სოსო ცისკარიშვილი – “თავისუფლება ბიძინა ივანიშვილს!”

სოსო ცისკარიშვილი - "თავისუფლება ბიძინა ივანიშვილს!"“ახალი თაობის” კითხვებს პოლიტოლოგი, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი პასუხობს.
– ბატონო სოსო, აირაის კვლევებით, “ქართული ოცნება” მხოლოდ 4%-ით უსწრებს ნაციონალურ მოძრაობას. როგორია თქვენი ხედვები და შეფასებები?
– ეს 4%-იანი სხვაობა ძალიან საინტერესოა. 20 ივნისი გვაძლევს უფლებას ვთქვათ, რომ “ქართული ოცნება” არის მხოლოდ შირმა, შინაარსი არის რუსული ოცნება და არა – ქართული. დიახ, სწორედაც რომ რუსული ოცნება იყო მომხდარიყო ის, რაც მოხდა.
დროა, გავიღვიძოთ ქართველებო! წავაკითხოთ და დავაზეპირებინოთ დიდი მგოსნის, აკაკი წერეთლის გულისტკივილი ბიძინა ივანიშვილს და მისი რუსული ოცნების პარლამენტარ ლეკვებს. სკოლაშიც უნდა ვასწავლოთ დიდი აკაკის ეს ლექსი: “დამეხსენი, ჩრდილოელო, რა მაქვს შენთან საზიარო, თვით ოხერო, მოუვლელო, როგორ გინდა მომიარო”?!
– ფიქრობთ, რომ “ქართული ოცნება” რუსულ ინტერესებს ემსახურება?
– მარტო მე არა, ძალიან ბევრი ფიქრობს ასე. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვუახლოვდებით ევროპულ დემოკრატიას, რადგან აღმოვჩნდით სულ ცოტა ოთხწლიან ბიძინოკრატიაში.
– გასულ კვირას ტუსკი შეხვდა ივანიშვილს. რა გზავნილები ჩამოუტანა ტუსკმა ივანიშვილს, მიანიშნა, რომ დათმოს ხელისუფლება?
– ეს არ არის მოულოდნელი თემა, რადგან ტუსკი არ იყო პირველი პირი, რომელიც ასეთ თემას გააჟღერებდა ბატონ ბიძინასთან. ალბათ სასაცილოც კია, თუ რა განცხადება გააკეთა ამ შეხვედრის შემდეგ ბატონმა ბიძინამ, ადამიანმა, რომელსაც თითქმის 8 წლის განმავლობაში რუსეთი თავზე აზის.
მას არცერთხელ არ უთქვამს და არც კი წამოცდენია სიტყვა ნატო. ამ უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ კი რატომღაც აღმოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი გზა არის ევროპისკენ და ასე შემდეგ. მე ვერ ვიტყვი, რომ გულწრფელი იყო ბატონი ბიძინა ამ განცხადებისას. ალბათ მან სტუმრის მიერ ნათქვამი ფრაზები საკუთარ თემად გაასაჯაროვა.
– მოდის გზავნილები, რომ “ოცნება” უნდა წავიდეს. რამდენად მარტივად წავა?
– ძალიან კარგი კითხვაა და გეტყვით, რატომ. დღეს თუკი ვინმე არ არის დამოუკიდებელი, ეს პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილია. მას საკუთარი თავის უფლების უფლება პრაქტიკულად არ გააჩნია.
მე წლების განმავლობაში არაერთხელ მითქვამს, მართალია, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ მაინც, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ მოძრაობა “თავისუფლება ბიძინა ივანიშვილს”.
ის შებოჭილია და არც ის იქნება ჩემთვის მოულოდნელი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლის გადადგომასაც ასე დიდხანს და დიდი მონდომებით ითხოვს ჩვენი საზოგადოება, ვერც ბატონი ბიძინა მოხსნის, რადგან მას ამის უფლება არ აქვს.
– მაშინ ვის აქვს ამის უფლება, საიდან უნდა მოვიდეს ეს ბრძანება?
– საიდანაც მობრძანდა ბატონი ბიძინა, სწორედ იქიდან არის გახარიაც და კიდევ ზოგიერთი მაღალჩინოსანი.
როდესაც ბატონმა ბიძინამ მოისურვა ჩემი გაცნობა და ეს იყო 2011 წლის ოქტომბერი, ჩვენ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ვისაუბრეთ და მან მითხრა, რომ წამოიყვანა 3-4 ისეთი ბიჭი, რომლებიც ძალიან მაგრები იყვნენ, განათლება საზღვარგარეთ ჰქონდათ მიღებული და ასე შემდეგ. ანუ ის მოვიდა თავისი კადრებით.
მას შემდეგ, რაც ვაკვირდები ბატონ ბიძინას, მას მოვიხსენიებ, როგორც საქართველოს კადრებთუხუცესს, როცა ვხედავთ, რანაირ კადრებს პოულობს თვითონ, აგერ მისი მეუღლის მეგობარი გოგონა ახლა უკვე აჯაფსანდალის სამინისტროს მინისტრია.
– ჯანდაცვის სამინისტროს გულისხმობთ?
– დიახ, ჯანდაცვის და კიდევ დანარჩენის. კარგად ვხედავთ, რომ ადეკვატური კადრების დანიშვნა ძალიან იშვიათად ხდება.
– გახარიაზე საუბრით დავიწყეთ და რომ გავაგრძელოთ, აქტიურად მოითხოვენ მის გადადგომას და ფიქრობთ, რომ არ წავა? თუ ეს მის სურვილზე არ არის დამოკიდებული?
– მე არ გამოვრიცხავ, რომ გახარიას უფრო მეტად უნდა წასვლა, რომ ყველამ დაანებოს თავი, ვიდრე მათ, ვინც მის გადადგომას ითხოვს.
– როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები შემოდგომიდან? ვადამდელ არჩევნებზეც მიდიოდა საუბარი, ეს თავად ივანიშვილს აწყობსო. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
– რასაკვირველია, რიგგარეშე არჩევნები, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სრულიად დაბნეული მეოცნებეთა პარტიისთვის. ფასადი ამ პარტიისა არის “ქართული ოცნება”, რეალობა კი სულ სხვა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ დანარჩენი 250 რეგისტრირებული პარტია რაიმე სიკეთის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის.
დიდი ინტერესი ველოდები სექტემბერს.
– პოლიტიკურ სცენაზე შემოდის მამუკა ხაზარაძე. რამდენად მყარი და დამოუკიდებელი იქნება ეს პოლიტიკური მოძრაობა?
– ველი ამ მოძრაობის გამოჩენას. რა ერქმევა, ჯერ ეს უნდა ვიცოდეთ. იმედია, რომ ბიზნესთან ახლო კავშირში არ იქნება და არ გავიგებთ ამ თემაზე მუდმივ მოწოდებებს.
როდესაც საუბარია, რომ აფუძნებს მოძრაობას და არა პარტიას, ეს უკვე საინტერესოა. პირადად ვიცნობ ბატონ მამუკა ხაზარაძეს უკვე დიდი ხნის განმავლობაში და მისი გზა საკუთარ ბიზნესში არის აღიარებული ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.
მისი კოლეგები ევროპაში შეერთებულ შტატებში მას ძალიან კარგად ახასიათებენ. ძალიან საინტერესოა მისი ურთიერთობების კლასი. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იგი არასოდეს არ აპირებდა პოლიტიკაში წასვლას.
– მაშინ რა შეიცვალა?
– ახლა სხვა გზა არ არის, არა მისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის. ვხედავდით, თუ როგორ ესხმოდნენ მას თავს რუსული ოცნება და კრემლიც. იმის გამო, რომ კრემლი მიხვდა, რომ გაუჭირდება ანაკლიის შეხრამუნება.
– რამდენად სერიოზული პრობლემები შეექმნება მამუკა ხაზარაძეს და მის ახალ მოძრაობას?
– რასაკვირველია, პრობლემა ბევრი იქნება. უპირველესი ამოცანა ამ რუსული ოცნების სწორედ მამუკა ხაზარაძეზე თავდასხმა იქნება. ასევე მის გარშემო მყოფ პირებზე. უკვე ბერს გაუჩნდა სურვილი ბატონ მამუკას გვერდში დგომის, მის მოძრაობაში გაერთიანების და ეს ძალიან იმედისმომცემია. ასევე ბევრ კარგ და გონიერ ახალგაზრდას ვნახავთ მის გვერდით.
– ვისზე საუბრობთ, ვინ იქნება მის გუნდში?
– დაველოდოთ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. მე არ მინდა გული დავწყვიტო იმ სუბიექტებს, რომლებიც ჩემს ჩამონათვალში ვერ მოხვდებიან. თვითონ პროცესი კი არის როგორც მალამო დღევანდელი რეალობისთვის.
ეს არ იქნება მარტივი არც თავად ხაზარაძისთვის, მაგრამ ისეთი ალიყური გამოუგზავნეს ლონდონიდან ჩვენს ეროვნულ ბანკს, რომ ეს უკვე იმედისმომცემია.
ასე რომ, ბიძინიადა ყველაფერზე ვერ მოიქნევს თავის კუდს, თუმცა მაქვს მოლოდინი, რომ ხაზარაძეზე დაიწყება თავდასხმები უნამუსო ვაჟკაცებისგან, რომლებიც დაქირავებულნი არიან რუსული ოცნების მიერ.
– ანუ დიდი ბრძოლა ელის ხაზარაძეს?
– ძალიან დიდი. მთელი ჩვენი საზოგადოებამ უნდა ეცადოს, რომ აღდგეს ისეთი პერიოდი, რაც ადრე გვქონდა.
სამწუხაროდ, ჩვენ დავივიწყეთ პატრიოტიზმი, კეთილგანწყობილებები, უფროს-უმცროსის ურთიერთობები და ბევრი სხვა რამ. ერთადერთი მიზანია დარჩენილი ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის და ეს არის ფული, ფული და რაც შეიძლება ბევრი ფული! სხვა ყველაფერი გადავყარეთ, მეტი არაფერი ანტერესებთ. მათ ღმერთად იქცა მხოლოდ ფული!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა