თამაზ ურთმელიძე – “ეს არის ჩემი მორალური გამარჯვება”

თამაზ ურთმელიძე - "ეს არის ჩემი მორალური გამარჯვება"თამაზ ურთმელიძე, რომელმაც „რუსთავი2“-ის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილა და ტელეკომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას თამაზ ურთმელიძე ამბობს, რომ ეს არის მისი მორალური გამარჯვება. ურთმელიძის თქმით, დამტკიცდა, რომ ამ საქმეზე საქართველოს შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო მიუკერძოებელი, სწორი და დასაბუთებული.

„სტრასბურგის სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა გამართულად მუშაობს და ის არ უნდა იყოს ყოველწუთიერი დარტყმების ქვეშ. ცხადია, მფლობელის შეცვლით კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა და მათი გამოხატვის თავისუფლება. ეს გადაწყვეტილება საინტერესოა გამოხტავის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების ჭრილშიც. როგორც ჩანს, თავის დროზე იმდენად უხეშად იყო წართმეული ეს ქონება მესაკუთრისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლოც ცალსახად დადგა საკუთრების უფლების მხარეს. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თურმე ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ქონება, რომელიც წაგვართვეს. ეს გადაწყვეტილება მაგალითი უნდა იყოს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, რომელიც კანონიერი მესაკუთრისთვის ქონების წართმევას მოინდომებს.

თქვენ იცით, რომ ამ საქმის განხილვის დროს ათასი სიბინძურე გავრცელდა ჩემს მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ… ჩემი გამონათქვამები ინტერპრეტირებული იქნა ათასნაირად – „დედა ოჯახის წევრი არ არის“ და ა.შ. ამრიგად, სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება, ეს არის ჩემი მორალური გამარჯვებაც. თვითონ განხილვის პროცესში საშინელი წნეხის ქვეშ ვიყავი. თუ ვინმე რაიმე სახის ზეწოლას ცდილობდა მოსამართლეზე, ეს იყო სწორედ მოპასუხე მხარე და მე ამაყი ვარ, რომ ჩემს თავთან მართალი ვარ“, – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას თამაზ ურთმელიძე.

რაც შეეხება, სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, სადაც ევროსასამართლომ „რუსთავი2“-ს გასაჩივრების უფლება დაუტოვა და რომელიც სწორედ თამაზ ურთმელიძის მიკერძოებლობის საკითხს ეხება, ამ კითხვაზე ურთმელიძე პასუხობს:

„როგორც ცნობილია, ევროსასამართლოში ამ საქმეს შვიდი მოსამართლე იხილავდა, კონკრეტულად ამ საკითხზე, მხოლოდ ერთმა მოსამართლემ დააფიქსირა განსხვავებული აზრი, დანარჩენმა თქვა, რომ არანაირ მიკერძოებულობას ადგილი არ ჰქონია. სწორედ იმ ერთი მოსამართლის აზრის საფუძველზე გახდა შესაძლებელი ამ ნაწილში გასაჩივრება. გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ვერანაირ პოლიტიკურ ზეწოლას მე პირადად ვერ ვგრძნობდი, თუ არ ჩავთვლით იმ წარმოუდგენელ წნეხს, რომელიც მოდიოდა თავად „რუსთავი2“-გან. მე ჩემს გადაწყვეტილებაში ვიყავი აბსოლუტურად თავისუფალი. მე, როგორც მოქლაქეს შესაძლოა მქონდეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება, თუმცა არცერთ გადაწყვეტილებაზე ეს არ ასახულა“, – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას თამაზ ურთმელიძემ.

პრაიმ ტაიმი