”სვეტის” დამფუძნებელ გივი ჯიბლაძეს 8 წელი მიესაჯა, თორნიკე ჯანელიძეს – 6,5

”სვეტის” დამფუძნებელ გივი ჯიბლაძეს 8 წელი მიესაჯა, თორნიკე ჯანელიძეს - 6,5სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებლის გივი ჯიბლაძისა და გენერალური დირექტორის თორნიკე ჯანელიძის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, ჯიბლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ჯანელიძეს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

„საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გივი ჯიბლაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით. თორნიკე ჯანელიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით“, – აცხადებენ სასამართლოში.

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანელიძე გასული წლის 3 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წაუყენეს, რაც თაღლითობას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლებას გულისხმობს. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მიერ 2016 წლის დასაწყისში დაანონსდა მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტების დაწყება ისე, რომ კომპანიას მშენებლობის შესაბამისი ნებართვები არ ჰქონდა მიღებული. დიდი ოდენობით თანხის მოსაზიდად, ჩატარდა აქტიური სარეკლამო კამპანიაც, მათ შორის სოციალური ქსელების გამოყენებით, რითაც მოხდა ბინის შეძენით დაინტერესებული როგორც ადგილობრივი ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მოზიდვა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები გ.ჯ. და თ.ჯ. მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3.356.385 ლარის ოდენობით.