ცოტნე გამსახურდია – ”აბაზანის კედელზე მრავალფეხა დავინახე, აქ ახლა ამის მოკვლა ხომ ვაჟას ღალატი იქნებოდა?”

ცოტნე გამსახურდია - ”აბაზანის კედელზე მრავალფეხა დავინახე, აქ ახლა ამის მოკვლა ხომ ვაჟას ღალატი იქნებოდა?”ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

ავედი ამ შუაღამით მთაწმინდაზე, ჩემი ვაჟას დაბადების დღეზე, როგორც გითხარით…

კოლხური კოშკიდან დაახლოებით 2,5 კილომეტრია იქამდე. გავუყევი ეროვნულ საგანძურთან მიმავალ გზას. ატალახებული და დანგრეული იყო, როდესაც ქოცი დეპუტატის, ილია წულაიას “არქი ჯგუფის” ახლადაშენებულ უნიჭობის კვარტალთან ავიარე. ჰა და ჰა, ცოტაღა უკლიათ, რომ ზედ პანთეონში დაიწყონ კორპუსების მშენებლობა. ისეთი გრძნობა მაქვს, როგორც ბაზრობის პერიფერიაზე რომ დანგრეულ გზაზე მიდიხარ, მის უკიდურეს განაპირამდე. და ამ ბაზრობის მიღმა, სადღაც, ობლად, ოხრად, მარტო დარჩენილა პანთეონი. არა უშავს, ალბათ ამასაც მალე “გამოასწორებს” გმირი და კულტურული ქართველი ერი…

ავედი მცხუნვარე და ხვითქგადავლილი. იქვე, პანთეონთან, საიდანღაც კოხტა ფისო გამომეგება. მომიახლოვდა, რაღაც წაიკნავლა რამდენიმეჯერ და ისევ ბნელში გაუჩინარდა. ბევრჯერ მითქვამს, ჩემში ამათი სულის ნაწილია; არ არსებობს, ახლომახლო კატა იყოს სადმე და ჩემთან არ მოვიდეს, არ გამომეცნაუროს… ეს ციცაც ალბათ ვაჟასთან იყო დაბადების დღის მისალოცად.

მივედი ჭიშკართან, დაკეტილია. შევყავი ხელი ჩუქურთმებში, ვერ გავაღე. დაკეტილია. ტყუილად ამოვედი? ეგრევე მიღება გამიჭირდა, ერთი-ორჯერ კიდევ ვცადე, მაგრამ რაღა გზა მქონდა. გამოვედი პარაპეტთან და გადავხედე მძინარე ქალაქს…
არა უშავს, ფისო გადასცემს ვაჟას, რომ ვიყავი.

სადღაც განათდა, გრუხუნის ხმაც მოვიდა მალე. ჯანდაბას, არ დავდნები, და ნელა, აუჩქარებლად დავიწყე ჩამოსვლა ბნელ ქვაფენილზე. წვიმაც უმატებს ნელნელა, ჭონქაძეზე რომ ჩამოვედი, უკვე კარგად, სერიოზულად მოდიოდა თქეში.

ალბათ გავაჩერებ მანქანას. განა არ გამოჩნდება? ჩაიარა, არ გააჩერა. მერე მეორემ. მესამემ. არ ვიცი, უზით ვინმე თუ ისე კატაობენ ეს შობელძაღლები? ალბათ ათამდე ტაქსიმ ჩამიარა და არ გააჩერა. და მხოლოდ მერე მივხვდი: სამყარო ხომ განსაკუთრებით მუხთალია მაშინ, როდესაც გგონია, რომ რაღაც კეთილშობილურ, ქველ საქმეს ან მისიას ემსახურები… ამიტომაც ლაჩრები და ბურჟუები მთელი ქვეყნისა საკუთარ თბილ უკანალზე ზრუნვას ამჯობინებენ.

აირია ერთმანეთში წვიმა და ოფლი. ჯიბეში ცხვირსახოციც კი დასველდა. მერე რა მოხდა, იმასაც ხომ აწვიმს საფლავში? ეგ კიდევ რა არის: იმათაც აწვიმთ, ვინც მინდორში გდია ახლა და ჯერ მიწის საბანიც არ აფარია… მე კი ცოტა ხანში ჩემს სასახლეში მივალ. თუმც ვინ იცის, რომელ სასახლეში სჯობს მისვლა ამაღამ??? არც არავინ.

რა ვქნა, დავწერო? რატომ? ფაქტობრივად, არც არაფერი მოხდა. ვერც ვაჟა ვნახე, ვერც მამაჩემს დაველაპარაკე, ვერც ის გავიხსენეთ, ვაჟაზე რომ ვლაპარაკობდით ოდესღაც. რა დავწერო? საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ? ფეხებზე არ მკიდია, რას იფიქრებთ? ან თქვენ – მე რას ვფიქრობდი? ამას რომ ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონოდა, ახალგაზრდობიდანვე მწერალი გავხდებოდი.

და აი, სახლში მოვსულვარ… მოვედი და წვიმაც შეწყდა. სამყაროს მუხთლობის ტიპიური სცენა გათამაშდა, ჟანრის ყველა კანონის დაცვით. შევედი სახლში, რა აზრი აქვს ჩემს შთაბეჭდილებებზე წერას, რამე აუცილებელი ან საჭირბოროტო იყოს მაინც სათქმელი? შევედი აბაზანაში და კედელზე მრავალფეხა დავინახე. აქ, ახლა, ამის მოკვლა, ხომ ვაჟას ღალატი იქნებოდა?

ხუმრობით რამდენიმე წვეთი წყალი შევასხი ხელით და დავჯექი საწერად….”