშინ ამის გამართლებას ცდილობდა ფოფხაძე, ახლა – დეპუტატი „ოცნებიდან“ კაკი ზოიძე. „ოცნებას“ რუსთავი 2-ის გამოც შეექმნა ცრუ ილუზიები.
– „ოცნებაში“ ამასაც წარმატებად თვლიან?
– ჰგონიათ, რომ არხის მფლობელი და გენდირექტორი შეიცვალნენ და ამის გამო საზოგადოება „ოცნებას“ სხვა თვალით შეხედავს. იმას ვერ ხვდებიან, რომ ხალხში განწყობა არ შეცვლილა. სულ რომ დახურონ ოპოზიციური ტელევიზიები, ინფორმაცია მაინც გავრცელდება.
21-ე საუკუნეში საინფორმაციო ღრუს დახშობა შეუძლებელია. სხვას რომ თავი დავანებოთ, ინფორმაცია ჭორად, ჰიპერტროფირებული ფორმით გავრცელდება. ამით ხელისუფლებას არაფერი შეემატება.
საერთოდ, ისე გველაპარაკებიან, თითქოს მე-20 საუკუნის დასაწყისი იყოს და არა – 21-ე საუკუნე.
– მაგ დროს ბოლშევიკები და მენშევიკები იყვნენ.
– სწორედ იმ შორეულ დროს რევოლუციებს ფოსტა-ტელეგრაფისა და სხვა შენობების აღებით იწყებდნენ. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ოპოზიციას 21 ივნისს პარლამენტში შეჭრა უნდოდა. ესეც საეჭვოა. დავუშვათ, რამდენიმე კაცი შესულიყო პარლამენტში. ეს ხალხი მყისიერად დეპუტატებად იქცეოდა და ხელისუფლებას გადაატრიალებდა თუ რა?
კორუფციითაც ჩამოჰგავს „ქართული ოცნება“ საბჭოთა დროს მეოცე საუკუნის უფრო გვიანდელ პერიოდში. სააკაშვილისას ელიტური კორუფცია იყო. ასე, ჩაწყობით შეიძლებოდა შერჩეულიყო ფირმა, რომელიც ობიექტს ააშენებდა. დღეს კორუფციამ ყველაფერი მოიცვა და შედეგად მიღებთ მშენებლობების შეჩერებას ან უხარისხო ნაგებობებს.
საბჭოთა დროს გავრცელებული იყო რეალისტური თქმულება ამერიკელ და რუს მშენებლებზე. ამერიკელმა რუსს აშშ-ში უმასპინძლა იმ ფულით, რომელიც მან ხიდის აშენებით მოიგო. რუსმაც გაუწია ამერიკელს მასპინძლობა იმ თანხით, რომელიც ხიდის აგებას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ ხიდი არ აშენდა. „ოცნებაც“ ამ რუსივით იქცევა. „ქართული ოცნება“ საბჭოთა სექტაა.
– თუ ასეა, რეპრესიებშიც უნდა მიბაძოს.
– ქართველ რეპრესირებულებს ციმბირში ასახლებდნენ. ახლა ეგ არ გამოუვათ. აგერ, ნიკა მელიას მიმართ უნდოდათ რეპრესიის მაგვარი, მაგრამ ყველაფერი უკუღმა მოუბრუნდათ.
– ნიკა მელიას მიმართ გამოჩენილ ფართომასშტაბიან სოლიდარობას გულისხმობთ?
– ბუნებრივია. ის ხალხიც კი, რომელიც მანამდე ნიკა მელიასადმი გულგრილი იყო, მისი გულმხურვალე მხარდამჭერი გახდა. მას აიგივებენ 20-21 ივნისისა და 9 აპრილის გმირებთან.
პოლიტიკოსისათვის ასეთი მდგომარეობა სანატრელია. ზოგადად, ჩვენ შეიძლება ვიყოთ განსხვავებულები, მაგრამ აუცილებელია შეთანხმება ძირითად საკითხებზე. ერი შეთანხმებულია, რომ რუსეთი ოკუპანტია, ივანიშვილის ხელისუფლება კი მას ემსახურება. ზოგი კონსერვატორი ვართ, ზოგი ლიბერალი, ზოგი – მართლმადიდებლური ფასეულობების დამცველი, ჩვენი კუთხეებიც ჭრელია.
საბედნიეროდ, ყველანი ვიწონებთ ანტისაოკუპაციო მოძრაობას და გამოვდივართ ოკუპაციის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეების მიმართ საყოველთაო სიყვარული იგრძნობა.
– მოკავშირეები „ქართულ ოცნებასაც“ ჰყავს.
– ეგ ისეთი უსახური და ბნელი ჯგუფებია, რომ სათქმელადაც არ ღირს. მაგათი ერთობლივი მდგომარეობა მაგონებს ანეკდოტს – ექიმი ავადმყოფთან რომ მივიდა, გარდაცვლილი დახვდა. იკითხა, სიკვდილის წინ ოფლი თუ მოუვიდაო. თუ გაოფლიანდა, კარგიაო, დაასკვნა ექიმმა.
ასეთ მდგომარეობაშია „ოცნება“ თავის მოკავშირეებიანად.
– განიხილება საკითხი, ვის შეიყვანს „ქართული ოცნება“ მომავალ კოალიციაში.
– „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ ახლანდელ სიტუაციას მიხედოს! საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ფერდაკარგული ივანიშვილი იხვეწებოდა, ერთი წელიწადი მომეცითო.
თურმე, იმიტომ სდომებია ეს დრო, რომ ახალგაზრდებისთვის თვალები დაეთხარა. სხვა მხრივაც გაუარესდა ქვეყანაში მდგომარეობა. მომავალი არჩევნების წინ ივანიშვილს სათქმელი აღარ დარჩება.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა