თორნიკე შარაშენიძე – “რუსთავი 2 მთლიანად სხვა არხზე გადავა”

თორნიკე შარაშენიძე - "რუსთავი 2 მთლიანად სხვა არხზე გადავა"“ახალი თაობის” კითხვებს სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.
– ბატონო თორნიკე, საზოგადოების ნაწილს მოსწონს ეს გადაწყვეტილება, ნაწილი უკმაყოფილოა. როგორია თქვენი შეფასებები?
– რაც არის, ეგ არის. გადაწყვეტილება მიღებულია. როგორც მე ვუყურებ, გასაჩივრებას აპირებენ, მაგრამ უკვე ცხადია, რომ ამით დიდი არაფერი შეიცვლება. ეს უნდა მიიღოს რუსთავი 2-ს ხელმძღვანელობამ, ეს უნდა მიიღოს ოპოზიციამაც. რაღაც შეთქმულების თეორიების აგება, რომ რუსებმა მოისყიდეს სტრასბური, ეს სისულელეა და ძალიან სამარცხვინოა. ბუნებრივია, ამაზე საუბარი უნდა დასრულდეს.
– სააკაშვილი მობილიზაციისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ეს ბოლო ზღვარია და ყველაფერს კარგავენ და ასე შემდეგ.
– კი, ეს გასაგებია, მაგრამ რას უნდა დაუპირისპირდეს საზოგადოება, სტრასბურის გადაწყვეტილებას?! და რა გამოდის, რომ ევროპას ვუპირისპირდებით?! რას გავს ეხლა ეს, ეს ხომ აბსურდია.
უნდა გამოძებნონ რაღაც სხვა გზა. არ გამოვა ახლა, შენ აცხადებდე თავს დასავლეთის დიდ მოკავშირედ და დემოკრატიის შუქურად და აქვე მოუწოდო შენს მოსახლეობას, არ დაემორჩილოს სტრასბურის სასამართლოს. ეს არ გამოდის, არ არის სწორი.
– თქვენთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, რამდენად მისაღები იყო ეს გადაწყვეტილება?
– მე იურიდიულ დეტალებში ნამდვილად ვერ შევალ. ჩემთვის, მაგალითად, არის მომენტები, როცა რუსთავი 2 ნამდვილად არ მომწონს და ხშირად არის ხოლმე ეს მომენტები, მაგრამ ქვეყანაში, ბუნებრივია, უნდა არსებობდეს ოპოზიციური ტელეარხი.
– ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა ეს?
– ხელისუფლებისთვის ამით უკეთესი სიტუაცია არ იქნება, მისთვის სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება, არსებობს სხვა ოპოზიციური არხებიც და გადართავს ხალხი და იმ არხზე მოისმენს იმას, რისი მოსმენაც უნდა.
ნაცმოძრაობის ხელისუფლებამაც მთლიანად ჩაიგდო ერთ დროს მთელი მასმედია, მაგრამ 2012 წელს მაინც გამოჩნდა ალტერნატიული არხი მაესტროს სახით და ყველა უყურებდა მაესტროს. ამიტომ ხელისუფლებისთვის ბევრი არაფერი იცვლება.
ხელისუფლებია მთავარის პრობლემა რუსთავი 2 და ნიკა გვარამია არ არის. ნიკა გვარამია ბევრ ადამიანს აღიზიანებდა კიდეც მისი გამოსვლებით. ხელისუფლების პრობლემა არის მისი არაეფექტური მუშაობა და არა – რომელიმე ტელეარხი.
– გვარამია აცხადებს, კანონიერი გზებით აქედან ვერავინ გამიშვებსო. რამდენად არიან წამსვლელი ესკალაციაზე?
– მე არ ვიცი, გვარამიას რისი იმედი აქვს. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა და მორჩა. მე არ ვიცი, რის იმედად აპირებს ბრძოლას.
– რადგან ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა საუბარი, საზოგადოებაში ნდობაც უფრო მაღალია. აყვება გვარამიას და სააკაშვილს საზოგადოება?
– აი, სწორედ ამაშია საქმე! საზოგადოება, რომელიც იდეაში რუსთავი 2-ს იცავს, არის პროდასავლური და როგორ უნდა დაუპირისპირდეს სტრასბურის გადაწყვეტილებას, ეს ცოტა რთული წარმოსადგენია.
– ანუ რა იქნება?
– იქნება ის, რომ, როგორც მე ვიცი, გვარამიას აქვს გეგმა ბე.
– და რა არის ეს გეგმა ბე?
– ის, რომ სხვა არხზე გადავა რუსთავი 2-ის მთელი შემადგენლობით და ასე გააგრძელებს მაუწყებლობას.
– და რომელია ეს არხი?
– თუ არ ვცდები, ტელეკომპანია მესამე. დიდი ხანია მიდის ამისთვის სამზადისი. დარწმუნებული ვარ, მათ მშვენივრად იცოდნენ, რაც იქნებოდა. რომც არ სცოდნოდათ, მაინც მოემზადებოდნენ ამისთვის. შესაბამისად, ეს მესამე არხიც ამისთვის შეიქმნა.
ამიტომ ისევ და ისევ ბევრი არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, გადაინაცვლებენ სხვა მაუწყებლობაზე და სხვა არხზე და სულ ეს იქნება.
თავის სათქმელს იქიდანაც იტყვიან.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა