თორნიკე შარაშენიძე – “ვის უნდა გადაეტრიალებინა, ოქრუაშვილს, მელიას და უგულავას?!”

თორნიკე შარაშენიძე - "ვის უნდა გადაეტრიალებინა, ოქრუაშვილს, მელიას და უგულავას?!"“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.
– ბატონო თორნიკე, გამოდის ხმები, რომ “ოცნების” ერთ ჯგუფს უნდა, რომ წავიდეს გახარია და მას ებრძვიან კიდეც.
– დარწმუნებული ვარ, რომ ასეა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს არ უყვარს გახარია, ბევრი ალბათ მეტოქედ მიიჩნევს შიგნით. ივანიშვილი ალბათ ფიქრობს, რომ გახარია თუ წავა, რა ეშველება. მას ხომ რეალურად კადრი არ დარჩა საერთოდ. გახარია თუ წავა, ვინ უნდა დანიშნოს, ალბათ არ იცის უბრალოდ.
– გახარიაზე დგას ივანიშვილის ძალაუფლება?
– ვინ დარჩა? ღარიბაშვილი რომ დააბრუნა, ამით ხომ ნათქვამია, რომ საერთოდ ამოეწურა რესურსი. როდესაც სიტუაცია ჯერ კიდევ არ განმუხტულა, ივანიშვილს გახარიას გაშვების, როგორც ჩანს, ეშინია. ეშინია, კიდევ რაღაც არ მოხდეს და მერე ვინ უშველის, გახარია რომ არ ეყოლება?!
– ამით არ აუარესებენ სიტუაციას?
– იმედი აქვთ, რომ გადააგორებენ სიტუაციას. ზაფხულია, კურორტებზე წავა ხალხი და განიმუხტება სიტუაცია. ალბათ ასე უყურებენ ამ ყველაფერს.
– თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
– შეიძლება ახლა ჩაცხრეს ეს სიტუაცია, მაგრამ არის საშიშროება, რომ კიდევ აირიოს სიტუაცია და უარესიც მოხდეს, რადგან ვერ მუშაობს მთავრობა, არის სრული ქაოსი და უბედურება.
– საკმაოდ ფრთხილად უდგებიან ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების საკითხსაც. შეეძლოთ მელიას დაჭერა, მაგრამ იფრთხილეს ამ საკითხში. მუხტის გაღვივების შეეშინდათ?
– ბუნებრივია. იფრთხილეს იმიტომ, რომ ასე მარტივი არ არის პარლამენტის წევრის დაჭერა. ალაბთ იგივე იქნება დანარჩენებთამ მიმართებაშიც. შეეცდებიან დააშინონ, ციხეში ალბათ არ ჩასვამენ.
– გახარია აცხადებს, სანამ ბოლომდე არ გამოვიძიებ, არსად არ წავალო, გამოიძიებს?
– მიჭირს თქმა. არ ვუყურებ მაინცდამაინც ოპტიმისტურად, რომ ბოლომდე იქნება გამოძიებული. შიგნით რა მოხდა, ამას ჩვენ როდის გავიგებთ, მე მგონი, დიდი დრო გავა.
– მიეკერება ამ საქმეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის იარლიყი?
– სახელმწიფო გადატრიალება ცოტა უხერხულია. ასე ხელცარიელი, მშვიდობიანი მომიტინგე, გამწარებული ცდილობს, გაარღვიოს პოლიციის ჯებირი. რომც გაერღვიათ, რას იზამდნენ მერე?!
მერე კიდევ ერთი კორიდორი უნდა გაერღვიათ, ავტობუსებით იყო ჩახერგილი მთელი ეზო. დავუშვათ, ესეც გაერღვიათ და შევარდნილიყვნენ ცარიელ პარლამენტში. რა უნდა ექნათ ცარიელ პარლამენტში, საინტერესოა ერთი?! შევარდნაძე იყო იქ, რომ გაქცეულიყო, თუ რა?
ასე რომ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ცოტა გადაჭარბებულია. ვის უნდა გადაეტრიალებინა? ოქრუაშვილს, მელიას და უგულავას?!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა