ზაალ კასრელიშვილი – “ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება უკვე აუცილებელია”

ზაალ კასრელიშვილი - "ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება უკვე აუცილებელია"საქართველოში დიდი ხანია, ითხოვენ ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღებას. ყოველი ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ პოლიტიკაში ბევრი აგენტია, მაგრამ ამის მიუხედავად მათი ლუსტრირებისთვის არაფერი კეთდება.
მალე ეს საკითხი საქართველოში კიდევ ერთხელ გახდება აქტუალური. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელინსკიმ რადაში ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტი შეიტანა.
ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღებას უკვე 27 წელია, რაც ითხოვს. მისი თქმით, უცხო ქვეყნების აგენტების გამოვლენის გარეშე საქართველოს მომავალი არა აქვს.
ვინ შეიძლება ბლოკავდეს ამ კანონის მიღებას და რა სიკეთეს მოუტანს ეს კანონი საქართველოს? – ამის შესახებ ზაალ კასრელიშვილი “ახალ თაობას” ესაუბრება.
– პოსტსაბჭოთა სივრცეში უკვე რამდენიმე ქვეყანამ მიიღო კანონი ლუსტრაციის შესახებ, 12 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმაც მიმართა რადას, რომ მოხდეს ლუსტრაციის კანონპროექტის განხილვა. მოაღწევს ჩვენამდე ლუსტრაცია და ოდესმე მოვიშორებთ აგენტებს პოლიტიკიდან?
– ჩემს თანამოაზრეებთან ერთად 1992 წლიდან მოყოლებული დღემდე ვითხოვ, რომ მიღებულ იქნას კანონი ლუსტრაციის შესახებ. ამ კანონთან ერთად აუცილებლად უნდა იქნას მიღებული კანონი სახელმწიფოს ღალატის და კანონი ცილისწამების შესახებ.
შევარდნაძის დროს არსებობდა კანონი ცილისწამების შესახებ, მაგრამ ის საბჭოთა ვარიანტი იყო და საჭიროებდა შეცვლას. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს კანონი სულ გაუქმდა. სანაცვლოდ ლუსტრაციის შესახებ კანონი უნდა მიეღო, მაგრამ არ მიიღო.
პოსტსაბჭოურ სივრცეში, ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ეს კანონი მიღებულ იქნა. თუნდაც მარტო იმიტომ, რომ მერე შიდაარეულობების პროვოცირება ვეღარ შეძლონ უცხო ქვეყნების ყოფილმა და მოქმედმა აგენტებმა.
საქართველოში ეს კანონი არ არის და უცხო ქვეყნის აგენტებსაც თავისუფლად შეუძლიათ მოქმედება.
– დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე რამდენიმე ხელისუფლება გამოვიცვალეთ, მაგრამ კანონი ლუსტრაციის შესახებ არცერთმა არ მიიღო. ამის მიზეზი რა არის?
– ყველა ხელისუფლება საუბრობდა, რომ ამ კანონის მიღება აუცილებელია. რატომ ვერ მოაბეს თავი, ამას ვერ გეტყვით.
ჩვენ არც ამ ხელისუფლებაში ვართ და არც წინა ხელისუფლებებთან გვითანამშრომლია. შესაბამისად, არ ვიცით, თუ რა ხდება სამზარეულოში.
– ამის გასაგებად აუცილებელია სამზარეულოში ყოფნა?
– იმისთვის, რომ გაიგო რა იხარშება ხელისუფლების სამზარეულოში, ერთხელ მაინც უნდა შეიხედო იქ. ჩვენ არ ვიხედებით და ამიტომაც ზუსტი მიზეზის თქმა არ შეგვიძლია.
– თქვენც და სხვა რესპოდენტებსაც არაერთხელ გითქვამთ, რომ პოლიტიკური ველზე ბევრი უცხო ქვეყნის აგენტია. დავიჯერო, ასე მრავლად არიან, რომ ამ კანონის მიღებას ბლოკავენ?
– იმისთვის, რომ ლუსტრაციის შესახებ კანონი დაიბლოკოს, სულაც არ არის აუცილებელი, რომ აგენტები ხელისუფლებაში მრავლად იყვნენ. ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, თუ რა საკვანძო თანამდებობები უკავიათ მათ.
– და რადგან ამ კანონის მიღება 27 წელია იბლოკება, გამოდის კაი მაღალ თანამდებობებზე გვყოლიან აგენტები.
– ასე გამოდის. შევარდნაძის მმართველობის დროს, მთელმა საქართველომ ვიცოდით, თუ ვინ იყო აგენტი. ამას არც თავად მალავდნენ, ან როგორ დამალავდნენ – ისინი პირდაპირ კრემლის დავალებით ინიშნებოდნენ მინისტრებად.
ასევე კარგად გვყავდა შესწავლილი შევარდნაძის პარლამენტი. იქაც იოლად შეიძლებოდა უცხო ქვეყნის აგენტების ამოცნობა.
ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ეს თემა ისე დაიხურა, ვინ ვისი აგენტი იყო და ვის დავალებებს ასრულებდა, ვერ გაიგებდი.
დღევანდელი ხელისუფლების პერიოდშიც არ არის აგენტების ამოცნობა იოლი, მაგრამ ის აშკარაა, რომ აგენტები არიან.
– რის საფუძველზე ამბობთ ამას?
– 2012 წლიდან დღემდე რამდენიმე საეჭვო ამბავი და ინციდენტი მოხდა საქართველოში, რომლებშიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების და გარე ძალების ხელი ურევია.
– რა ამბებზე და ინციდენტებზე საუბრობთ?
– ბევრი რამის გახსენება შეიძლება, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნუ დამაკონკრეტებინებთ. მინიშნებას გეტყვით – რამდენჯერმე იყო მცდელობა რომ აქ სამოქალაქო დაპირისპირება მომხდარიყო.
საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს აწყობს, ამაში ალბათ არავის ეპარება ეჭვი.
აგენტების მუშაობას დავუმატებდი ასევე ე.წ. ფეიკებს და მედიასივრცეში ჯგუფების არსებობას, რომლებიც მიზანმიმართულად თუ შეუგნებლად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს. ამის გამო საზოგადოებას თავგზა ებნევა და მერე ერთმანეთისგან შავის და თეთრის გარჩევა უჭირს.
ისეთი დრო მოვიდა, რომ ერთი ქვეყანა მეორეს ტანკებით და ვერტმფრენებით აღარ იპყრობს – ამას მთელი მსოფლიო წინ აღუდგება. ასე რომ, არც საქართველოში შემოვარდებიან ტანკებით, მაგრამ აამუშავებენ თავიანთ აგენტურას და სპეცოპერაციებს ჩაატარებენ.
ამის გასანეიტრალებელი უებარი საშუალებაა კანონი ლუსტრაციის შესახებ, კანონი სამშობლოს ღალატის შესახებ და კანონი ცილისწამების შესახებ.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოში მოღალატის კლასიფიკაციაც კი არ გვაქვს. შესაბამისად, მოღალატის სტატუსით ვერც ვერავის გავასამართლებთ.
– კარგი იქნებოდა, რომ მოღალატის კლასიფიკაცია შეიძლებოდეს სამართლებრივად, მაგრამ ამის გარეშეც შეიძლება ლუსტრაციის კანონის მიღება. აგენტებს არავინ დაიჭერდა, მაგრამ პოლიტიკას მოაშორებდნენ.
– ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ამ ადამიანების სიები საჯარო გახდეს. ამას ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით. ამას ქვეყანაში შეიძლება უმართავი პროცესები მოჰყვეს. ჩვენ არც ვინმეს დაპატიმრებას ვითხოვთ.
ჩვენი აზრით, კანონი ლუსტრაციის შესახებ გაითვალისწინებს შემდეგ მნიშვნელოვან მოვლენას – ადამიანები, რომლებიც თანამშრომლობენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან, ან შემჩნეული არიან გარკვეულ კავშირებში, ხელისუფლებაში არასდროს არ უნდა მოხვდნენ.
ამ კანონის თანახმად, მოხდება მათი ოჯახის წევრების საქმიანობის გაკონტროლებაც.
– ოჯახის წევრების საქმიანობა რატომ უნდა გაკონტროლდეს?
– რუსეთის სპეცსამსახურების და არა მარტო მათი მეთოდიკა ისეთია, რომ დროთა განმავლობაში უკვე აგენტების შვილებზე და შვილიშვილებზე მუშაობენ.
ეს კანონი, წესით, დიდი ხნის წინ უნდა მიგვეღო, მაგრამ არც ახლა არის დაგვიანებული. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ალბათ ხელისუფლებაც დაარწმუნა, რომ ამის გარეშე არ შეიძლება.
მოხარულები ვართ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ეს პროცესი დაიწყო. მჯერა, რომ საქართველოშიც გადმოვა ეს ტალღა.
– დარწმუნებული ხართ, რომ რადა მიიღებს კანონს ლუსტრაციის შესახებ?
– დარწმუნებული ვარ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მართვა ძალიან საინტერესოდ დაიწყო. სამწუხაროდ, საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ გადაუდგამს ასეთი ნაბიჯები.
ზელენსკიმ პირველი რაც გააკეთა, იყო ის, რომ უკრაინულ მედიაში რუსულ პროპაგანდას დაარტყა. მეორე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ხელისუფლებიდან კორუმპირებული ჩინოვნიკების გაყრა.
მისი ეს ორი ნაბიჯი იმას ნიშნავს, რომ ის უცხოელი ინვესტორების დაინტერესებას ცდილობს.
მესამე ნაბიჯს ახლა დგამს ლუსტრაციით, რათა ის შედეგი გაამყაროს, რასაც ის ორი ნაბიჯი მოიტანს.
თქვენს მკითხველს ექსკლუზივი მინდა ვუთხრა – დასავლეთში ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ზელენსკის ამ სამი ნაბიჯის გამო უკრაინისთვის დიდი რაოდენობის ტრანშია გამზადებული.
ქვეყნის წინსვლა და განვითარება თუ გვინდა, ჩვენც იგივე ნაბიჯები უნდა გადავდგათ.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა